ახალი ამბები

გეუბნებათ, რომ თქვენივე ფულით ხელმეორედ გიყიდით – უგულავა ივანიშვილის მიმართვაზე

5 ნოემბერი, 2018 • 1354
გეუბნებათ, რომ თქვენივე ფულით ხელმეორედ გიყიდით – უგულავა ივანიშვილის მიმართვაზე

“მოკლედ, ივანიშვილი გვეუბნება – მომეცით საშუალება ხელმეორედ გიყიდოთ, ოღონდ ამჯერად თქვენივე ფულით”, – ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილის ახალ საარჩევნო ვიდეომიმართვას სოციალური ქსელით ეხმაურება.

გიგი უგულავა ფეისბუკში წერს, რომ ბიძინა ივანიშვილის ახალმა ვიდეომიმართვამ წარსული მართლა გაახსენა:

“ერთ-ერთი საეტაპო არჩევნების წინ, როცა ხალხი ჩვენზე ლეგიტიმურად გაბრაზებული იყო, შემოგვიტანეს ბილბორდების დიზაინი. კახი კალაძე და ბევრი “ორმოჩდარვა” იყო ზედ გამოხატული. ჩვენი ამერიკელი კონსულტანტის პირველი სამუშაო დღე იყო. დახედა დიზაინს და ნაგვის ყუთში ჩაყარა. ეს ხალხი დამალეთ და ხალხს გაჭირვებაზე ესაუბრეთ, უფრო კი მოუსმინეთ. ეტყობა, ამათაც ჩამოიყვანეს თავის “როზნერი”. ისევ წარსული გამოცდილებიდან გეტყვით – ლაპარაკით დაპირების ლიმიტი უკვე ამოწურეთ.”

უგულავს შეფასებით, ახლა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან პენსიაზე და სოცდახმარებაზე საუბარი ამომრჩევლის მოსყიდვაა.

“მიიღებენ, გაუხარდებათ, მაგრამ მაინც დაგსჯიან. არაფერს არ ეუბნები მომავალზე ხალხს, გარდა ოცნების ძველი გვარდიის საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებისა და ტენდერებზე ხელის მოთბობისა. აქაც მოქრთამვა. მოკლედ, ივანიშვილი გვეუბნება – მომეცით საშუალება ხელმეორედ გიყიდოთ, ოღონდ ამჯერად თქვენივე ფულითო. ქართულმა ოცნებამ უნდა გააცნობიეროს, რომ პოლიტიკურ ლეგიტიმაციას მხოლოდ მაშინ დაიბრუნებს მთავრობა, თუ პარლამენტის პროპორციულ არჩევნებზე გადავალთ ეხლა. სხვა ყველა გზა ოცნების ალეწვაა”, – წერს სოციალურ ქსელში ევროპული საქართველოს ლიდერი.

  • ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მიმართვას ავრცელებს, სადაც საუბრობს, რომ მას ესმის ხალხის გულისტკივილისა და იმედგაცრუების.

იხილეთ მმართველი პარტიის ლიდერის ახალი ვიდეომიმართვა:

მთავარია, ჩინოვნიკებზე გაბრაზებულებმა ქვეყანა არ დავსაჯოთ – ივანიშვილის საარჩევნო ვიდეომიმართვა

მასალების გადაბეჭდვის წესი