ახალი ამბები

თურქეთმა ელჩი ბერძნულ მითოლოგიასთან დაკავშირებული სამოსის გამო მოხსნა

4 ნოემბერი, 2018 • 2323
თურქეთმა ელჩი ბერძნულ მითოლოგიასთან დაკავშირებული სამოსის გამო მოხსნა

თურქეთმა უგანდიდან საკუთარი ელჩი გაიწვია მას შემდეგ, რაც მისმა ბერძნული მითოლოგიით შთაგონებულმა ჩაცმულობამ თურქეთის რესპუბლიკის 95-ე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე კრიტიკა დაიმსახურა. ამის შესახებ “ევრონიუსი” წერს.

ელჩის, სედეფ იავუზალფის ფოტოები, რომლებშიც ის ზემოაღნიშნული სამოსით ჩანს, უგანდის დედაქალაქ კამპალაში, რესპუბლიკის იუბილეზეა გადაღებული. ფოტოებზე ჩანს, რომ მსგავსი სამოსი საელჩოს სხვა დიპლომატსაც აცვია.

ელჩის ჩაცმულობა სოციალური ქსელის ზოგიერთმა მომხმარებელმა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის თურქეთის წარმომადგენელი დიპლომატისათვის შეუფერებელია. იავუზალფის გაწვევის შემდეგ, ტვიტერზე განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმაც გაავრცელა და განაცხადა, რომ ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული.

ელჩს ცერემონიაზე, სავარაუდოდ, ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი პერსონაჟის – ელენეს სამოსი ეცვა, რომელიც, თავის მხრივ, ცნობილ ტროას ომთანაა დაკავშირებული: ლეგენდის თანახმად, ომის დაწყების მიზეზი სწორედ ელენეს მოტაცება გახდა.

“ევრონიუსმა” გაწვეული ელჩის სიტყვით გამოსვლის ტექსტი მოიპოვა, საიდანაც  ნათელი ხდება, რატომ გადაწყვიტა მან ცერემონიაზე ასე გამოწყობილიყო. საქმე ისაა, რომ სედეფ იავუზალფმა  2018-ზე, როგორც ტროას წელზე ისაუბრა, რომელიც თავად თურქეთის კულტურის სამინისტრომ გამოაცხადა. ეს უკავშირდება 20 წლის გავლას მას შემდეგ, რაც იუნესკომ თურქეთში მდებარე ტროას არქეოლოგიური ძეგლი კულტურულ მემკვიდრეობად გამოაცხადა.

ელჩმა ტროას 4 000 წლიან ისტორიასა და თურქეთისათვის მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დიდი ალბათობით, სწორედ აღნიშნულს უკავშირდებოდა მისი ჩაცმულობაც, რომელიც დიპლომატის გაწვევის მიზეზი გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი