ახალი ამბები

“უაზრო ქმედება” – უგულავა ვაშაძეს ოქრუაშვილთან შეხვედრის გამო აკრიტიკებს

4 ნოემბერი, 2018 • 2231
“უაზრო ქმედება” – უგულავა ვაშაძეს ოქრუაშვილთან შეხვედრის გამო აკრიტიკებს

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს ირაკლი ოქრუაშვილთან შეხვედრის გამო აკრიტიკებს. უგულავამ განცხადება ფეისბუქით გაავრცელა და აღნიშნა, რომ “ევროპული საქართველო” ვაშაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით უწინდელ პოზიციაზეა, თუმცა მისი ვიზიტი ოქრუაშვილთან “უაღრესად დამაზიანებელი და მორალურად უმძიმესია”.

უგულავას თქმით,  “ევროპული საქართველოსა” და სხვა პროდასავლური ამომრჩევლისათვის “წითელი ხაზია” ოქრუაშვილი, რომელიც “რუსეთს შეეკრა”.

” მართალია, იმ 605 ათასი ადამიანისთვის[ვინც ვაშაძეს მისცა ხმა] მეორე ტურისთვის შესაძლოა სულერთია ვის შეხვდება მათი რჩეული კანდიდატი ვაშაძე. ისინი მას მხარს დაუჭერენ, რადგან ბიძინა ივანიშვილის დამარცხების რეალურ შანსს ხედავენ, მაგრამ მეორე ტურში ეს მხარდაჭერა არაა საკმარისი. საჭიროა ევროპული საქართველოსა და სხვა პროდასავლური ამომრჩევლის მიმხრობა. აქ კი ოქრუაშვილი წითელი ხაზია.

ამ ამომრჩევლისთვის ვერ იქნება სულერთი, რომ მათი კანდიდატი მხარდაჭერას ეძებს და ამისთვის სახლშიც კი ეახლა ადამიანს, რომელიც შეეკრა რუსეთს, ცხოვრობდა ფსბ-ს “პოდმოსკოვსკი” დაჩაზე, მონაწილეობდა რუსულ პროპაგანდაში საქართველოს წინაღმდეგ, მათ შორის ომის თემაზე და აკეთებდა სალომე ზურაბიშვილის მსგავსს განცხადებებს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ ვაშაძის გუშინდელი შეხვედრით თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, ოპოზიცია მმართველ გუნდს “მორალურ უპირატესობას” უთმობს, რაც გადაუწყვეტელ ამომრჩეველს კითხვის ნიშნებს უჩენს.

“ამით პირდაპირ ვუთმობთ მორალურ უპირატესობას ოცნებას, რადგან ოქრუაშვილი ოცნების იმ ნარატივს იმეორებს, რომელსაც საქართველოს ამომრჩეველმა 28 ოქტომბერს უარი უთხრა. უნდა გვახსოვდეს, რომ მორალური უპირატესობის დაკარგვა მეორე ტურში მარცხს ნიშნავს. როდესაც იქეთ იგორ გიორგაძე აქტიურობს, აქეთ ოქრუაშვილის გამოჩენა, ბევრ ჯერ კიდევ გადაუწყვეტელ ამომრჩეველს, უბიძგებს დასვას ტოლობის ნიშანი. ოცნებასთან ტოლობა კი მეორე ტურში მარცხის ტოლფასია”, – ამბობს ის.

როგორც უგულავა აცხადებს, “ირაკლი ოქრუაშვილი არ პრავდება”, ამომრჩეველს კი კვლავ ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის წინააღმდეგ ხმის მიცემისკენ მოუწოდებს, თუმცა ასევე მიიჩნევს, რომ ვაშაძის გუშინდელ ქმედებაზე თვალი არავინ უნდა დახუჭოს:

“როგორ მოვიქცეთ? მივიდეთ და ხმა მივცეთ აბსოლუტური ბოროტების წინააღმდეგ. თვალი არ დავხუჭოთ და ვაკრიტიკოთ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ამ უაზრო ქმედებისთვის, სულ მცირე იმ მიზნით, რომ კიდევ არ გაიმეოროს. ნაცვლად ლანძღვა- გინებისა ვეძებოთ მოკავშირეები მის შტაბში, რომ თავი დავიზღვიოთ მომდევნო ავარიებისგან. ამისკენ მივმართოთ ჩვენი ენერგია და მუდამ უნდა გვახსოვდეს”.

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე “ნაციონალური მოძრაობის” დროს მინისტრთა კაბინეტის წევრსა და შემდგომ პარტიასთან დაპირისპირებულ ირაკლი ოქრუაშვილს გუშინ, 3 ნოემბერს შეხვდა.

ვიდეოჩანაწერის მიხედვით, რომელიც ოპოზიციური კოალიციის “ძალა ერთობაშია” ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა, შეხვედრა ოქრუაშვილის სახლში შედგა. ოქრუაშვილის შეფასებით, “ქვეყანა ჩიხშია”, ვაშაძეს კი მეორე ტურში წარმატებას უსურვებს.

რა აკავშირებს ირაკლი ოქრუაშვილს “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებასთან?

ირაკლი ოქრუაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს მინისტრთა კაბინეტის წევრი იყო: 2004 წელს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა, 2004-2006 წლებში, თავდაცვის, 2006 წლის 10 ნოემბერს  კი ეკონომიკური განვითარების მინისტრი გახდა, თუმცა პოსტი 1 კვირაში დატოვა.

2007 წლის სექტემბერში მან ექსპრეზიდენტი სააკაშვილი ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში დაადანაშაულა, მათ შორის იყო მკვლელობების შეკვეთა. ამ განცხადებებიდან ორი დღის შემდეგ ოქრუაშვილი მისი ახლადშექმნილი პარტიის ოფისში დააკავეს.

დაკავებიდან 2 კვირის შემდეგ მან უარყო მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები და ბრალი აღიარა. ყოფილი მინისტრი გაათავისუფლეს, რის შემდეგაც მან საქართველო გაურკვეველ ვითარებაში დატოვა და  პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო საფრანგეთში, სადაც ცხოვრობდა 2012 წლამდე. წლების მანძილზე ის “ნაციონალურ მოძრაობას” უპირისპირდებოდა და აცხადებდა, რომ აღიარებითი ჩვენება იძულებით მიაცემინეს.

2012 წლის ნოემბერში ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში დაბრუნდა, სადაც დააკავეს და გლდანის ციხეში გადაიყვანეს, თუმცა მომდევნო წლის იანვარში სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

შემიძლია, პირადული დავივიწყო – ოქრუაშვილი ვაშაძეს საკუთარ სახლში შეხვდა

მასალების გადაბეჭდვის წესი