ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

2019 წელს აფხაზეთმა რუსეთს 1 მილიონ დოლარზე მეტი ვალი უნდა გადაუხადოს

1 ნოემბერი, 2018 • 2420
2019 წელს აფხაზეთმა რუსეთს 1 მილიონ დოლარზე მეტი ვალი უნდა გადაუხადოს

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ 2019 წლის ბიუჯეტი განიხილა, რომლის დროსაც დე ფაქტო რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრმა, ჯანსუღ ნანბამ აფხაზეთის საგარეო ვალის შესახებ ისაუბრა. 

აფხაზეთს საგარეო ვალი დაედო რუსეთსა და აფხაზეთს შორის 2010 წელს ხელმოწერილი შეთანხმების შემდეგ. აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებდა აფხაზეთის რკინიგზის აღდგენისა და განვითარებისთვის აფხაზეთისთვის საექსპორტო კრედიტს 2 მილიარდი რუბლის [30 მილიონ აშშ დოლარზე მეტი] ოდენობით.

“კრედიტი 2013 წლამდე გაიხარჯა, თუმცა აფხაზეთის რკინიგზა არც აღდგენილა და არც განვითარებულა. ამასთან, ოფიციაულრად არავის განუმარტავს, სად დაიხარჯა 2 მილიარდი რუბლი. ამის მიუხედავად, აფხაზეთი უკვე მერამდენე წელია აღნიშნულ კრედიტს იხდის”, – ვკითხულობთ ეხოკავკაზას  სტატიაში.

როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი ნანბა ამბობს, მხოლოდ 2019 წელს ბიუჯეტიდან 86 მილიონი რუბლი [1,308,330 აშშ დოლარი] ამ საგარეო ვალის ნაწილის დასაფარად უნდა მიემართოს.

2019 წლისთვის აფხაზეთი რუსეთისგან 4,4 მილიარდი რუბლის [67 მილიონი აშშ დოლარი] ოდენობის დახმარებას ელოდება, მათ შორის 2,8 მილიარდი [43 მილიონი აშშ დოლარი] სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის.

2019 წელს რუსეთის დახმარება 2018 წელთან შედარებით 117 მილიონი რუბლით [1,779,930 აშშ დოლარი] მეტია, თუმცა აფხაზური სტრუქტურები ფულის სიმცირეს უჩივიან. მაგალითად, გარი არჩბა, დე ფაქტო რესპუბლიკის შს მინისტრი ამბობს, რომ ფულის სიმწირის გამო მილიციის თანამშრომლებს არ აქვთ შესაბამისი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი, ასევე, სატრასპორტო საშუალებების პრობლემის წინაშე დგანან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი