პირველი ტურის შემდეგ ზურაბიშვილს 77 ათასი შესწირეს, ენმ-ს – 156 ათასი ლარი

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართა, მეორე ტურში გასული კანდიდატებისთვის თანხის შეწირვა მხარდამჭერებმა არჩევნების მეორე დღესვე დაიწყეს.

აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით ირკვევა, რომ ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილს 28 ოქტომბრის შემდეგ 77 ათასი ლარი შესწირეს, ხოლო “ნაციონალურ მოძრაობას” – 155 835 ლარი. მეორე ტურში გასული გრიგოლ ვაშაძე საპრეზიდენტო არჩევნებზე სწორედ “ნაციონალური მოძრაობისა” და კიდევ 9 პარტიის გაერთიანების საერთო კანდიდატია.

“ნაციონალურ მოძრაობას” პირველი ტურის შემდეგ ყველაზე მეტი თანხა, 60 ათასი ლარი, ზაზა ბიბილაშვილმა შესწირა. თითქმის იგივე თანხა – 59 880 ლარი კი, ლია გრინმა.

თუმცა, საერთო ჯამში, სალომე ზურაბიშვილის მიერ საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან (28 აგვისტო) დღემდე, 1-ელ ნოემბრამდე, მიღებული აქვს 4 893 084 ლარი, რაც რამდენჯერმე აღემატება ყველა სხვა კანდიდატის მიერ მიღებული თანხის ჯამურ ოდენობას. შედარებისთვის, ენმ-სა და მის პარტნიორებს (კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე) იმავე პერიოდში მხოლოდ 860 713 ლარი შესწირეს.

2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, პირველ ადგილზე “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გავიდა. ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო. მეორე ადგილზე 37.74%-ით პოლიტიკური გაერთიანება “ძალა ერთობაშიას” კანდიდატი გრიგოლ ვაშაძეა. იმის გამო, რომ პირველივე ტურში ხმების 50%-ზე მეტი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო, 2 დეკემბრამდე უნდა გაიმართოს არჩევნების მეორე ტური.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.