ახალი ამბები

ქვეყანა, რომელიც იტანჯება – დაუსრულებელი ომი იემენში

6 ნოემბერი, 2018 • 8492
ქვეყანა, რომელიც იტანჯება – დაუსრულებელი ომი იემენში

1-ელ ნოემბერს იემენის ერთ-ერთ ლტოლვილთა ბანაკში დაიღუპა ომში ჩაფლული ქვეყნის სიდუხჭირის სიმბოლოდ ქცეული 7 წლის გოგონა, სახელად ამალი.

შიმშილისაგან გამხდარი და დასუსტებული ბავშვის ფოტომ New York Times- მკითხველი დაზაფრაისინი მის მდგომარეობას კითხულობდნენ და დასახმარებლად გზებს ეძებდნენ, თუმცა გოგონას მდგომარეობა სიცოცხლესთან შეუსაბამო აღმოჩნდა.

7 წლის ამალ ჰუსეინი. ის 1 ნოემბერს გარდაიცვალა. ფოტო: NY Times/Tyler Hicks 7 წლის ამალ ჰუსეინი. ის 1 ნოემბერს გარდაიცვალა. ფოტო: NY Times/Tyler Hicks

იემენი დღეს მსოფლიოს უდიდეს ჰუმანიტარულ კრიზისშიაადგილობრივი ვალუტის დაცემასთან და საკვების ფასის მატებასთან ერთად, მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. იზრდება ადამიანური მსხვერპლი როგორც შიმშილითა და ინფექციებით, ისე – საბრძოლო მოქმედებების შედეგად.

როგორ მივიდა იემენი უმწვავეს კრიზისამდე? ვინ აჯანყდა, ვინ რისთვის იბრძვის, რატომ ბომბავს ქვეყანას საუდის არაბეთი და რას აკეთებს მსოფლიო ომის შესაჩერებლად? “ნეტგაზეთიწარმოგიდგენთ ძირითად ცნობებს სისხლისმღვრელ კონფლიქტთან დაკავშირებით.

 [red_box]გზა ჩიხისაკენ – როგორ დაიწყო ომი?[/red_box]

კონფლიქტის საფუძვლები ყველაზე მკაფიოდ 2011 წლის არაბული გაზაფხულის შემდგომ პერიოდში იკვეთება. მაშინ, დემონსტრაციებისა და ოპოზიციის ზეწოლის შემდეგ, გადადგა პრეზიდენტი ალი აბდალა სალეჰი, რომელიც ათწლეულები მართავდა ქვეყანას. მისი ადგილი დაიკავა ვიცეპრეზიდენტმა აბდ რაბუჰ მანსურ ჰადიმ, რომელიც 2012 წელს აირჩიეს პრეზიდენტად.

იემენის პრეზიდენტი აბდ რაბუჰ მანსურ ჰადი ფოტო: EPA/YAHYA ARHAB იემენის პრეზიდენტი აბდ რაბუჰ მანსურ ჰადი ფოტო: EPA/YAHYA ARHAB

პრეზიდენტად არჩევისთანავე ჰადი არაერთ პრობლემას წააწყდა, მათ შორის, გააქტიურებული იყო ალ ქაიდა, სეპარატისტული მოძრაოებები, არმიაში დარჩენილი წინა პრეზიდენტისადმი ლოიალური ძალები, კორუფცია, უმუშევრობა და საკვების ნაკლებობა.

სწორედ ამ დროს აქტიურდებიან ჰუსიტები – შიიტი უმცირესობის, კერძოდ, ზაიდიტთა სექტის წარმომადგენლები, რომლებიც ქვეყნის მოსახლეობის მესამედს შეადგენენ. ისინი სალეჰის დროსაც არაერთგზის აჯანყებულან რიგი მოთხოვნებით, თუმცა, უშედეგოდ.

დესტაბილიზაციის ჟამს ჰუსიტებმა კვლავ გადაწყვიტეს ინიციატივის ხელში აღება და 2014 წელს ახალ მთავრობას, მათი პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის მოთხოვნით, იარაღით დაუპირისპირდნენ.

უშედეგო კონსულტაციების შემდეგ, 2015 წლის იანვარში, ამბოხებულებმა დატოვეს მათი კონტროლის ზონა ქვეყნის ჩრდილოეთში, შეიჭრნენ დედაქალაქ სანააში, შეუტიეს რიგ სტრატეგიულ ობიექტებს, აიღეს პრეზიდენტის სასახლე და მთელ ქალაქზე დაამყარეს კონტროლი. მათ აიძულეს ჰადი, ჯერ დედაქალაქი, შემდეგ კი ქვეყანა დაეტოვებინა.

[red_box]სრულმასშტაბიანი ომი – ვინ ვის ებრძვის?[/red_box]

სანაას დაკარგვის შემდეგ დამხობილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და საჯარისო ნაწილებმა წინააღმდეგობა განაგრძეს.

ასევე ნათელი გახდა,  რომ ქვეყანაში და, შესაბამისად, რეგიონში, შიიტების გაძლიერებას არ დაუშვებდა საუდის არაბეთიც – ერთ-ერთი ძლიერი მოთამაშე, სუნიტური ქვეყანა ახლო აღმოსავლეთში.

მალევე, 2015 წლის მარტში, საუდის არაბეთის გარშემო შეკრებილმა კოალიციამ, რომელშიც მასთან ერთად სხვა სუნიტური ქვეყნები, მათ შორის,  გაერთიანებული საამიროები, ქუვეითი, ბაჰრეინი და კატარი შედიოდნენ, ჰუსიტების დასუსტებისა და ჰადის ხელისუფლების აღდგენის საბაბით, იემენის ინტენსიური დაბომბვა დაიწყო.

ავიადარტყმებით განადგურებული შენობა სანააში. ფოტო: EPA/YAHYA ARHAB ავიადარტყმებით განადგურებული შენობა სანააში. ფოტო: EPA/YAHYA ARHAB

საუდის არაბეთი ჰუსიტების ობიექტებს ანადგურებს, ამბოხებულები კი, თავის მხრივ, პერიოდულად ბალისტიკურ რაკეტებს უშვებენ მისი ქალაქების მიმართულებით. 

საუდის არაბეთს  დახმარებას უწევენ აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, რის გამოც მათ არაერთხელ დაიმსახურეს კრიტიკა რიგი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან.

რაც შეეხებათ ჰუსიტებს: არაერთხელ გახმიანებულა მოსაზრება, რომ ამბოხებულები სამხედრო და ფინანსურ დახმარებას შიიტური ირანიდან იღებენ. აღნიშნულს უმთავრესად ამტკიცებენ საუდის არაბეთი და მოკავშირეები, რასაც თეირანი კატეგორიულად უარყოფს. თუმც, მიმდინარე წლის ივნისში გაეროს ექსპერტებმაც განაცხადეს, რომ ჰუსიტების მხრიდან საუდის არაბეთის მიმართულებით გაშვებული რაკეტები ირანული წარმოებისა იყო.

ამბოხებულებმა 2016 წლის ნოემბერში ახალი მთავრობაც ჩამოაყალიბეს. 2017 წლის დეკემბერში კი მოკლეს არაბული გაზაფხულის დროს გადაყენებული პრეზიდენტი სალეჰი, რომელიც მანამდე გაურიგდა მათ, თუმცა საბოლოოდ თავი იჩინა უთანხმოებამ.

სამოქალაქო ომში ჰადის ხელისუფლების, ჰუსიტებისა და მოკავშირე ირანის, ასევე საუდის არაბეთის კოალიციის გარდა, აქტიურობენ ტერორისტული დაჯგუფებები – “ალ ქაიდა” და “ისლამური სახელმწიფო”.

[red_box]ვინ აკონტროლებს იემენს?[/red_box]

ამ მხრივ სამწლიანი ომის განმავლობაში სურათი იცვლებოდა, თუმცა ძირითადი კონტურები კვლავ უცვლელია:

ჰადის ხელისუფლების დამხობის შემდეგ მისი მთავრობის წევრები და საჯარისო შენაერთები იემენის სამხრეთით მდებარე ქალაქ ადენში გადავიდნენ, დროებითი დედაქალაქი გამოაცხადეს და იქიდანვე დაიწყეს ბრძოლა ამბოხებულებთან. რამდენიმე თვეში მათ დიდწილად გააძევეს ჰუსიტები სამხრეთ ტერიტორიებიდან. თავად პრეზიდენტი კვლავ დევნილობაშია.

ჰუსიტები ამ დრომდე ინარჩუნებენ კონტროლს დედაქალაქ სანააზე, ასევე, სხვა ქალაქებსა და რაიონებზე, ძირითადად, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში. 

ჰუსიტების სამხედრო აღლუმი ქალაქ სანააში. ფოტო: EPA/YAHYA ARHAB ჰუსიტების სამხედრო აღლუმი ქალაქ სანააში. ფოტო: EPA/YAHYA ARHAB

ამ ორი ძალის გარდა, ქვეყნის შიგნით ომის დაწყებისთანავე გააქტიურდნენ ტერორისტული დაჯგუფებები – “ალქაიდა” და “ისლამური სახელმწიფო”. ისინი დიდწილად აქტიურობენ იემენის სამხრეთ ტერიტორიებზე და პერიოდულ თავდასხმებს ახორციელებენ.

[red_box]ადამიანური დანაკარგი[/red_box]

რთულია, დაზუსტებით ითქვას, რამდენი ადამიანი დაიღუპა იემენში სამოქალაქო ომიდან და საუდის კოალიციის დაბომბვების დაწყებიდან დღემდე. გაერომ 2016 წელს გამოაქვეყნა მონაცემი, რომლის მიხედვითაც, გარდაცვლილია 10 560 ადამიანი, აქედან, 6 600 მშვიდობიანი მოსახლე.

მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ ორი წელი გავიდა და ზოგიერთი წყაროს ცნობით დაღუპულთა რაოდენობა ათობით ათასია, მედიაში ეს რიცხვი ამ დრომდე დომინირებს. Washington Post ამის ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად ომის ზონაში მონაცემების შეგროვების სირთულეებზე მიუთითებს, რის გამოც დაღუპულთა რიცხვის დათვლა რამდენიმე წლის წინ სირიაშიც შეწყვიტეს.

“ჩვენ არ შეგვიძლია, აღვრიცხოთ თითოეული ინციდენტი, რომელიც იემენში ხდება”, – უთხრა გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარმა Washington Post-ს.

[red_box]იემენი მსოფლიოს უდიდესი ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე[/red_box]

იემენის მოსახლეობის ნახევარი შიმშილისწინა სტადიაშია – ასეთია გაეროს ერთ-ერთი ბოლო სტატისტიკა. ორგანიზაცია მსოფლიოს აფრთხილებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საუდის არაბეთის მიერ ორგანიზებული ინტენსიური დაბომბვები არ შეწყდება, ქვეყანა ყველაზე დიდი შიმშილის მომსწრე გახდება, რაც კი კაცობრიობას ბოლო 100 წელიწადში განუცდია.

ომის ფონზე, ქვეყნის ეროვნილი ვალუტა მკვეთრად გაუფასურდა, საკვების ფასი კი გაიზარდა. მოსახლეობის დიდ ნაწილს მასზე ხელი არ მიუწვდება.

ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც ძირითადად ამობეხებულების ხელში მყოფი საკვანძო პორტიდან შედის, შეიარაღებულ დაპირისპირების ფონზე მოსახლეობამდე სრულყოფილად ვერ მიდის.

გაეროს ცნობით, იემენის 29-მილიონიანი მოსახლეობის დიდი უმრავლესობა – 22 მილიონი ადამიანი ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს. ორგანიზაციის კოორდინატორის თქმით, რიცხვი რამდენიმე მილიონით მეტი აღმოჩნდა, ვიდრე სპეციალისტებს ეგონათ. 

Unicef-ის ინფორმაციით კი, ომის მიმდინარეობისას იემენში 3 მილიონი ბავშვი დაიბადა. ბავშვთა მდგომარეობა აქ განსაკუთრებით მძიმეა: 1.8 მილიონი მცირეწლოვანი საკვების დეფიციტსა და თანმდევ უმძიმეს გართულებებს ებრძვის. სწორედ ამას ემსხვერპლა 7 წლის გოგონა, სახელად ამალი.

მალნუტრიციით დაავადებული ბავშვი სანაას ერთ–ერთ საავადმყოფოში. ფოტო: EPA/მალნუტრიციით დაავადებული ბავშვი სანაას ერთ–ერთ საავადმყოფოში. ფოტო: EPA/მალნუტრიციით დაავადებული ბავშვი სანაას ერთ–ერთ საავადმყოფოში. ფოტო: EPA/YAHYA ARHAB საკვების დეფიციტით დაავადებული ბავშვი სანაას ერთ-ერთ საავადმყოფოში. ფოტო: EPA/YAHYA ARHAB

ორგანიზაცია “გადავარჩინოთ ბავშვები” ამ კუთხით შემზარავ რიცხვს ასახელებს: ყოველდღიურად შიმშილისაგან ომში გახვეულ ქვეყანაში 130 ბავშვი იღუპება.

ბავშვებსა თუ მოზრდილებში სულ უფრო იზრდება კვების პრობლემასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი. გაეროში ამბბოენ, რომ მრავალი შემთხვევა დღის სინათლეზე არ ჩანს, ვინაიდან იემენის ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის მხოლოდ ნახევარი მუშაობს, ბევრ გაჭირვებულ მოქალაქეს კი დარჩენილი სერვისებით სარგებლობის საშუალება არ აქვს.

ვითარებას ამძიმებს მოსახლეობაში გავრცელებული ინფექციებიც, მათ შორის, ქოლერა, რომელიც სხვადასხვა ფორმით 1.1 მილიონ ადამიანს შეეხო.

[red_box]ვინ ჩადის ომის დანაშაულს იემენში?[/red_box]

გაეროს ერთ-ერთი ბოლო ანგარიშის მიხედვით, კითხვაზე პასუხი ცალსახაა – ყველა. ომის დანაშაულებში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ამხელს როგორც საუდის არაბეთს, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და იემენის დამხობილ მთავრობას, ისე – ამბოხებულ ჰუსიტებს.

სექტემბერში გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, საუდის არაბეთის კოალიციაში სისტემურად ვერ ახერხებენ, ჰქონდეთ კონსულტაცია მათივე შედგენილ სიაზე 30 000 ობიექტით, რომლებზე დარტყმაც აკრძალულია. გაერო აცხადებს, რომ საუდის კოალიციის ავიადარტყმებს ემსხვერპლა დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის უმრავლესობა.

სისხლისმღვრელი ოპერაციის დროს, ჰუსიტი ამბოხებულების პოზიციებთან ერთად, საუდის არაბეთისა და მოკავშირეების მიერ იბომბება თითქმის ყველაფერი: საცხოვრებელი კვარტლები, მარკეტები, პანაშვიდები, ქორწილები, საპატიმროები, სალოცავები და საავადმყოფოები.

გაერო მოცემულ ანგარიშში აკრიტიკებს ამბოხებულ ჰუსიტებსაც, რომლებიც შემჩნეულნი არიან როგორც მშვიდობიანი მოქალაქეების ცოცხალ ფარად გამოყენებაში, ისე – ბავშვების საბრძოლო მოქმედებებში ჩართვაში,  ჰუმანიტარული ტვირთების ბლოკირებასა და ტყვეების წამებაში.

ამ უკანასკნელის გამო ჰუსიტები გააკრიტიკა Human Rights Wtch-მაც. ორგანიზაციის თქმით, ამბოხებულთა ყოფილი ტყვეები ყვებიან, რომ ციხეებში მათ რკინის ჯოხებით სცემდნენ, კედლებზე აბამდნენ და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ.

[red_box]როგორ რეაგირებს საერთაშორისო საზოგადოება კრიზისზე?[/red_box]

ჰუსიტებს ირანი, საუდის არაბეთს კი დასავლეთში ძლიერი მოკავშირეები ჰყავს აშშ-ის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის სახით. ოპერაციაში, რომლის გაცხადებული მიზანი იემენის კანონიერი ხელისუფლების აღდგენაა, ეს ქვეყნები არ-რიადს ძირითადად იარაღით ეხმარებიან.

ამ დრომდე სამივე ქვეყანა საკუთარ კურსს ამართლებდა რიგი გარემოებებით, მათ შორის, კანონიერი ხელისუფლების აღდგენის საჭიროებით. თუმცა მიმდინარე დღეებში ვარაუდობდნენ, რომ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგჯის მკვლელობა და ამის გამო საუდის არაბეთზე გაზრდილი საერთაშორისო ზეწოლა ვითარებას შეცვლიდა. 

სურათი მართლაც შეიცვალა: 31 ოქტომბერს აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მატისმა გაახმიანა მოწოდება, მომდევნო 30 დღის განმავლობაში ყველა მხარემ მიიღოს მონაწილეობა გაეროს მიერ ორგანიზებულ მოლაპარაკებებში და ცეცხლი შეწყდეს. მოლაპარაკებებში ჩართვის სურვილის მზაობა უკვე გამოთქვა ბრიტანეთმაც.

მანამდე გაეროსა და არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციას გაუვრცელებია მოწოდება როგორც დასავლეთის ქვეყნების, ისე ირანის მიმართ, შეწყვიტონ მხარეთა დაფინანსება და დაუსრულებელი ომის გახანგრძლივება.

ფაქტია, რომ მხარეებს სამშვიდობო პროცესის დასაწყებად სულ უფრო ცოტა დრო რჩებათ – ბოლო დღეებში საერთაშორისო საზოგადოების ცენტრში ჰუდეიდას პორტია, სადაც იემენის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის შენაერთებსა და ამბოხებულებს შორის ბრძოლები მიმდინარეობს.

ეს ის პორტია, საიდანაც ქვეყანაში ჰუმანიტარული ტვირთის უდიდესი ნაწილი შედის. მისი ბლოკირების შემთხვევაში, ომში ჩაფლული ქვეყნის მოსახლეობა, შესაძლოა, ისედაც არასაკმარისი დახმარების გარეშე დარჩეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი