ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

თამარ მეარაყიშვილი: ჩემ მიმართ მეოთხე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს

5 ნოემბერი, 2018 • 2520
თამარ მეარაყიშვილი: ჩემ მიმართ მეოთხე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს

ახალგორში მცხოვრები აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის ცნობით, მის მიმართ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურამ რიგით მეოთხე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

“ფაქტიურად ტყვეობაში ყოფნიდან წელიწადი და 3 თვისთავზე მეოთხე სისხლის სამართლის საქმე აღძრა პროკურატურამ. წინა 3-ზე პირველი ინსტანცია მოვიგე- სასამართლომ თქვა, რომ არაა საკმარისი მტკიცებულებები, ბრალეულობები არ ჩანს და 3 ტომისგან შემდგარი საქმე უკან დაუბრუნა პროკურატურას ხარვეზების გამოსასწორებლად. ესაა დევნა, ჩემი, როგორც სამოქალაქო აქტივისტის, რომელიც მიუხედავად არაერთგზის მუქარისა და გაფრთხილებისა, ვსაუბრობ ჩვენი, აქ მცხოვრები ადამიანების უფლებების დარღვევებზე”, – წერს მეარაყიშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

როგორც მეარაყიშვილი ამბობს, მისთვის და ადვოკატისთვის ამ ეტაპზე უცნობია, რა საკითხზე აღძრეს რიგით მეოთხე საქმე.

“ჩემს ადვოკატს სატელეფონო საუბარში არ აცნობეს, რას შეეხება შემდეგი საქმე. სავარაუდოდ, ხვალ გაირკვევა, როდესაც პროკურატურაში დადგენილების წამოსაღებად მივალ”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში მეარაყიშვილი.


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ახალგორის რაიონის [ლენინგორი] პროკურატურამ სამოქალაქო აქტივისტს, თამარ მეარაყიშვილს 2018 წლის 12 ივნისს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით – სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის უკანონო მიღება საქართველოს მოქალაქეობის პარალელურად გაყალბებული განცხადების საფუძველზე; აღნიშნული გაყალბებული დოკუმენტის გამოყენება და  მმართველი პარტია “ერთიანი ოსეთის” რეგიონული განყოფილების მიმართ ცილისწამება. იქამდე თამარ მეარაყიშვილი აღნიშნულ საქმეებში ეჭვმიტანილი იყო. პირველი საქმე მის მიმართ ადგილობრივმა პროკურატურამ 2017 წლის 16 აგვისტოს აღძრა.

მაშინ მეარაყიშვილის საქმეზე ცხინვალის ხელისუფლების მისამართით არაერთი განცხადება და მიმართვა გაკეთდა როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო უფლებადამცველების მხრიდან.

მისი უფლებების სამართლებრივი დაცვა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ იურისტებს არ შეუძლიათ, ამიტომ  გასულ წელს მეარაყიშვილმა მის მიმართ დაწყებული გამოძიების შემდეგ დაიქირავა ადვოკატი,
რომელიც ვლადიკავკაზში ცხოვრობს.


მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის დაწყებამდე თამარ მეარაყიშვილი ახალგორის რაიონის სახელით ხშირად მონაწილეობდა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ კონფლიქტური რეგიონებისა და ამ საკითხებზე გამართულ კონფერენციებში, რომლებიც თბილისში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ ეწყობა.

ახალგორის რაიონი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თბილისიდან ცხინვალის კონტროლის ქვეშ გადავიდა.

თამარ მეარაყიშვილის საქმეებზე ვრცლად წაიკითხეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი