ახალი ამბები

ვოლფგანგ იშინგერი ნატო-ში გაწევრიანებაზე: ვეღარ დავტოვებთ საქართველოს ჰაერში გამოკიდებულს

2 ნოემბერი, 2018 • 1971
ვოლფგანგ იშინგერი ნატო-ში გაწევრიანებაზე: ვეღარ დავტოვებთ საქართველოს ჰაერში გამოკიდებულს

დღეს, 2 ნოემბერს, ბათუმში მიმდინარე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის მეხუთე პანელი გაიხსნა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის, ვოლფგანგ იშინგერის მიმართვით. პანელზე შავი ზღვის გეოპოლიტიკური პერსპექტივები მიმოიხილეს.

სამწუთნახევრიან ვიდეომიმართვაში იშინგერმა რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა მიმოიხილა და, რაც მთავარია, შეეხო საქართველოსთვის მთავარ საკითხს – ნატოში გაწევრიანებას.

„დროა, შევიმუშაოთ კონკრეტული გზამკვლევი საქართველოს ნატო-ში მომავალი წევრობისთვის და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადავდგათ. ჩვენ ვეღარ დავტოვებთ საქართველოს ჰაერში გამოკიდებულს, კონკრეტული გზამკვლევის და წინსვლის გეგმის გარეშე, ეს არამხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებას ავნებს, არამედ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სანდოობას დააყენებს ეჭვქვეშ“, – თქვა ვოლფგანგ იშინგერმა.

იშინგერმა ისაუბრა ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გამართულ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ძირითადი ჯგუფის შეხვედრის შესახებ, რომლის განხილვის თემა  – აღმოსავლეთის და დასავლეთის პრობლემები, მათ შორის იარაღის კონტროლისა და საშუალო სიშორის ბირთვული ძალების ხელშეკრულების საკითხები იყო. კონფერენციაზე განიხილეს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებიც.

„ბოლო წლების განმავლობაში შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა. ოთხი წლის წინ რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდგომ თქვენი რეგიონის უსაფრთხოება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. შავი ზღვის რეგიონი ევროპის, რუსეთისა და ახლო აღმოსავლეთის მნიშვნელოვანი წყალგამტარია. ის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს რუსეთსა და ნატო-ს შორის ურთიერთობებში და, რა თქმა უნდა, ის წარმოადგენს მნიშვნელოვან სატრანზიტო დერეფანს ახლო აღმოსავლეთის, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის.

რუსეთი დიდ ინტერესს გამოხატავს ამ რეგიონის მიმართ. ჩვენ უკვე ვიხილეთ ქართული ტერიტორიების ოკუპაცია, მხედველობაში მაქვს აფხაზეთისა და 2008 წელს სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია. უფრო მეტიც, 2014 წლის გაზაფხულზე ჩვენ ვნახეთ ყირიმის უკანონო ანექსია და შემდგომი კონფლიქტური სცენარები აღმოსავლეთ უკრაინაში, რომლებიც დღესაც მიმდინარეობს.

რუსეთის გავლენა, ასევე, ნეგატიურად აისახება დნესტრისპირეთისა და მთიანი ყარაბაღის პრობლემებზე. მე მაქვს მოლოდინი, რომ რუსეთი კვლავაც განაგრძობს ძალისხმევას აღმოსავლეთ ხმელთაშუაზთღვისპირეთში საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად, რათა წინ აღუდგეს ამ რეგიონებში ნატო-სა და აშშ-ის როლის გაძლიერებას. მე ასევე ველოდები, რომ რუსეთი გაზრდის თავის სამხედრო წარმომადგენლობას ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში. ის ასევე განაგრძობს ძალისხმევას სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის ბალკანეთის დასავლეთ ნაწილში. ყოველივე ამის ფონზე, ნატოს საკმაოდ გაუბედავი სტრატეგია აქვს წარმოდგენილი.

ბოლოს ბრიუსელში გამართულ ნატო-ს სამიტზე წარმოჩინდა შავი ზღვის ახალი სტრატეგიის წარმოების საჭიროება. ნატო-ს წარმომადგენლობა ამ რეგიონში საჭიროებს განახლებას. აღმოსავლეთ ფლანგის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებს შორის არსებული უსაფრთხოების დაუბალანსებელი მდგომარეობის რეაგირების გარეშე დატოვება ქმნის რისკს, რომ შავი ზღვის რეგიონი გადაიქცეს ნატოსთვის მოწყვლად ზონად.

ყოველივე ამის შუაგულში არის საქართველო, რომელმაც 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ განახორციელა უამრავი წარმატებული რეფორმა და წარმატებით თანამშრომლობს ნატო-სთან,“ – თქვა ვოლფგანგ იშინგერმა მიმართვაში.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია 2019 წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში პარტნიორის სტატუსით იქნება წარმოდგენილი.

ვოლფგან იშინგერის ვიდეომიმართვა და მისი ქართული თარგმანი, თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

ვოლფგანგ იშინგერის სიტყვით მიმართვა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე

#GDSC2018მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის, ვოლფგანგ იშინგერის სიტყვით მიმართვა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის მეხუთე პანელზე, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციასთან პარტნიორობით გაიმართა და შავი ზღვის გეოპოლიტიკის პერსპექტივების განხილვას დაეთმო.

Posted by საქართველოს თავდაცვის სამინისტრო / Ministry of Defence of Georgia on პარასკევი, 02 ნოემბერი, 2018

მასალების გადაბეჭდვის წესი