ახალი ამბები

თორდია ამბობს, რომ ფარცხალაძის საქმეზე დაზარალებულის სტატუსი არ აქვს

6 ნოემბერი, 2018 • 1543
თორდია ამბობს, რომ ფარცხალაძის საქმეზე დაზარალებულის სტატუსი არ აქვს

ყოფილმა მთავარმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ “ნეტგაზეთს” მისწერა, რომ მას არ აქვს დაზარალებულის სტატუსი მინიჭებული ყოფილ მთავარ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებულ საქმეში.

როგორც თორდიამ “ნეტგაზეთს” უთხრა, მას პროკურატურიდან 2017 წლის შემდეგ, — მას შემდეგ, რაც იგი დაკითხეს — არავინ შეხმიანებია და საგამოძიებო უწყებასთან კონტაქტი არ ჰქონია.

სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს არაოფიციალურ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოთარ ფარცხალაძეს ბრალი ყოფილი მთავარი აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის საქმეზე წარედგინა.

თორდიამ გვითხრა, რომ მან არ იცის, ზუსტად რა მუხლით და რა მოტივით წარუდგინეს ფარცხალაძეს ბრალი, თუმცა ვარაუდობს, რომ ეს მის საქმეს უკავშირდება.


5 ნოემბრის საღამოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფარცხალაძეს ბრალი წარუდგინეს.

პროკურატურა ამ საკითხთან დაკავშირებით ხვალ გააკეთებს კომენტარს. ჯერჯერობით დაუზუსტებელია ინფორმაცია, თუ რას ედავებიან ფარცხალაძეს.

ოთარ ფარცხალაძის გვარი რამდენიმე გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს, მათ შორის “ომეგა ჯგუფის” მიმართ ფულის გამოძალვისა და ზეწოლის საქმესა და ლაშა თორდიას ცემის ეპიზოდში. “ნეტგაზეთმა” 2 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც ფარცხალაძის გვარი “ომეგას” საქმეში გამოჩნდა, მოიკითხა, რა ეტაპზე იყო თორდიასთან ჩხუბის საქმის გამოძიება. შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით,  რაც ძალადობას ითვალისწინებს.

ლაშა თორდიამ, რომელიც გენერალური აუდიტორის პოსტს იკავებდა, 2017 წლის 13 მაისს განაცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძემ და მისი დაცვის წევრებმა კლუბ “ელ ცენტროში” სცემეს. თორდიას განმარტებით, ფარცხალაძის აგრესია გამოიწვია აუდიტის სამსახურის კვლევამ, რომელიც მერიასა და ფარცხალაძის კომპანიის ურთიერთობებს ეხებოდა. თავად ფარცხალაძემ ბრალდებები უარყო. შსს-მ გამოძიება იმავე დღეს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 22 მაისს კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოთარ ფაცხალაძესა და  ლაშა თორდიას შორის ფიზიკური დაპირისპირების ამსახველი ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერების არსებობის მიუხედავად, მომხდარიდან წელიწადნახევარის შემდეგაც გამოძიება დასრულებული არ არის.

შსს-მ თორდიასა და ფარცხალაძის დაპირისპირების ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა

მასალების გადაბეჭდვის წესი