ახალი ამბები

“ქსენოფობიური ხასიათის სიძულვილის ენა” – საია მიხეილ სააკაშვილს აკრიტიკებს

6 ნოემბერი, 2018 • 2156
“ქსენოფობიური ხასიათის სიძულვილის ენა” – საია მიხეილ სააკაშვილს აკრიტიკებს

კვლავ გრძელდება საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერების მიერ სიძულვილის ენის ტირაჟირება. აცხადებს არასამთავრობო ორგნაიზაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც საარჩევნო პროცესს აკვირდება.

საია მოუწოდებს საარჩევნო სუბიექტებსა და მათ მხარდამჭერებს – კანონმდებლობასთან შესაბამისობაში წარმართონ საარჩევნო კამპანია და საკუთარ გამოსვლებში აღკვეთონ სიძულვილის ენის შემცველი ან ძალადობრივი, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ,  რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირების შემცველი განცხადებები.

საია აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერია და აგიტაციაში უკანონოდ მონაწილეობს,  2018 წლის 4 ნოემბერს სოციალური მედიით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში სიძულვილის ენა გამოიყენა.

“ მიხეილ სააკაშვილი ბანგლადეშელი და ინდუსი ტურისტების მიმართ იყენებს სიტყვა ,,ჯღანს“, რასაც ქართულ ენაში უარყოფითი შინაარსი აქვს. აღსანიშნავია, რომ სიტყვა ჯღანის წარმოთქმის წინ სააკაშვილი იხდის ბოდიშს, რაც აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ იგი აღნიშნულ სიტყვას სრულიად გააზრებულად, ნეგატიური შინაარსით იყენებს. კონკრეტული ეროვნული, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის მოხსენიება ნეგატიური ლექსიკით წარმოადგენს ქსენოფობიური ხასიათის სიძულვილის ენას. ამგვარი განცხადება ხელს უწყობს დაუცველი ჯგუფის მიმართ საზოგადოებაში ნეგატიური სტერეოტიპების დამკვიდრებას და, საბოლოო ჯამში, ახდენს სიძულვილის კულტივირებას. ბანგლადეშელებისა და ინდუსების ,,ჯღანად“ მოხსენიებით მესამე პრეზიდენტის განცხადება გასცდა ტურიზმის პოლიტიკასთან დაკავშირებით ლეგიტიმური დისკუსიის ფარგლებს და აშკარად ქსენოფობიური ხასიათი შეიძინა. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერები იყენებენ სიძულვილის ენას და ძალადობის, ეროვნული შუღლისა და მტრობის,  რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირების მქონე განცხადებების ტირაჟირებას ახორციელებენ. საია აგრძელებს საარჩევნო პროცესზე დაკვირვებას და დაკვირვების შედეგებს საზოგადოებას გააცნობს”, – ვკითხულობთ საიას განცხადებაში.

გაძვალტყავებული ჯღანები რომ შემოდიან, ამით ვერ გავმდიდრდებით – სააკაშვილი ტურიზმზე

მასალების გადაბეჭდვის წესი