ახალი ამბები

ვის შეიწყალებს ვაშაძე და “ძალა ერთობაშია” ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში

5 ნოემბერი, 2018 • 1433
ვის შეიწყალებს ვაშაძე და “ძალა ერთობაშია” ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში

პოლიტიკური გაერთიანება “ძალა ერთობაშიას” პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ამნისტიის უფლებას გამოიყენებს.

ვაშაძის თქმით, პირველ რიგში შეწყალება მცირეწლოვანი ბავშვების მსჯავრდებულ დედებს შეეხებათ, რომელთაც არ აქვთ ჩადენილი მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული. ასევე, მუსბუქი ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის მსჯავრდებულ პირებს და ა.შ.:

“გაერთიანებული ოპოზიცია, როგორც კი მოვა ხელისუფლებაში, აპირებს შეიწყალოს, რაზეც გუშინაც ვილაპარაკეთ ქუთაისში, შეიწყალოს უპირველეს ყოვლისა დედები, რომლებსაც ჰყავთ მცირეწლოვანი შვილები და არ აქვთ მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი.

ადამიანები, ვისაც აქვთ სამეურნეო დანაშაული ჩადენილი, ადამიანები, ვისაც რაღაც ზღვრამდე, სამოქალაქო საზოგადოება გვეხმარება ამ ზღვრის დადგენაში, ეკონომიკური დანაშაული. ადამიანები, ვინც ჯერ კიდევ ციხეში არიან, მათ შორის, ძალიან ნიჭიერი, ხელოვანი ადამიანები, რომლებიც ნარკოტიკების შენახვა-შეძენაზე არიან დაკავებული, ან მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებისთვის. აი, რას ვაპირებთ ჩვენ, რაც შეეხება ამნისტიას და შეწყალებას“, – თქვა გრიგოლ ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძე და ნარკოპოლიტიკა

იმის შესახებ, რომ ვაშაძისგან მიღებულ დაპირებებს შორის ერთ-ერთი არსებული ნარკოპოლიტიკის გადახედვა იყო, “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ 2 ნოემბერს ისაუბრა.

“ბატონი გრიგოლისგან მივიღეთ დაპირება, რომ ის აუცილებლად სიღრმისეულად იმუშავებს ციხეში მყოფი იმ ადამიანების საკითხზე, ვინც შეძენა-შენახვისთვის არიან დღეს პატიმრობაში”, – განაცხადა კორძაიამ. “რესპუბლიკური პარტია” მეორე ტურში მხარს სწორედ ვაშაძეს უჭერს.

ვაშაძე ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით პირველ ტურამდე აღნიშნავდა, რომ ნარკოტიკების გამსაღებელთა მიმართ სასჯელი მკაცრი უნდა იყოს, თუმცა ის უნდა გაიმიჯნოს მომხმარებლისაგან.

“სწრაფად და ეფექტურად უნდა მოხდეს ნარკოპოლიტიკის რეალური გადახედვა და ისეთი საკითხების დარეგულირება, როგორიცაა, მაგალითად, დოზების ოდენობა და შესაბამისი სასჯელის ადეკვატურობა. მკაცრად უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისაგან არალეგალური ნარკოტიკების მომხმარებელი და გამსაღებელი”, – ვკითხულობთ პროგრამაში.

თუმცა გრიგოლ ვაშაძემ საკმაოდ ხისტი შეფასება გაახმიანა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ მარიხუანის მოხმარების ლეგალიზების შესახებ:

“თურმე ადამიანს უფლება აქვს ისე დაისვენოს, როგორც უნდა, და შეკითხვა მაქვს კონსტიტუციურ სასამართლოსთან, პედოფილსაც აქვს უფლება ისე დაისვენოს, როგორც უნდა?!” – ამბობდა გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი.

მასალების გადაბეჭდვის წესი