ახალი ამბები

“ყოფით ნიადაგზე” – რა მოტივით სცემეს ლაშა თორდიას პროკურატურის ვერსიით

6 ნოემბერი, 2018 • 1702
“ყოფით ნიადაგზე” – რა მოტივით სცემეს ლაშა თორდიას პროკურატურის ვერსიით

პროკურორ ემზარ გაგნიძის განცხადებით, ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესა და მის თანმხლებ პირ მიხეილ ჩოხელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც ცემას გულისხმობს.

პროკურორის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 2017 წლის 13 მაისს “ელცენტროში” მომხდარი ინციდენტის შედეგად მაშინდელმა გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო.

პროკურორის ცნობით, ამჟამად მათ ხელთ არსებული მონაცემებით, ინციდენტი “ყოფით ნიადგაზე მოხდა”. ლაშა თორდია და მისი ადვოკატები კი აცხადებენ, რომ ამ უკანასკნელს ფარცხალაძემ სამსახურეობრივი საქმიანობის გამო სცემა. თორდიას განმარტებით, იმ პერიოდში აუდიტი მერიისა და ფარცხალაძესთან დაკავშირებული კომპანიის საეჭვო გარიგებას სწავლობდნენ, რასაც ფარცხალაძის გაღიზიანება მოჰყვა.

როგორც ცნობილია, ინციდენტი 2017 წლის 13 მაისს, ანუ 1 წლისა და 6 თვის უკან მოხდა, თუმცა თორდია დაზარალებულად ახლა ცნეს. ფარცხალაძესაც ბრალი ახლა წარუდგინეს. ჟურნალისტების კითხვას, რატომ მოხდა ბრალის წარდგენა ახლა და არა მანამდე? პროკურორი ამბობს, რომ საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე  საერთაშორისო გამომძიებლების ჯგუფი მოიწვიეს, რომელიც ცალკე გამოყოფილი გამოძიების პროცესში ასევე სწავლობს ლაშა თორდიას მიერ დასახელებულ მოტივსაც. პროკურორის თქმით, ისინი ელოდებოდნენ ექსპერტიზასაც.

გუშინ პროკურატურას არ გაუვრცელებია ინფორმაცია ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენის შესახებ. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ გუშინ არამხოლოდ ბრალი წარუდგინეს ფარცხალაძეს, არამედ უკვე სასამართლომაც იმსჯელა აღკვეთის ღონისძიებაზე და მას პროკურატურის შუამდგომლობის შესაბამისად 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ოთარ ფარცხალაძე ბრალს არ აღიარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი