ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ENPARD და UNDP აფხაზეთის სოფლების განვითარებაზე 1 მილიონამდე დოლარს დახარჯავენ

2 ნოემბერი, 2018 • 2974
ENPARD და UNDP აფხაზეთის სოფლების განვითარებაზე 1 მილიონამდე დოლარს დახარჯავენ

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტის ფარგლებში აფხაზეთის სოფლების განვითარება დაიწყება. ამის შესახებ აფხაზური მედია წერს.

აფხაზეთის სამი რაიონის – გაგრის, გუთაუთისა და ოჩამჩირის რაიონების განვითარების სტრატეგიისა და დაფინანსების მექანიზმების პრეზენტაცია სოხუმში დღეს გაიმართა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ჩამოთვლილი რაიონების საინიციატივო ჯგუფების მონაწლეებმა გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებთან ერთად დღეს სამივე რაიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ძირითადი პრიორიტეტების შესახებ ისაუბრეს.

სოფლის განვითარების პროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, სპორტის სფეროში პროექტების, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებების განვითარებას.

პროექტის პირველი ერთწლიანი ეტაპი აფხაზეთში უკვე დასრულდა. ერთი წლის განმავლობაში სამუშაო ჯგუფი სტრატეგიის ფორმულირებასა და განვითარებაზე მუშაობდა.

პროგრამა 2021 წლამდე გაგრძელდება, მანამდე კი პროექტს კიდევ ერთი, გალის რაიონი დაემატება. პროექტები, როგორც შეხვედრაზე ითქვა, კონკურსის საფუძველზე შეირჩევა.

პროექტების დაფინანსებისთვის 900 ათასი აშშ დოლარია გათვალისწინებული, თითოეულ რაიონში 300 ათას აშშ დოლარი უნდა დაიხარჯოს.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD) საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს სოფლის განვითარებას და სოფლის მეურენობის სექტორის გამოცოცხლებას ხელისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოებასა და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის პირობებში.

2013-2022 წლებისთვის ENPARD-ის ბიუჯეტი საქართველოში 179.5 მილიონი ევროა (I ფაზა – 52 მილიონი ევრო, 2014-2017; II ფაზა – 50 მილიონი ევრო, 2016-2019; III ფაზა – 77.5 მილიონი ევრო, 2018-2022).

მასალების გადაბეჭდვის წესი