ცხინვალში კონფლიქტის ზონაში დაკავებულთა მიმართ ჯარიმების გაზრდა გადაწყვიტეს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის საპარლამენტო კომიტეტზე “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის შესახებ” კანონში ცვლილებები განიხილეს და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ იმსჯელეს.

კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმების ოდენობის ზრდას “საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის”, რადგანაც, როგორც ცხინვალის წარმომადგენლები აცხადებენ, არსებული ჯარიმების ოდენობა არაეფექტურია და არ უწყობს ხელს კანონდარღვევათა შემცირებას.

შესაბამისად, ჯარიმის ოდენობის გაზრდა, მათი მტკიცებით, კანონდარღვევათა რაოდენობებს შეამცირებს. ამასთან, მათი ბიუჯეტის შემოსავლებს გაზრდის.

კანონპროექტი განსახილველად დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის პრეზიდიუმს გადაეცემა.

ჯარიმა სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის 1000-დან 2000 რუსული რუბლიდან [32 აშშ დოლარამდე ] 20 ათას რუსულ რუბლამდე [დაახლოებით 305 აშშ დოლარი] იზრდება, თანამდებობის პირებისთვის  – 30-50 ათას რუსულ რუბლამდე [456-დან – 760 აშშ დოლარი].

აღნიშნული ბრალდებით საქართველოს მოქალაქეებს რუსი სამხედროები პერიოდულად აკავებენ. როგორც წესი, მათ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის ამოქმედებისა და ჯარიმის გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ. ცხინვალის ცნობითვე, საზღვრის რეჟიმი 2018 წლის ივნისში 73-მა, ივლისში 70-მა, აგვისტოში – 56-მა ადამიანმა დაარღვია.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ყველაზე მეტი ადამიანი საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 2015 წელს დააკავეს, 163 პირი კი გაიტაცეს.

ფოტო: sputnik-ossetia

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი