ახალი ამბები

ახალქალაქის ინციდენტზე პროკურატურამ 5 პირს ბრალი წაუყენა

2 ნოემბერი, 2018 • 1401
ახალქალაქის ინციდენტზე პროკურატურამ 5 პირს ბრალი წაუყენა

30 ოქტომბერს ახალქალაქში, “ნაციონალური მოძრაობის” შტაბში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პროკურატურამ ბრალი 5 პირს წაუყენა.

უწყების განცხადებით, ახალქალაქში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე “ნაციონალური მოძრაობის” შტაბთან მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას სხეულის დაზიანება პარტიის რამდენიმე წევრმა მიიღო. პროკურატურა აქვე ინციდენტის მიზეზზე საუბრობს და გამოძიების ვერსიას ახმიანებს:

“მოწმის სახით ჩატარებულ გამოკითხვებიდან დგინდება, რომ დაპირისპირების მიზეზი გახდა 30 ოქტომბერს, ღამის საათებში, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მიერ რამდენიმე ავტოგასამართ სადგურზე საარჩევნო პლაკატების ჩამოხევა, რის შემდეგაც მათ ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე სადგურის თანამშრომლებთან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, გამოძიება თავდაპირველად სსკ-ს 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობდა, რაც გულისხმობს ხულიგნობას ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, ჩადენილს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. თუმცა მუხლი გადაკვალიფიცირდა და ამჟამად საქმეს სსკ-ს 126-ე, ძალადობის მუხლით იძიებენ.

გაერთიანებული ოპოზიცია აცხადებს, რომ 30 ოქტომბერს გრიგოლ ვაშაძის ახალქალაქში მდებარე  შტაბი მმართველი პარტიის 30-მდე აქტივისტმა დაარბია. ინციდენტის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი ნინოწმინდაში, ენზელ მკოიანი გამორიცხავს ინციდენტის პროვოცირებას მმართველი პარტიის წევრების მიერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი