ახალი ამბები

შემიძლია, პირადული დავივიწყო – ოქრუაშვილი ვაშაძეს საკუთარ სახლში შეხვდა

3 ნოემბერი, 2018 • 4770
შემიძლია, პირადული დავივიწყო – ოქრუაშვილი ვაშაძეს საკუთარ სახლში შეხვდა

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე “ნაციონალური მოძრაობის” დროს მინისტრთა კაბინეტის წევრსა და შემდგომ პარტიასთან დაპირისპირებულ ირაკლი ოქრუაშვილს შეხვდა.

ვიდეოჩანაწერის მიხედვით, რომელიც ოპოზიციური კოალიციის “ძალა ერთობაშია” ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა, შეხვედრა ოქრუაშვილის სახლში შედგა. ოქრუაშვილის შეფასებით, “ქვეყანა ჩიხშია”, ვაშაძეს კი მეორე ტურში წარმატებას უსურვებს.

“შინაგანად ვაცნობიერებ იმას, რომ ქვეყანა არის ჩიხში შესული და ჩიხიდან გამოყვანა სჭირდება. თქვენ ამას რამდენად შეძლებთ, ხალხზეა დამოკიდებული, ბუნებრივია და მინდა, წარმატება გისურვოთ”, – ასე მიმართა ოქრუაშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატს, რაზეც გრიგოლ ვაშაძემ უპასუხა:

“დიდი ხანია, ამის გაკეთება მინდოდა და მომეცა საშუალება. კარგი, მამაკაცური, ქართული საუბარი გვქონდა. ის ტაიმ აუტი, რაც ავიღეთ, კარგი იქნება, დავფიქრდეთ კიდევ ერთხელ და შემდეგ ის ნაბიჯი გადავდგათ, რომელიც ჩვენს გონებას, გულს და სინდისს შეესაბამება. დიდი მადლობა ოჯახში მიღებისთვის და იმ დროისთვის, რაც გავიხსენეთ და რაზეც ვილაპარაკეთ”.

ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, მისთვის ეს გადაწყვეტილება მარტივი არ ყოფილა, თუმცა მზად არის, წყენა დაივიწყოს, “როცა საქმე ქვეყანას ეხება”:

“წარსულის რაღაც პერიპეტიებიდან გამომდინარე, ადვილი არაა ჩემთვის იმ ნაბიჯის გადადგმა, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ… ბუნებრივია, იმ რაღაც წყენებისა და პერიპეტიებიდან გამომდინარე, რაც იყო. მაგრამ, ერთი რამეა: როდესაც საქმე  ეხება ქვეყანას, მე იქ პირადულს ყოველთვის ვივიწყებდი და შემიძლია, ახლაც დავივიწყო”.

ირაკლი ოქრუაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს მინისტრთა კაბინეტის წევრი იყო: 2004 წელს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა, 2004-2006 წლებში, თავდაცვის, 2006 წლის 10 ნოემბერს  კი ეკონომიკური განვითარების მინისტრი გახდა, თუმცა პოსტი 1 კვირაში დატოვა.

2007 წლის სექტემბერში მან ექსპრეზიდენტი სააკაშვილი ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში დაადანაშაულა, მათ შორის იყო მკვლელობების შეკვეთა. ამ განცხადებებიდან ორი დღის შემდეგ ოქრუაშვილი მისი ახლადშექმნილი პარტიის ოფისში დააკავეს.

დაკავებიდან 2 კვირის შემდეგ მან უარყო მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები და ბრალი აღიარა. ყოფილი მინისტრი გაათავისუფლეს, რის შემდეგაც მან საქართველო გაურკვეველ ვითარებაში დატოვა და  პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო საფრანგეთში, სადაც ცხოვრობდა 2012 წლამდე. წლების მანძილზე ის “ნაციონალურ მოძრაობას” უპირისპირდებოდა და აცხადებდა, რომ აღიარებითი ჩვენება იძულებით მიაცემინეს.

2012 წლის ნოემბერში ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში დაბრუნდა, სადაც დააკავეს და გლდანის ციხეში გადაიყვანეს, თუმცა მომდევნო წლის იანვარში სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი