ახალი ამბები

ქონება, რომელსაც საპატრიარქო ითხოვს სახელმწიფოსგან

13 მაისი, 2014 • • 4009
ქონება, რომელსაც საპატრიარქო ითხოვს სახელმწიფოსგან

ბოლო 28 თვის განმავლობაში საქართველოს საპატრიარქომ ეკონომიკის სამინიტროსა და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს 86 წერილით მიმართა, რომელთა უმრავლესობით მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოითხოვა პირდაპირი განკარგვის წესით, სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაეცეს სხვადასხვა სახის სახელმწიფო ქონება, უმეტესწილად კი – არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.

 

საპატრიარქო მიწის ნაკვეთების ერთ ლარად გადაცემას ითხოვდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. 2012 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 მაისამდე პერიოდში მართლმადიდებელმა ეკლესიამ მთელი საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 7 მილიონამდე კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის გადაცემა მოითხოვა.

 

მიწის ნაკვეთების უმრავლესობა ახალი ეკლესიების მშენებლობისთვისაა მოთხოვილი, არის შემთხვევები, როდესაც ერთმანეთის გვერდიგვერდ სურთ ეკლესიის აშენება. მაგალითად, 2014 წლის 12 მარტს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს – დიმიტრი ქუმსიშვილს პატრიარქის ქორეპისკოპოსი იაკობ იაკობიშვილი წერილობით მიმართავს, რომელშიც განმარტავს, რომ თბილისში, მარშალ გელოვანის ქუჩა #6-ში საპატრიარქოს გადაცემული აქვს 1970 კვ.მ მიწის ფართობი, სადაც უკვე აშენებულია და ფუნქციონირებს  ნათლისღების სახელობის ეკლესია.

 

“ამავე ტერიტორიაზე იგეგმება მეორე ტაძრის მშენებლობა და ამ მშენებლობისთვის მნიშვნელოვანია მომიჯნავე ფართის  გადმოცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, საქართველოს საპატრიარქოს პირდაპირი განკარგვის წესით, სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადმოსცეთ 216 კვ.მ მიწის ფართობი,” – ნათქვამია ქორეპისკოპოსის წერილში.

 

მარტო 2014 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოს საპატრიარქომ თბილისში 40 966 კვადრატული მეტრი მიწის ფართობის გადაცემა მოითხოვა ეკონომიკის სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან სიმბოლურ ფასად – 1 ლარად. მოთხოვილი მიწის ნაკვეთები თბილისის სხვადასხვა უბანშია განთავსებული – საბურთალოზე, ისანში, დიღომში, თემქაზე, ვაზისუბანში, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, დიდუბე-ჩუღურეთში და ა.შ.

 

თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი ტარიფებით, დედაქალაქში 1 კვ.მ მიწის ღირებულება 3-დან 2000 ლარამდეა. ბოლო 28 თვის მონაცემებით კი, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ეკონომიკის სამინისტროდან დაახლოებით 200 ათასი კვადრატული მეტრი მიწის (თბილისის მთლიანი ფართობის დაახლოებით 0.03%) გადაცემა მოითხოვა თბილისის ტერიტორიაზე თითო-თითო ლარად, მაშინ, როცა ყველაზე მინიმალური ტარიფით ამ მიწის ღირებულება 600 ათას ლარამდეა.

 

თბილისის გარდა, საპატრიარქო ახალი ეკლესიების მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთებს საქართველოს სხვა ქალაქებშიც ითხოვს. 2014 წლის 4 აპრილს პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს წერილით მიმართა, რომლითაც მოთხოვნილია ბათუმში, კახაბერის დასახლებაში 1158 კვადრატული მეტრის ერთ ლარად გადაცემა, მაშინ, როდესაც ამ მიწის მინიმალური ღირებულება 12 ათას ლარამდეა, რადგან აღნიშნულ ტერიტორიაზე 1 კვ.მ მიწის საბაზრო ღირებულება 10-დან 160 ლარამდეა.

 

“ეს იქნება დიდი დახმარება მრავალრიცხოვანი მრევლისთვის,” – ნათქვამია მიქაელ ბოტკოველის წერილში.

 

პატრიარქის მდივნის კიდევ ერთი წერილი, რომლითაც მან 11 აპრილს მიმართა ეკონომიკის მინისტრს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ოფრეთში 23 ჰა მიწის საპატრიარქოს სახელზე უსასყიდლოდ დარიგისტრირების მოთხოვნას ეხება:

 

“ვინაიდან მიწები განთავსებულია საზღვართან ახლოს და მის გადმოცემას სტრატეგიული და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობაც აქვს, გთხოვთ, თუ შესაძლებელია, დააჩქაროთ მათი უსასყიდლოდ დარეგისტრირება საქართველოს საპატრიარქოს სახელობაზე, რათა დავიწყოთ სტავროპიგიალური ეკლესიის და სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა,” – ნათქვამია მიქაელ ბოტკოველის წერილში.

 

მიწის ნაკვეთების გარდა, საპატრიარქო სიმბოლურ ფასად სხვადასხვა ქალაქში შენობა-ნაგებობების გადაცემასაც ითხოვს. მაგალითად, 2012 წლის 6 სექტემბერს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა თეოდორე ჭუაძემ წერილით მიმართა ეკონომიკის სამინისტროს და ბაღდათში პოლიციის ყოფილი შენობის გადაცემა მოითხოვა, მასში სასულიერო სკოლის გასახსნელად. მანვე იმავე წლის 7 ნოემბერს ეკონომიკის სამინისტროსგან ქარელში, #2 საბავშვო ბაღის შენობის გადაცემა მოითხოვა, ასევე, სასულიერო სკოლის გასახსნელად. ხობში, სოფელ პირველ მაისში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის გახსნისთვის საპატრიარქომ 12 414 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობების გადაცემა მოითხოვა 2014 წლის 14 თებერვალს; 12 მარტს კი – წალკაში მდებარე მუზეუმის შენობა, მასში რეზიდენციის განთავსების მიზნით. 2014 წლის 19 მარტს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობ იაკობიშვილმა დიმიტრი ქუმსიშვილს წერილობით მიმართა თბილისში, ივ. ჯავახიშვილის ქ. #69-ში “საქართველოს ტელერადიოცენტრის” საკუთრებაში არსებული 64 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული ორი შენობის გადაცემის თხოვნით, რადგან, როგორც ქორეპისკოპოსი წერს, ეს შენობები ალ. ნეველის სახელობის ეკლესიას ესაჭიროება ფუნქციონირებისთვის.

 

წმ. თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის განთავსების მიზნით საპატრიარქოს სხვადასხვა წერილებით ფართები აქვს მოთხოვნილი თბილისში, ყაზბეგის გამზ. #15-ში (საერთო შიდა ფართით 4525.2 კვ.მ ), დ. უზნაძის ქ. #68-ში, სპირიდონ კედიას ქ. #7-ში, თუმცა საბოლოოდ საპატრიარქოს აღნიშნული სასწავლო დაწესებულებისთვის დ. უზნაძის ქ. #68-ში არსებული უძრავი ქონება (შენობა-ნაგებობა #1, 2, 3, 4 და 5 არსებული თავისუფალი ფართები და მასზე დამაგრებული მიწის მიმდებარე ნაკვეთი) გადაეცა.

 

საპატრიარქოს სახელით სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში გაგზავნილ წერილებში არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ეკლესია ითხოვს სახელმწიფო დაწესებულებების მეორად ავეჯს, გამათბობლებს და ა.შ. მაგალითად, ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტის მდივანი 2013 წლის 29 მარტს ქუმისშვილისთვის გაგზავნილი წერილით ითხოვს, რომ ბათუმის რეგიონალური საგადასახადო სამსახურის რეორგანიზაციის შედეგად გამოთავისუფლებული ქონება უსასყიდლო სარგებლობისთვის თხოვების ფორმით გადაეცეს წმ. თედორე აჭარელის სახელობის საკვირაო სკოლას, ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კირიონ პირველის სახელობის საგანანათლებლო ცენტრს და ბათუმის წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეს. აღნიშნული წერილით მოთხოვნილია ტუმბოები, კონდიციონერები, კარადები, ხალიჩები, მაგიდები, 15 სანთლიანი ჭაღი და ა.შ.

 

არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც საპატრიარქო ითხოვს ჩოხატაურში სკოლის დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი მასალის, 30 ათასი ლარის ღირებულების თლილი ქვის გადაცემას ამავე რაიონის სოფელ ამაღლებაში ტაძრის მშენებლობისთვის. საპატრიარქოს, ასევე, მოთხოვნილი აქვს შპს “გლდანის საწარმოო კომბინატის” საკუთრებაში არსებული 1 და 2 ტონიანი გაუმართავი წისქვილების გადაცემა, რადგან, როგორც იაკობ იაკობიშვილი წერს, თიხის დასაფქვავი წისქვილები ეკლესიას კერამიკის საწარმოსთვის ესაჭიროება.

 

მიწის ნაკვეთების, შენობა-ნაგებობებისა და სხვადასხვა სახის ნივთების გარდა, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ეკონომიკის სამინისტროსგან მცხეთის შესასვლელში პომპეუსის ისტორიულ ხიდთან არსებული კუნძულის გადაცემაც მოითხოვა:

 

“როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, თქვენდამი რწმუნებული სამინისტრო აპირებს ქ. მცხეთის შესასვლელში პომპეუსის ისტორიულ ხიდთან არსებული კუნძული გაიტანოს აუქციონზე, რაც ყოვლად დაუშვებლად მიგვაჩნია, რადგან ეს კუნძულიც და მისი მიმდებარე მტკვრის მარცხენა ზოლიც (სადაც მდინარე იკეთებს ყურეს), არის ისტორიული და ამასთან, წმინდა ადგილი, სადაც ქართველთა განმანათლებელმა წმინდა ნინომ მონათლა წმ. მეფე მირიანი და წმ. დედოფალი ნანა(არაგვის მხარეს ხალხი მონათლა). ამ კონკრეტული ადგილიდან დაიწყო საქართველოს მოქცევა ქრისტიანობაზე. ამასთან, მთლიანად ეს ტერიტორია წარმოადგენდა ქ. მცხეთის ერთ-ერთ კარიბჭეს. გთხოვთ, აღნიშნული კუნძული გადმოსცეთ საქართველოს საპატრიარქოს, რათა აქ აშენდეს მცირე ზომის სამონასტრო კომპლექსი და ქართველთა მოქცევის ამსახველი სულიერი კულტურული ცენტრი,” – ნათქვამია წერილში, რომელიც პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობ იაკობიშვილმა მიწერა 2013 წლის 22 თებერვალს ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს.

მცხეთის შესასვლელში პომპეუსის ისტორიულ ხიდთან არსებული კუნძული, რომლის საკუთრებაში გადაცემაც საპატრიარქომ მოითხოვა
მცხეთის შესასვლელში პომპეუსის ისტორიულ ხიდთან არსებული კუნძული, რომლის საკუთრებაში გადაცემაც საპატრიარქომ მოითხოვა

 

ბოლო 28 თვის განმავლობაში ეკონომიკის სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში საპატრიარქოს სახელით გაგზავნილი წერილებით მხოლოდ ერთია კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ხელმოწერით. წერილი, რომელიც დათარიღებულია 2012 წლის 27 ივლისით, გაგზავნილია ეკონომიკის მაშინდელი მინისტრის, ვერა ქობალიას სახელზე და იგი ეხება თბილისში, გორგასალის #95-ში შპს ნიკოლოზ ბარნოვის სახელობის ჰოსპიტლის ბაზაზე საპატრიარქოს ახალი სამედიცინო ცენტრის აშენება-გარემონტების საკითხს. წერილში პატრიარქი აღნიშნავს, რომ 6456.47 კვ.მ ფართის შენობა უკვე მზადაა საპატრიარქოსთვის გადასაცემად. აღნიშნული შენობა დღეის მდგომარეობით ეკუთვნის “საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრს”.

 

საქართველოს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებული საკონსტიტუციო შეთანხმების მეშვიდე მუხლის მიხედვით, “სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს (მოქმედს და არამოქმედს), მათ ნანგრევებს, აგრეთვე, მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ისინია განლაგებული.”

 

2012 წლის 6 აგვისტოს პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა ეკონომიკის სამინისტროსთვის გაგზავნილი წერილით ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის მიმდებარედ 9086 კვადრატული მეტრი მიწის გადაცემა მოითხოვა საპატრიარქოსთვის, მასზე განთავსებული კედლის ნანგრევებთან ერთად.

საპატრიარქოს სახელით ქონების გადაცემის მოთხოვნით ეკონომიკის სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში, ბოლო 28 თვის მანძილზე ყველაზე მეტი – 47 წერილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოს იაკობ იაკობიშვილს აქვს გაგზავნილი; 21 წერილს ხელს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი აწერს; 18 წერილს კი – კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი თეოდორე ჭუაძე.

 


2014 წლის პირველ 4 თვეში საპატრიარქოს მიერ ეკონომიკის სამინისტროდან მოთხოვილი მიწის ნაკვეთები:

ქალაქი/რაიონი მოთხოვილი მიწის ნაკვეთი (კვ.მ) დანიშნულება
თბილისი, ვაჟა ფშაველას IV კვარტ. #1 კორპუსსა და VII კვარტ. #1 კორპუსს შორის 800 ეკლესიის მშენებლობა
თბილისი, #44 საბავშვო ბაღის მიმდებარედ 245 ეკლესიის მშენებლობა
თბილისი, შავიშვილის ქ. #2 მიმდებარედ 82 ეკლესიის მშენებლობა
თბილისი, მარშალ გელოვანის ქ. #6 306 ეკლესიის მშენებლობა
მარტყოფი 50001 მარტყოფის დედათა მონასტერს ეკლესიის მშენებლობისთვის
თბილისი, ამირეჯიბის ქ. 3074 ეკლესიის მშენებლობა
ბორჯომი, სოფ. ტაძრისი 321 ეპარქიას ესაჭიროება ფერმისთვის
ყაზბეგი, სოფ. კობი 100 000 ეპარქიის საჭიროებისთვის
მცხეთა 3798 ეპარქიის საჭიროებისთვის
მცხეთა 2421 ეპარქიის საჭიროებისთვის
თბილისი, პატარა ლილოს დასახლება 1625 ეკლესიის მშენებლობა
ზუგდიდი, ლაზის ქ. 27070 ეპარქიის რეზიდენციის მშენებლობისთვის
თბილისი, თემქის XI მ/რ I კვარტ. #20 ბ კორპუსის მიმდებარედ 1377 ეკლესიის მშენებლობა
თბილისი, ქინძმარაულის I შესახვევის #1 1095 წმ. ქეთევან წამებულის სახ. ეკლესია
მცხეთა, სოფ. კარსანი 757 წმ. ნინოს სახ. დედათა მონასტრისთვის
თბილისი, იოსებიძის ქ.72 და 74-ს შორის 497 ეკლესიის მშენებლობა
თბილისი, ჭიჭინაძის ქ. 12, 131-ე საჯარო სკოლის ტერიტორია 1200
გურჯაანი, თავისუფლების ქ. #10 3220.4
ახალციხე, სოფ. ანდრიაწმინდა 17 961
ახალციხე, სოფ. ანდრიაწმინდა 77 562.5
თბილისი, ვარდისუბნის ქ. 8, 133-ე საჯარო სკოლის ტერიტორია 2534 ეკლესიის მშენებლობა
დუშეთი, სოფ. მაღაროსკარი 547 მონასტრის გასახსნელად
დუშეთი, სოფ. ინო 10 000 მონასტრის გასახსნელად
სიღნაღი, წმ. ნინოს ქ. 3 377 ბოდბეს დედათა მონასტრისთვის
გორი, სოფ. ტყვიავი 560 დამაგრებულ შენობაში სასულიერო სკოლის განთავსებისთვის
გორი, თამარ მეფის ქ. 9728 დამაგრებულ შენობაში უპოვართა სასადილოს განთავსებისთვის
მცხეთა, ნაფეტვრები 2000 ეკლესიის მშენებლობა
თბილისი, ქავთარაძის ქ. #23, 122-ე საჯარო სკოლის ტერიტორია 1000
ბორჯომი, ახალდაბა, ვაჟა ფშაველას ქ. 41625 დამაგრებულ შენობებში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის განთავსებისთვის
თბილისი, მეტეხის აღმართი 1 217
თბილისის ზღვაზე 3841 ეკლესიის მშენებლობა
თბილისის ზღვაზე 8342 ეკლესიის მშენებლობა
დუშეთი, სოფ. ანანური 11836
თბილისი, მარშალ გელოვანის ქ. #6 216 ეკლესიის მშენებლობა
თბილისი, ივ. ჯავახიშვილის ქ. 69 64 დამაგრებული შენობების გადაცემა ალ. ნეველის სახელობის ეკლესიისთვის
თბილისი, უნივერსიტეტის ქ. 1600 ეკლესიის მშენებლობა
თბილისი, მელაანის ქ. #43 1865 ეკლესიის მშენებლობა
თბილისი, თაბორის მთა 2000 წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის სახ. ეკლესიის მშენებლობა
ბათუმი, კახაბერის დასახლება 1158 ტაძრის მშენებლობა
თბილისი, დიდი დიღმის დასახლებაში, ი. პეტრიწის ქ. #15-ის მიმდებარედ 5690 ტაძრის მშენებლობა
თბილისი, ორხევის დასახლება, ამირანაშვილის და ესენინის ქუჩების გადაკვეთაზე 1296 ეკლესიის მშენებლობა
ყაზბეგი, სტეფანწმინდა 1356 ეპარქიის საჭიროებისთვის
თბილისი, გურამიშვილის ქ. #84-ის მიმდებარედ 2000 ეკლესიის მშენებლობა
მარნეული, სოფ. ოფრეთი 230 000 სტავროპიგიალური ეკლესიის და სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა
სულ 636 264.9  


მასალების გადაბეჭდვის წესი