ახალი ამბები

აიისა და ბირჟა მაფია – რის გამო გაუარესდა საქართველოში ინტერნეტის თავისუფლების რეიტინგი

1 ნოემბერი, 2018 • 2361
აიისა და ბირჟა მაფია – რის გამო გაუარესდა საქართველოში ინტერნეტის თავისუფლების რეიტინგი

საქართველოში ინტერნეტთავისუფლების რეიტინგი ერთი ქულით გაუარესდა, თუმცა ქვეყანაში ინტერნეტი კვლავ თავისუფალია. ამის შესახებ წერია Freedom House-ის ახლად გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელიც აღწერს საქართველოში 2017 წლის 1-ლი ივნისიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით არსებულ პერიოდს.

ერთ-ერთი მთავარი მიგნება, რაც აღნიშნულ კვლევაში დაფიქსირდა, არის ის, რომ საქართველოში ინტერნეტზე წვდომა გაიზარდა და 60.5%-ს მიაღწია.

როგორც გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია წერს, მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტი საქართველოში სრულად თავისუფალია, დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა ქვეყნის რეიტინგზე. ამ შემთხვევებს შორის კი დასახელებულია სასამართლოს მიერ პრეზერვატივების მწარმოებელი ქართული კომპანია “აიისასთვის” ისეთი პროდუქციის რეკლამირების აკრძალვა, რომლიც არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ და ზნეობრივ ნორმებს, ასევე ხელყოფს რელიგიურ სიმბოლოებს.

აიისას” პრეზერვატივების საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლომ “აიისას” მწარმოებელს, ანანია გაჩეჩილაძეს დაავალა 4 სახის პრეზერვატივის ამოღება საქართველოს ბაზრიდან. სასამართლომ მიიჩნია, რომ ქართული პრეზერვატივის მწარმოებელი კომპანიის პროდუქტზე განთავსებული წარწერები და გამოსახულებები არაეთიკურია, რომელიც რელიგიის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და შედარებების გამოყენებით, არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ და ზნეობრივ ნორმებს, ასევე ხელყოფს რელიგიურ სიმბოლოებს.

“ბირჟა მაფიას” კლიპი

რაც შეეხება რეპერების, დუეტ “ბირჟა მაფიის” საქმეს, მას შემდეგ, რაც რეპერებმა თავიანთ კლიპში პოლიციელი აჩვენეს ძაღლის როლში, ისინი ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. საპროტესტო აქციების შემდეგ კი გაათავისუფლეს. გარდა ამისა, კლიპი წაიშალა იუთუბიდანდაც. მოგვიანებით აიტვირთა ახალი ვერსია, სადაც პოლიციელის პერსონაჟი დაფარული იყო. რეპერები ამბობდნენ, რომ დაკავებამდე პოლიციელები ამ კლიპის გამო ემუქრებოდნენ, რის შემდეგაც ნარკოტიკი ჩაუდეს. რეპერების გათავისუფლების შემდეგ არცერთი პოლიციელი არ მიუციათ პასუხისგებაში მათთვის ნარკოტიკების ჩადების გამო.

სხვა მიგნებები

საქართველოს მსგავსად, ინტერნეტთავისუფლების რეიტინგში 25 ქულა და, შესაბამისად, თავისუფალი ინტერნეტი აქვს სომხეთს. გაცილებით უარესი სიტუაცია არის უკრაინასა და აზერბაიჯანში, სადაც ინტერნეტი ნახევრად თავისუფალია. რაც შეეხება რუსეთსა და თურქეთს, ორივე ქვეყანაში ინტერნეტი თავისუფალი არ არის, რაც ნიშნავს, რომ მნიშვნელოვნად არის შეზღუდული მისი მოხმარება, გამოხატვის თავისუფლება და ა.შ.

“ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ახალი კონსტიტუცია, რომელიც ძალაში ახალი პრეზიდენტის არჩევისთანავე შედის, ინტერნეტზე წვდომას ფუნდამენტურ უფლებად მიიჩნევს. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში არ დაფიქსირებულა სოციალური მედიის ან რაიმე სხვა პლატფორმის შეზღუდვის ფაქტი. თუმცა ანგარიშში კვლავ არის საუბარი 2017 წლის მაისში თბილისიდან აზერბაიჯანში გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმე. ამავე ანგარიშში საუბარია იმის შესახებაც, რომ ფიქსირდება ონლაინ კონტენტის ცენზურისა და მანიპულირების მცდელობები ხელისუფლებისა და ინტერნეტპროვაიდერების მხრიდან, თუმცა საქართველოს მოქალაქეები ინტერნეტს თავისუფლად იყენებენ როგორც აზრების გამოსახატად და ინფორმაციის გასავრცელებლად, ისე თვითორგანიზებისა და საპროტესტო კამპანიების დასაგეგმად. “ფრიდომ ჰაუსი” მიუთითებს თვითცენზურაზე, რის გამოც საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები ერიდებიან პოლიტიკურად სენსიტიურ თემებზე საჯაროდ საუბარს სოციალურ ქსელებში, რათა თავიდან აირიდონ ხელმძღვანელებისგან შესაძლო ზეწოლა.

ანგარიშის მიხედვით, პოლიტიკოსები, ხელისუფლება, სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები სულ უფრო აქტიურად იყენებენ სოციალურ მედიას დისკუსიისა და ინფორმაციის გასაზიარებლად. თუმცა მნიშვნელოვან სადისკუსიო საკითხად რჩება ხელისუფლების მიერ თვალთვალის პრაქტიკა.

ინტერნეტზე წვდომა

“ფრიდომ ჰაუსი” აღნიშნავს, რომ ინტერნეტზე წვდომა ქვეყანაში 60.5%-მდე გაიზარდა, მომხმარებელთა ძირითადი ნაწილი კი არიან ურბანულ სივრცეში კონცენტრირებული ახალგაზრდები.

“ინტერნეტისა და მობილურის მომხმარებელთა რაოდენობა იზრდება, თუმცა სერვისის მაღალი ფასები, არაადეკვატური ინფრასტრუქტურა და ინტერნეტის დაბალი ხარისხი რჩება მთავარ შემაფერხებლად. ხელისუფლებამ თქვა, რომ ამ გამოწვევებს უახლოეს წლებში უპასუხებდა, თუმცა არ დაუსახავს კონკრეტული სტრატეგია, როგორ აღმოფხვრის ამ ციფრულ უთანასწორობას,” – წერს “ფრიდომ ჰაუსი”.

ორგანიზაცია მიუთითებს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მსხვილი პროვაიდერების გაერთიანებაზეც, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ამას სერვისის ხარისხსა და ფასზე, ჯერჯერობით არ მოუხდენიაგავლენა.

მედია, მრავალფეროვნება და კონტენტით მანიპულირება

როგორც “ფრიდომ ჰაუსი” აღნიშნავს, ონლაინ მედიაგარემოს მრავალფეროვნება საქართველოში იზრდება, თუმცა დომინანტი მედიასაშუალებების ნაწილი აფილირებულია პოლიტიკურ ძალებთან და მათთან კოორდინირებით ავრცელებენ ახალ ამბებს. გარდა ამისა, ეს ჯგუფები დომინირებენ მედიაბაზარზე და პატარა მედიასაშუალებებისთვის გართულებულია სარეკლამო შემოსავლების მოზიდვა.

“წინა წლების მსგავსად, ხელისუფლება აგრძელებს ზოგი მედიასაშუალების დაფინანსებას. მათ ნაწილს კი კავშირი აქვს რუსეთთან და ცნობილი არიან თავიანთი ანტიდასავლური დღის წესრიგით”, – წერია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე საუბარია იმის შესახებაც, რომ ტრადიციული მედიასაშუალებების ნაწილმა დაიწყო ონლაინ რესურსების გამოყენება უფრო მეტ აუდიტორიაზე წვდომის მიზნით. ონლაინ მედიასაშუალებებს კი უჭირთ რეკლამის მოზიდვა, რაც მულტიმედია უნარ-ჩვევების ნაკლებობასთან ერთად ხელს უშლის, კონკურენცია გაუწიონ ტრადიციულ მედიას.

“ფრიდომ ჰაუსის” სრული ანგარიშის ნახვა ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ ნახოთ აქ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი