ჯოზეფ დაული

შემაშფოთებელია ძალადობის ტალღა ოპოზიციის მიმართ – დაული ახალქალაქის ინციდენტზე

ახალქალაქში, გრიგოლ ვაშაძის შტაბში 30 ოქტომბერს მომხდარ ინციდენტს ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ჯოზეფ დაული ეხმაურება. ის მომხდარს ოპოზიციის წინააღმდეგ ძალადობად აფასებს და ფაქტს შემაშფოთებელს უწოდებს.

” საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი რაუნდის შემდეგ განხორციელებული ძალადობის ტალღა გაერთიანებულ ოპოზიციასთან “ძალა ერთობაშია” დაკავშირებული წევრების მიმართ შემაშფოთებელია. მოძალადეები  კანონის წინაშე უნდა წარდგნენ და მთავრობამ თავისუფალი და სამართლიანი მეორე რაუნდის ჩატარება უნდა უზრუნველყოს”, – აღნიშნავს ის ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გაერთიანებული ოპოზიცია აცხადებს, რომ 30 ოქტომბერს, გრიგოლ ვაშაძის ახალქალაქში მდებარე შტაბი მმართველი პარტიის 30-მდე აქტივისტმა დაარბია. ინციდენტის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი ნინოწმინდაში, ენზელ მკოიანი გამორიცხავს ინციდენტის პროვოცირებას მმართველი პარტიის წევრების მიერ.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით დაიწყო, რაც წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ ხულიგნობას გულისხმობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან