ომბუდსმენმა დაადგინა, რომ დევდარიანმა ქალები სექსუალურად შეავიწროვა – არასამთავრობოები

სახალხო დამცველმა შეისწავლა ზვიად დევდარიანის მიმართ სექსუალური შევიწროების ბრალდებები, მოუსმინა ბრალდების ადრესატსაც და დაადგინა, რომ ზვიად დევდარიანმა ქალები შეავიწროვა სექსუალურად – ამის შესახებ საუბრობენ არასამთავრობო ორგზანიზაციები, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” (საია) და “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR). სწორედ ეს ორგანიზაციები იცავდნენ მსხვერპლ ქალებს და, შესაბამისად, ომბუდსმენმა საქმის შესწავლის შედეგები მათ გაუგზავნა.

როგორც საია აცხადებს, ორგანიზაცია იცავდა ქალს, რომელმაც ზვიად დევდარიანი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა და სახალხო დამცველს სექსუალური შევიწროების დადგენის მიზნით მიმართა. ზვიად დევდარიანის მიერ სექსუალური შევიწროების შემთხვევებზე ქალები საჯაროდ 2018 წლის 17 მარტს ალაპარაკდნენ.

“რამდენიმე თვის განმავლობაში სახალხო დამცველი სწავლობდა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და სამ პირთან მიმართებით (ამათგან ერთის ინტერესებს საია იცავდა) დაადგინა ზვიად დევდარიანის მიერ სექსუალური შევიწროებით გამოხატული სქესის ნიშნით დისკრიმინაცია. პირველ ნოემბერს მიღებულ რეკომენდაციაში სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ სექსუალური შევიწროების ფაქტის დადგენისთვის არ არის აუცილებელი მოტივის არსებობა, არამედ სექსუალური ხასიათის ქცევა თავისთავად შეიძლება, შეურაცხმყოფელი იყოს მსხვერპლისთვის, შემავიწროებლის განზრახვის მიუხედავად”, – ნათქვამია საიას გან ცხადებაში.

ორგანიზაცია ასევე წერს:

“სახალხო დამცველის განმარტებით, ზვიად დევდარიანს უნდა სცოდნოდა, რომ მისი სექსუალური ქცევა – კომენტარი თუ შეხება, შესაძლოა შეურაცხმყოფელი ყოფილიყო განმცხადებელთათვის. პირდაპირი მტკიცებულებების არარსებობის პირობებშიც კი, სამივე განმცხადებლის მიმართ ზვიად დევდარიანის ქცევისა და გარემოებების საერთო მახასიათებლის გათვალისწინებით, სახალხო დამცველს წარმოეშვა სექსუალური შევიწროების განხორციელების ვარაუდი. მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია და მტკიცებულებები არ აღმოჩნდა საკმარისი სექსუალური შევიწროების ვარაუდის გასაქარწყლებლად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ ზვიად დევდარიანის მხრიდან ადგილი ჰქონდა  სექსუალური ხასიათის ვერბალურ და ფიზიკურ ქცევას, რომელმაც მსხვერპლ ქალებს შეუქმნა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გარემო. 

სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა ზვიად დევდარიანს, რომ მომავალში, პროფესიულ თუ სხვა სახის ურთიერთობებში, არ განახორციელოს სექსუალური შევიწროება და არ შეუქმნას ინდივიდებს შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და ადამიანის ღირსებისთვის შეუსაბამო გარემო.

სექსუალური შევიწროება არის ადამიანის უფლებათა დარღვევა და ქალის დისკრიმინაციის ერთ-ერთი ყველაზე დაფარული, სტრუქტურული ფორმა. საია იმედოვნებს, რომ სახალხო დამცველის აღნიშნული დასკვნა ხელს შეუწყობს სექსუალური შევიწროების შესახებ საკანონმდებლო რეგულირების მიღებას და მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, დროულად შექმნას სექსუალური შევიწროების პრევენციისა და აღკვეთის ეფექტიანი მექანიზმები როგორც სამუშაო ადგილას, ისე საჯარო სივრცეში, განათლების, სპორტის და სხვა სფეროებში.”

განცხადება სახალხო დამცველის დასკვნის შესახებ ასევე გაავრცელა ორგანზიაციამ “პარტიონორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR).

“PHR-ისთვის ცნობილი გახდა 2018 წლის პირველ ნოემბერს სახალხო დამცველის მიერ გამოცემული რეკომენდაციის შესახებ, რომლის თანახმადაც „ზვიად დევდარიანის მხრიდან ადგილი ჰქონდა პროფესიული და საზოგადოებრივი მდგომარების გამოყენებით (…) არასასურველი, სექსუალური ხასიათის ვერბალურ და ფიზიკურ ქცევას, რომელმაც მათ შეუქმნა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გარემო”, –  აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია.

განცხადების გავრცელებიდან მალევე PHR-მა ჟურნალისტებისთვის ბრიფინგიც გამართა, რომლის დროსაც პროცესის დამატებით გარემოებებზეც ისაუბრეს. ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ანა აბაშიძემ განმარტა, რატომ დადგინდა სექსუალური შევიწროვება ხუთიდან სამ შემთხვევაში და რა ბედი ეწია დანარჩენ ორ საქმეს.

“სახალხო დამცველს არ უთქვამს, რომ სექსუალური შევიწროვება არ მომხდარა ა ამ ორ საქმეში. არამედ, ხაზგასმით ვამბობ, სახალხო დამცველმა შეწყვიტა შესწავლა მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ძალიან დიდი დრო იყო გასული კონკრეტული ფაქტიდან და შესაბამისად, საკმარისი მტკიცებულებების შეგროვება ვერ მოხერხდა”, – აღნიშნა მან.

მისივე განცხადებით, პრობლემა სექსუალური შევიწროვების ცალკეულ შემთხვევებზე ფართომასშტაბიანია და საკანონმდებლო ბაზას ეხება, რომელიც აბაშიძის განცხადებით, ადამიანებს მსგავსი შემთხვევებისგან ვერ იცავს.

“ჩვენს ქვეყანაში მთავარი პრობლემა არ არის კონკრეტული სახელი და გვარი, რომელმაც ქალები შეავიწროვა. მთავარი პრობლემაა ის, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს დაცვის მექანიზმი იმ ადამიანებისა, რომლებიც შეიძლება გახდნენ შევიწროების მსხვეპლნი.

ამიტომ, მიუხედავად ძალიან მძიმე, ემოციური თვალსაზრისით ძალიან რთულად გადასატანი ისტორიებისა, ამ ქალების მთავარი მიზანი სწორედ ის იყო, რომ ეჩვენებინათ ქვეყნისთვის, საკანონმდებლო ორგანოსთვის, რომ შეუძლებელია, ასეთ ვითარებაში ადამიანმა იბრძოლოს საკუთარი უფლებების დასაცავად… მაგრამ მიუხედავად ამ საკანონმდებლო ვაკუუმისა, მათ პრაქტიკულად გმირობა გამოიჩინეს, უკან არ დაიხიეს და დადგა ის შედეგი, რომლისაც აბსოლუტურად ყველას გვჯეროდა”, – აღნიშნა PHR-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

სახალხო დამცველის ოფისში ნეტგაზეთს დაუდასტურეს, რომ გადაწყვეტილება დევდარიანის საქმეზე ომბუდსმენმა ნამდვილად მიიღო, თუმცა გადაწყვეტილების შინაარსზე, საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე, არ საუბრობენ.

ნეტგაზეთი ასევე დაუკავშირდა ზვიად დევდარიანის ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას, რომელსაც ჯერჯერობით არ უპასუხია ჩვენთვის.

რაში ადანაშაულებენ ზვიად დევდარიანს – კონფიდენციალური ისტორიები

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.