ახალი ამბები

Google-ს თანამშრომლები კომპანიაში სექსუალური შევიწროების პრაქტიკას აპროტესტებენ

1 ნოემბერი, 2018 • 1991
Google-ს თანამშრომლები კომპანიაში სექსუალური შევიწროების პრაქტიკას აპროტესტებენ

ხუთშაბათს, 1 ნოემბერს, Google-ს თანამშრომლებმა სამუშაო დღის მიმდინარეობისას ოფისებიდან საპროტესტო აქციებზე გადაინაცვლეს. Washington Post-ის ცნობით, მიზეზი ბოლო პერიოდში გახმიანებული ცნობებია კომპანიაში სექსუალური შევიწროების ტენდენციის შესახებ.

მიმდინარე კვირის დასაწყისში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საპროტესტო “ქალთა მსვლელობას” Google-ს 200 ინჟინერი გეგმავდა, თუმცა კამპანია თანდათან გაფართოვდა და სხვადასხვა ქვეყნებში მდებარე ოფისები გააერთიანა. ხუთშაბათს საპროტესტო მოძრაობის ტვიტერ-გვერდზე გავრცელებულ ფოტო-ვიდეომასალაში ჩანს, რომ თანამშრომლები შეკრებებზე გამოვიდნენ ბერლინში, დუბლინში, ლონდონში, სინგაპურში, ჟენევასა და სხვა ქალაქებში.

საპროტესტო მოძრაობის დაწყებამდე 1 კვირით ადრე New York Times-მა გამოაქვეყნა პუბლიკაცია, რომელშიც საუბარი იყო, რომ Google ცდილობდა მიეჩქმალა ინფორმაცია სექსუალური შევიწროების შესახებ კომპანიის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან. მათ შორის იყო ენდი რუბინი – Android software-ს შემქმნელი, რომელმაც მასალის მიხედვით $90 მილიონი გადაიხადა 2014 წელს, თანამდებობის დატოვებისას, როცა გამოძიებამ სექსუალური შევიწროების შესახებ მის წინააღმდეგ არსებული ბრალდებების სანდოობა დაამტკიცა. რუბინმა ბრალდებები ტვიტერზე უარყო და მის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის შესახებ ისაუბრა.

კიდევ ერთი ისტორია გაზეთმა გამოაქვეყნა Google-ს პარტნიორ “ალფაბეტის” დირექტორ რიჩარდ დევოლზე, რომელსაც თანამშრომელი ქალი ასევე სექსუალურ შევიწროებაში სდებდა ბრალს. ის სამშაბათს გადადგა.

როგორც NY Times-ს Google-ში განუცხადეს, ბოლო 2 წლის მანძილზე სექსულაურ შევიწროებაში მონაწილეობის გამო 48 თანამშრომელი დაითხოვეს, მათ შორის, 13 გენერალური მენეჯერი და სხვა მაღალი თანამდებობის პირი.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, კამპანიიაში მონაწილე თანამშრომლები არ ფიქრობენ, რომ ხელმძღვანელობა საკმარისად ირჯება მწვავე პრობლემის მოსაგვარებლად.

“ჩვენ ველოდით ხელმძღვანელობას ამ პრობლემის გადასაჭრელად, თუმცა მივედით დასკვნამდე: ჩვენთვის ამას არავინ გააკეთებს”, – წერენ ისინი და ასევე აღნიშნავენ, რომ გაზეთში გამოქვეყნებული ისტორიები მთლიანი სურათის მცირე ნაწილია და ასეთი შემთხვევები ათასობით ხდება.

Washington Post-სთვის მიწერილ მეილში Google-ს ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მხარს უჭერს თანამშრომელთა პროტესტს, რომელთაც აქციებში მონაწილეობა არჩიეს.

“თანამშრომლებმა კონსტრუქციული იდეები წარმოადგინეს, თუ როგორ უნდა გავაუმჯობესოთ პოლიტიკა. ყველა შეფასებას მხედველობაში ვიღებთ, შესაბამისად, შეგვეძლება, იდეები ქმედებებად ვაქციოთ”, – ნათქვამია წერილში.

მასალების გადაბეჭდვის წესი