ახალი ამბები

ილია II-ს არანაირი “დაფარული მეუფე” არ ჰყავს — საპატრიარქო

3 ნოემბერი, 2018 • 2410
ილია II-ს არანაირი “დაფარული მეუფე” არ ჰყავს — საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო აცხადებს, რომ 2 ნოემბერს პატრიარქ ილია II-ს სახელით გავრცელებული განცხადება პატრიარქს არ ეკუთვნის. საპატრიქროს ცნობით, “გარკვეული ძალები ცდილობენ, ამა თუ იმ პარტიის მხარდამჭერად წარმოაჩინონ” ეკლესია.

2 ნოემბერს ფეისბუკის გვერდმა, სახელად “მოძრაობა ძლევაი საკვირველი”, ილია II-ის სახელით გაავრცელა განცხადება, რომელიც “ქართულ ოცნებას” ხუთ პირობას უყენებს — ჩამოართვას “ყველა მიგრანტს” ბინადრობის უფლება, კონსტიტუციაში აკრძალოს მიწის მიყიდვა უცხოელებზე, დაუშვას არაელექტრონული პირადობის მოწმობები, კანონმდებლობიდან ამოიღონ ტერმინი “გენდერული იდენტობა”, გაიწვიონ კანაფის კულტივაციის კანონპროექტი და ა.შ.

წერილში წერია, რომ თუკი “ოცნება” ამ ხუთ პირობას დადებს, ილია II მოსახლეობას ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

წერილში, რომელსაც უკვე გაემიჯნა საპატრიარქო და განაცხადა, რომ ილია II-ს არ ეკუთვნის, ასევე წერია:

“სიმართლის თქმისათვის წმ. სინოდიდან შევარჩიე ჩემი უერთგულესი და სასწაულთ მოქმედი მეუფე („მოძრაობა ძლევაი საკვირველის“ დამაარსებელი „დაფარული მეუფე“), რათა ყველას გააგებინოს ჩემი ეს მიმართვა, რომლის საჯაროდ გამოცხადებასაც მკაცრად მიკრძალავენ, საქართველოს განადგურების მუქარით”.

საპატრიარქო განმარტავს: “მის უწმინდესობას არანაირი ,,დაფარული მეუფე“ არ ჰყავს, არც მოძრაობა ,,ძლევაი საკვირველი“ არის ეკლესიასთან დაკავშირებული და არც აღნიშნული წერილი ეკუთვნის კათოლიკოს-პატრიარქს. მისი შემდგენლები არიან ტყუილის გამავრცელებელნი და სიცრუის მსახურნი”.

როგორც საპატრიარქო წერს, “გარკვეული ძალები ძალიან ცდილობენ პოლიტიკურ პროცესებში ჩართონ ეკლესია და ამა თუ იმ პარტიის მხარდამჭერად წარმოაჩინონ იგი. ხშირია შემთხვევები, როცა ამ მიზნის მისაღწევად მანიპულირებენ ამა თუ იმ სასულიერო პირის განცხადებითაც”. თუმცა, “ვინაიდან ეკლესია ერის გამაერთიანებელი ძალაა”, საპატრიარქო ყველა მღვდელმთავარს და მოძღვარს მოუწოდებს, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებისაგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი