ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის უმწვავესი ჰუმანიტარული კატასტროფა – ბახტაძე

საქართველოს პრემიერი მამუკა ბახტაძე დღეს, 1 ნოემბერს გამართულ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთოხების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. ვრცელ სიტყვაში ბახტაძე კიდევ ერთხელ შეეხო რუსულ ოკუპაციას და განაცხადა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უმწვავესი ჰუმანიტარული კატასტროფაა.

“მე მინდა დღეს ამ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ შევეხო საქართველოს ოკუპაციის თემას, როგორც უმწვავეს გამოწვევას ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს, სამხედრო ინტერვენციიდან 10 წლისთავზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, პირდაპირ ვიტყვი, არის უმწვავესი ხარისხის ჰუმანიტარული კატასტროფა. რეგიონების მზარდი მილიტარიზაციის გამო, სულ უფრო ღრმავდება დეპოპულაცია, კატასტროფულად მცირდება მოსახლეობის რაოდენობა. შექმნილია უმძიმესი პირობები ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური და ადამიანის უფლებებისდაცვის კუთხით,” – ამბობს ბახტაძე.

მისივე თქმით, მავთულხლართები ერთმანეთს აშორებს ოჯახებს და არღვევს ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებს. ამასთანავე, გრძელდება გატაცების, არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის, წამების და მკვლელობის ფაქტები.

“რუსეთი დღემდე არ ასრულებს 2008 წელს ხელმოწერილ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, ხოლო საქართველომ ეს შეთანხმება სრულად შეასრულა, ჩვენ ავიღეთ ამავე დროს ძალის არგამოყენების პასუხისმგებლობა,” – დასძენს პრემიერი.

მამუკა ბახტაძის თქმით, ოკუპაცია და კანონიერების უხეში ხელყოფა, უსაფრთხოების მხრივ არსებული მძიმე ვითარება, მზარდი მილიტარიზაცია, ოკუპანტის მიერ გახშირებული სამხედრო სწავლებები და უკონტროლო იარაღის შემოტანა საფრთხეს უქმნის არა მარტო საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.

“აქვე მინდა სრული პასუხისმგებლობით აღვნიშნო – ჩვენი პასუხი ამ გამოწვევებზე არის მხოლოდ მშვიდობა და საქართველოს განვითარება. საქართველოს შეუქცევადი ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში,” – აღნიშნავს ბახტაძე და დასძენს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული პირობების გაუმჯობესებისთვის საქართველომ შეიმუშავა სამშვიდობო ინიციატივა “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”.

კონფლიქტის მშვიდობიან რეგულირებაზე საუბრისას ბახტაძე საერთაშორისო საზოგადოების მნიშვნელობას უსვამს ხაზს და ამბობს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პრინციპის სადარაჯოზე უნდა დადგეს.

“სწორედ ამიტომაც,  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ მსგავსი ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაინერგოს „ტოტალური თავდაცვის“ პრინციპი. დღევანდელი კონფერენცია გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ ამ პრინციპზე და შევაჯეროთ პოზიციები საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის,”-  ამბობს ის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან