ახალი ამბები

ნატა ფერაძე მთაწმინდაზე მშენებლობას აპროტესტებს და დახმარებას ითხოვს

1 ნოემბერი, 2018 • 1718
ნატა ფერაძე მთაწმინდაზე მშენებლობას აპროტესტებს და დახმარებას ითხოვს

თბილისში, გოგებაშვილის პირველ შესახვევში, გუნიას გასასვლელთან, მშენებლობა განახლდა. აქტივისტი ნატა ფერაძე მშენებლობლობის ადგილზე იმყოფება და ცდილობს, სამშენებლო სამუშაოები შეაჩეროს. როგორც მან ნეტგაზეთს უთხრა, ადგილს, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს, ძველი გენერალური გეგმით რეკრეაციული ზონის სტატუსი ჰქონდა. ფერაძე განმარტავს, რომ მშენებელი კომპანია სამუშაოებს წესების დარღვევით აწარმოებს.

“მშენებლობა ე.წ მშრალი წესით მიმდინარეობს და მთელი უბანი მტვერშია გახვეული. ეს მეწყრული ზონაა და გეოლოგების დასკვნა გვაქვს, რომ აქედან უბანი დაიმეწყრება. ნებართვა მერიამ კანონდარღვევით გასცა,” – ამბობს ნატა ფერაძე.

 

Posted by Nata Peradze on Thursday, November 1, 2018

აქტივისტის თქმით, ყველანაირად შეეცდება, მშენებლობა გააჩეროს. ნატა ფერაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ადგილზე მივიდნენ, რათა კომპანიამ მშენებლობის გაგრძელება ვეღარ შეძლოს.

“ვისაც ქალაქი გადარდებთ, მოდით,” – ამბობს ნატა ფერაძე.

თბილისის მერიაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ლანდშაფტურ სარეკრეაციო ზონა ვრცელდებოდა მთლიან მონაკვეთზე, თუმცა 2012 წელს ნაწილს სტატუსი შეეცვალა და ამ ტერიტორიაზე მშენებლობა დასაშვები გახდა. მათივე ინფორმაციით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე ნებართვა 2014 წელს გაიცა.

“ზედამხედველობის სამსახურმა 2018 წელს მშენებლობა გარკვეული პერიოდი შეაჩერა, თუმცა კომპანიამ წარმოადგინა ყველა საბუთი. აქედან გამომდინარე, მერიას უფლება არ ჰქონდა მშენებლობა შეეჩერებინა. როგორც ზონალობის ცვლილება, ისე მშენებლობის ნებართვა, გაიცა გიგი უგულავას მერობის პერიოდში, თანაც, 5-წლიანი მშენებლობის ვადით. ამ ეტაპზე მერია დამატებით სწავლობს საკითხს,” – აცხადებენ მერიაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი