ახალი ამბები

ბათუმში რიგით მე-12 “საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია” მიმდინარეობს

1 ნოემბერი, 2018 • 1200
ბათუმში რიგით მე-12 “საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია” მიმდინარეობს

ბათუმში რიგით მეთორმეტე “საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია” (GDSC) მიმდინარეობს. პირველი პანელი “ქვეყნები ზეწოლის ქვეშ – საფრთხეებთან გამკლავება”” არსებული სიტუაციის ანალიზს მიეძღვნა. დისკუსიას “პენ ბაიდენის დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის ცენტრის” ხელმძღვანელი, პენ ბაიდენი უძღვებოდა.

პანელში მონაწილეობდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, ევროპული პოლიტიკის ცენტრის (CEPA) ხელმძღვანელი ბრაიან ვიტმორი, საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეტ რუდი.

პანელის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი მხოლოდ საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეტ რუდმა გააკეთა:

“მე მონაწილეობა მივიღე პანელზე სახელწოდებით “ქვეყნები ზეწოლის ქვეშ – საფრთხეებთან გამკლავება”. ამ კონტექსტში საქართველო არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც გარე წყაროებიდან მნიშვნელოვანი საფრთხის ქვეშ დგას. ჩვენ ვისაუბრეთ იმ გზებზე, რომლითაც ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან და სხვა ქვეყნებთან, რათა დავეხმაროთ, გაუმკლავდნენ საფრთხეებს. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ სამხედრო უსაფრთხოების სფეროში ძალიან ძლიერ და მზარდ თანამშრომლობაზე საქართველოსა და შეერთებულ შტატებს, ასევე, ნატოს შორის. ეს ხელს უწყობს საქართველოს გაძლიერებასა და მზაობას საკუთარი ტერიტორიული თავდაცვისთვის. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ აძლიერებს ქვეყნებს მათი შიდა სტაბილურობისთვის გატარებული ღონისძიებები. ჩვენ ვისაუბრეთ მდგრადობის შესახებ, ინფორმაციის და დეზინფორმაციის შესახებ, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების შესახებ და მთელი ქვეყნის მობილიზების შესახებ საერთო თავდაცვისთვის, რათა შეძლონ თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევებს გაუმკლავდნენ. ეს ყველაფერი არის ის, რითაც ამერიკის შეერთებული შტატები გვერდში უდგას საქართველოს და ეხმარება მას” – განაცხადა რუდმა.

ელიზაბეტ რუდის თქმით, მიმდინარე კონფერენცია არის კარგი შესაძლებლობა, რომელიც ყოველ წელს აძლევს საშუალებას ქვეყნებს, დაანახონ თავიანთი მხარდაჭერა საქართველოს.

“განვიხილოთ საქართველო რეგიონული და გლობალური გამოწვევების კონტექსტში. კონფერენცია ასევე მნიშვნელოვანია ექსპერტებისა და მთავრობის წარმომადგენლებისთვის რეგიონიდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, რადგან დიალოგი ხელს უწყობს საქართველოს გზას ევროატლანტიკურ ინტეგრაციისკენ,” – განაცხადა ელიზაბეტ რუდმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი