ახალი ამბები

გახარია და კობახიძე სამედიცინო კანაფის კანონპროექტზე პატრიარქს შეხვდებიან

2 ნოემბერი, 2018 • 1262
გახარია და კობახიძე სამედიცინო კანაფის კანონპროექტზე პატრიარქს შეხვდებიან

შს მინისტრი გიორგი გახარია და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდებიან.

ამის შესახებ “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

შეხვედრაზე განსახილველი ერთ-ერთი თემა სამედიცინო კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროეტი იქნება. კანონპროექტის განხილვა პარლამენტში შეჩერებულია, საპატრიარქო კი მის გაწვევას ითხოვს.

კანაფის კონტროლის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შეიქმნება სპეციალური სააგენტო, რომლის მიზანიც იქნება მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგულირება და კონტროლი. ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემის წესს საქართველოს მთავრობა ადგენს, ხოლო აუქციონზე გამოტანილი ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშწორების წესს, ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონის პრინციპების დაცვით, ადგენს სააგენტო. ლიცენზია მხოლოდ 5 წლის ვადით გაიცემა.

აღსანიშნავია, რომ მცენარე კანაფის დათესვა, მოყვანა და კულტივაცია მხოლოდ დახურულ შენობა-ნაგებობებში (სავარაუდოდ, სათბურებში) იქნება დასაშვები შესაბამისი ლიცენზიით. გადამუშავებული მარიხუანის ან ამავე მცენარის შემცველი პროდუქტებიც ასევე დახურულ შენობა-ნაგებობაში უნდა ინახებოდეს.

მარიხუანის დათესვა, მოყვანა და კულტივირება, გადამუშავება, შენახვა, წარმოება ნებადართული იქნება მხოლოდ ისეთ შენობა-ნაგობებაში, რომლებიც დააკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ უსაფრთხოების სტანდარტებს, მათ შორის, შენობა-ნაგებობა აღჭურვილი უნდა იყოს შუქ-ხმოვანი სიგნალიზაციით, სადღეღამისო დაცვით და ვიდეომეთვალყურეობის სისტემით როგორც შიდა, ასევე გარე პერიმეტზე.

კანონპროექტი კრძალავს კანაფის ინდუსტრიაში 21 წლამდე ასაკის პირების ჩართვას/დასაქმებას.

სამედიცინო მარიხუანის ბიზნესისთვის 10 ლიცენზია გაიცემა. კანონპროექტის მიხედვით, თითო ლიცენზია 25 ათასი ლარი ღირს. მაგალითად, მხოლოდ კანაფის თესლის/ნერგის იმპორტის ლიცენზია 25 ათასი ლარი ეღირება, ისევე როგორც სხვა ლიცენზიები.

მასალების გადაბეჭდვის წესი