ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ციხელაშვილი: სამხედრო სიმულაციური თამაშები არც აფხაზური საზოგადოებისთვისაა მისაღები

2 ნოემბერი, 2018 • 1451
ციხელაშვილი: სამხედრო სიმულაციური თამაშები არც აფხაზური საზოგადოებისთვისაა მისაღები

„ჯერ არ შემხვედრია აფხაზური საზოგადოებიდან ადამიანი, რომელსაც არსებული მდგომარეობა სიამაყისა და კმაყოფილების გრძნობას უჩენს“, -აცხადებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სოხუმსა და სხვა ქალაქებში ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე საუბრისას.

მისი თქმით, გარემო, რომელშიც ბავშვებს უწევთ ყოფნა, კერძოდ, ბაღებსა და სკოლებში სამხედრო სიმულაციურ თამაშებში ჩართვის შემთხვევები “გავლენას ახდენს მათ ფსიქიკასა და მომავალზე, რისი უფლებაც არავის აქვს”.

„იქაური საზოგადოების ძალიან ბევრი წარმომადგენლისათვის ეს არ არის მისაღები. საჭიროა კონკრეტული ქმედებები და ნაბიჯები მდგომარეობის გამოსასწორებლად. დარწმუნებული ვარ, თითოეულ ჩვენგანს უნდა მშვიდობა და უკეთესი მომავალი ჩვენი შვილებისათვის. ეს იწყება ბაღებში, სკოლებსა და ოჯახებში და ჩვენ ამისათვის აუცილებლად ერთად უნდა ვიმუშაოთ, თუ საჭიროა საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატით, საერთაშორისო ინსტრუმენტებით, ბევრი შეხვედრითა და საუბრით.

ეს ისეთი თემაა, როცა ყველა დეპოლიტიზებული ინსტრუმენტის გამოყენება მიზანშეწონილია, რადგან ბავშვებზეა საუბარი. დარწმუნებული ვარ, ამით არა მხოლოდ ქართული საზოგადოებაა დაინტერესებული, არამედ იქაური საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილიც”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საჯარო სკოლების მოსწავლეები და საბავშვო ბაღების აღსაზრდელები სამხედრო სიმულაციურ თამაშებსა და წარმოდგენებში მონაწილეობენ. აღნიშნული ფაქტების ამსახველი ვიდეომასალები შეგიძლიათ იხილოთ აქ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი