ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთმა აზერბაიჯანს, შესაძლოა, სავიზო რეჟიმი დაუწესოს

12 მაისი, 2014 • • 1533
რუსეთმა აზერბაიჯანს, შესაძლოა, სავიზო რეჟიმი დაუწესოს
რუსეთის ფედერაციის საიმიგრაციო სამსახურის ხელმძღვანელმა კონსტანტინ რომოდანოვსკიმ 29 აპრილს განაცხადა, რომ დღესდღეობით რუსეთის ტერიტორიაზე 3.7 მილიონი არალეგალი მიგრანტი იმყოფება. “ნეზავისიმაია გაზეტას” ცნობით, მაისის დღესასწაულების შემდეგ “კომუნისტები” რუსეთის დუმის ქვედა პალატაში შეიტანენ კანონპროექტს, რაც სამუშაო ვიზების შემოღებას ითვალისწინებს დსთ-ს იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებიც საბაჟო კავშირის წევრები არ არიან. 4 აპრილს კი რუსეთის სათათბირო ორგანომ მიიღო კანონი, რომლითაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსულენოვან მოსახლეობას გამარტივებულად შეუძლიათ მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა.

სეიმურ კაზიმოვი
სეიმურ კაზიმოვი

 

ამ კანონმა ეჭვები აღძრა აზერბაიჯანში. ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ რუსული პასპორტების დარიგების მეთოდი რუსეთმა უკვე გამოიყენა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში და არ არის გამორიცხული, იგივე გაიმეოროს მთიანი ყარაბაღის შემთხვევაშიც. თუმცა აზერბაიჯანის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ვაფა გულუზადე აცხადებს, რომ რუსეთს უკვე ისედაც აქვს ოკუპირებული მთიანი ყარაბაღი:

 

“თუკი მთიანი ყარაბაღი იქნებოდა აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ და იქაური მოსახლეობა მოითხოვდა დამოუკიდებლობას, მაშინ შეგვეძლო ამ შიშებზე საუბარი”.

 

დსთ-ს იმ ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის შესაძლო შემოღება, რომლებიც არ ირიცხებიან საბაჟო კავშირში, აჩვენებს, რომ რუსეთმა ჩართო მეზობელ სახელმწიფოებზე ზემოქმედების ყველა მექანიზმი. პასპორტების დარიგების თაობაზე რუსეთის გადაწყვეტილებაც ამ სტრატეგიისა და პოლიტიკის ნაწილია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოსკოვი მიგრანტებს არჩევანის წინაშე აყენებს: ან რუსეთის პასპორტები და მოქალაქეობა მიიღონ, ან იმოგზაურონ სავიზო რეჟიმის პირობებში.

 

პოლიტოლოგი ელხან შაჰინოღლუ მიიჩნევს, რომ რუსეთს სურს მისი გავლენის წრე გააფართოოს მეზობელი ქვეყნების მოქალაქეების მიზიდვით:

 

“მიზანია გავლენის გაძლიერება ამ ქვეყნებზე, მათივე მოქალაქეების გამოყენებით, რომლებიც რუსეთის პასპორტებს მიიღებენ. უხეშად რომ ვთქვათ, მოსკოვის პირობები ასეთია: თუ გსურს ჩემს ქვეყანაში ფულის შოვნა შენი ოჯახის გამოსაკვებად, მაშინ უნდა ჩაიდო რუსეთის პასპორტი ჯიბეში და გავლენა მოახდინო შენი ქვეყნის პოლიტიკაზე ისე, რომ ისინი ითვალისწინებდნენ კრემლის ინტერესებს,” – აცხადებს შაჰინოღლუ.

 

ოფიციალური ინფორმაციით, აზერბაიჯანის 2 მილიონი მოქალაქე იმყოფება სამუშაოდ რუსეთის ფედერაციაში. ასევე, ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთიდან აზერბაიჯანის მოქალაქეების ფულადი გზავნილების მოცულობა წელიწადში დაახლოებით 1.8 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

 

რუსეთის ფედერაციის საელჩომ აზერბაიჯანში უკვე გამოაცხადა, რომ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღება, შეუძლიათ მიმართონ საკონსულოს. მათ გამოაქვეყნეს ინფორმაცია საჭირო პროცედურებისა და ტარიფების თაობაზეც.

 

აზერბაიჯანის რამდენმა მოქალაქემ მიმართა რუსეთის საელჩოს ბაქოში მოქალაქეობის მიღების თხოვნით, ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს. აზერბაიჯანის ზოგიერთი მედიასაშუალების ცნობით, რუსეთის საელჩოში მათ განუცხადეს, რომ აზერბაიჯანის “ძალიან ბევრმა” მოქალაქემ მიმართა მათ შესაბამისი განაცხადით და ეს რაოდენობა “სულ უფრო იზრდება”. ბაქოში რუსეთის საელჩოს წარმომადგენლებმა ჩვენს შეკითხვებს არ უპასუხეს, ზუსტი სტატისტიკური მონაცემები რომ მიგვეღო იმ ადამიანების შესახებ, რომლებსაც რუსული პასპორტების მიღება სურთ.

 

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხალაფ ხალაფოვი აცხადებს, რომ ყველა ქვეყანას თავისი საიმიგრაციო პოლიტიკა აქვს და მოქალაქეობის მინიჭების საკითხი ქვეყნის შიდა კანონმდებლობით რეგულირდება:

 

“ეს საკითხები ქვეყნების შიდა კანონმდებლობისა და ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე უნდა დარეგულირდეს”.

აზერბაიჯანის კანონმდებლობით, რუსეთისგან განსხვავებით, ორმაგი მოქალაქეობა დაუშვებელია.

epa03823457 Russian President Vladimir Putin (L) and Azerbaijani President Ilham Aliyev (R) attend a joint news conference following their talks at the Zagulba state residence in Baku, Azerbaijan, 13 August 2013. Vladimir Putin is on a one-day working visit in Azerbaijan.  EPA/MIKHAIL KLIMENTYEV / RIA NOVOSTI / KREMLIN POOL MANDATORY CREDIT
epa03823457 Russian President Vladimir Putin (L) and Azerbaijani President Ilham Aliyev (R) attend a joint news conference following their talks at the Zagulba state residence in Baku, Azerbaijan, 13 August 2013. Vladimir Putin is on a one-day working visit in Azerbaijan. EPA/MIKHAIL KLIMENTYEV / RIA NOVOSTI / KREMLIN POOL MANDATORY CREDIT

 


 

სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი