ახალი ამბები

“სოციალურ ქსელებში მეც ისეთ საოცრებებს ვიღებ” – ბესელია გიგაურის მიმართ შესაძლო მუქარაზე

1 ნოემბერი, 2018 • 1563
“სოციალურ ქსელებში მეც ისეთ საოცრებებს ვიღებ” – ბესელია გიგაურის მიმართ შესაძლო მუქარაზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ამბობს, რომ სოციალურ ქსელებში მუქარისმაგვარ შეტყობინებებს ყველა პოლიტიკურად აქტიური ადამიანი იღებს და საჭირო არაა დრამატიზება.

თუმცა, ბესელიას თქმით, არც რეაგირების არქონაა სწორი, ამიტომ სამართალდამცველი ორგანოები მოახდენენ კლასიფიცირებას, რა არის სისხლის სამართლებრივ კატეგორიაში გასაყვანი და რა – არა.

ეს კომენტარი ბესელიამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის მიმართ სოციალურ ქსელებში განხორციელებული მუქარის საკითხის კომენტირებისას განაცხადა:

„სოციალურ ქსელში მეც და ყველა ადამიანი ისეთ საოცრებებს ვიღებთ ღიად, პირადში, რომ არ ვიცი… ვინ რას წერს… საოცრება ხდება სოციალურ ქსელებში. მე მგონი, რომ არ დარჩა არავინ, ვინც ერთმანეთს არ ემუქრებოდეს ახლა. მუქარას სისხლის სამართლის კოდექსში აქვს დატვირთვა, ანუ რეალური მუქარა, რომელიც უკვე შეიცავს გარკვეულ დანაშაულის ნიშნებს.

ამიტომ სამართალდამცველი ორგანოები მიხედავენ ამ შემთხვევასაც და სხვა შემთხვევებსაც. ზოგადად, ახლა არის ძალიან დიდი აგრესია, რომელიც მოდის საზოგადოებაში. ემოციური ფონიც მაღალია, მეორე ტურიც ახლოვდება, მესმის ეს განწყობები, მაგრამ ჩვენ, ხელისუფლება გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მშვიდად და დემოკრატიულად ჩავატაროთ მეორე ტური“, – განაცხადა ბესელიამ.

დეპუტატი არ მიიჩნევს, რომ ეკა გიგაურისადმი მუქარა არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი ხელისუფლების კრიტიკას მოჰყვა:

„ვინმე მეტყვით აქ, რომ თქვენ არ მიგიღიათ რაიმე მუქარისმაგვარი, თუ მუქარა არა? მე გაჩვენებთ ჩემს სოციალურ გვერდს. თუ მეტყვით, რომ ვინმე ასეთი არსებობს, ვიღაცა ვიღაცას ახლა ან არ ეჩხუბება, ან არ ემუქრება, ან უცენზუროდ არ მიმართავს, მე ასეთი ადამიანი უკვე ვეღარ წარმომიდგენია, თუ იგი ოდნავ მაინც აქტიურია პოლიტიკურად და რაიმე მგრძნობიარე პოზიციას აფიქსირებს.

ამიტომ არ გვინდა დრამატიზება, მაგრამ არც ის არ გვინდა, რომ რაიმეზე რეაგირება არ გავაკეთოთ. ამიტომ კლასიფიცირება ხდება, რა არის სისხლის სამართლებრივ კატეგორიაში გასაყვანი და რა – არა. ამისთვის არის საგამოძიებო ორგანოები, მათ აქვთ დავალება – იმუშაონ პოლიტიკური ნეიტრალიტეტით, აბსოლუტურად მიუკერძოებლად დაადგინონ ფაქტები“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელმა მუქარისშემცველი პირადი შეტყობინების მიღების ფაქტზე შსს-ს გამოძიების მოთხოვნით მიმართა და დღეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

გიგაურის თქმით, მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი აგრესიული გზავნილი მიიღო სოციალურ ქსელში. „ამ მუქარაში გამოიყენებოდა ზუსტად ის სიტყვები, რომლებსაც იყენებდა პარლამენტის თავმჯდომარე და ამას კიდევ ემატებოდა მუქარის შემცველი სიტყვები“,- განაცხადა ეკა გიგაურმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი