ახალი ამბები

კონგრესმენი აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ინიციატივით გამოდის

1 ნოემბერი, 2018 • 2015
კონგრესმენი აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ინიციატივით გამოდის

კონგრესმენი ტედ პო თხოვნით მიმართვს აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს, რობერტ ლაითჰაიზერს, რათა საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდეს. მისი თქმით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით საქართველოსა და ამერიკას შორის პარტნიორობა უფრო გაღრმავდება.

„საქართველო აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორია, რომელმაც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების სფეროში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. აშშ-თან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველო ასრულებს ძირითად როლს კავკასიის რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და მხარს უჭერს ამერიკის უსაფრთხოების ინტერესებს მთელ მსოფლიოში,“ – აღნიშნავს კონგრესმენი.

რესპუბლიკელი კონგრესმენი წერს, რომ  ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის რამდენიმე ხელშეკრულება დაიდო, რომლის მიზანიც ვაჭრობის გამარტივება იყო. ტედ პო მიიჩნევს, რომ ამ შეთანხმებებმა ერთგვარი საფუძველი შექმნა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გასაფორმებლად.

წერილში ხაზგასმულია საქართველოს სტრატეგიული მდებარეობაც, რაც პოს თქმით, ამერიკას უზრუნველყოფს ცენტრალური აზიის ქვეყნების სამომხმარებლო ბაზარზე წვდომას.

“აშშ-ის ბიზნესს და დასაქმებულებს ორმხრივი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მეშვეობით უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ ისარგებლონ საქართველოს გაუმჯობესებული ბიზნესგარემოთი. ჩვენს ერებს შორის უფრო ღრმა ეკონომიკური ინტეგრაციის სარგებელი შეუფასებელია, რადგან ის აღემატება საქონლის, მომსახურებისა და ინვესტირების თავისუფლად მიმოქცევის მიმართულებით მიღებულ სარგებელს. ვაჭრობის გაზრდა სტაბილურობასა და უსაფრთხოებას მოიტანს ორივე ქვეყნისთვის. მტკიცედ მოგიწოდებთ, ორმხრივი სავაჭრო შეთანხმების გასაფორმებლად დაიწყოთ მოლაპარაკებები,“ – წერს ტედ პო.   

რესპუბლიკელი კონგრესმენი ტეხასიდან ტედ პო შეზღუდულ მთავრობის, დაბალი გადასახადებისა და თავისუფალი ვაჭრობის მომხრეა. ის ამერიკის კონგრესში საგარეო კომიტეტის წევრია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პო აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი