ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმში ახალი კულტურული სივრცეები გაჩნდება

1 ნოემბერი, 2018 • 2552
სოხუმში ახალი კულტურული სივრცეები გაჩნდება

სოხუმის კულტურული სივრცის, SKLAD-ის კურატორი ტანია ერგუნოვა ნეტგაზეთისთვის


სოხუმში UNDP გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის მხარდაჭერით სოხუმის იერსახის შეცვლისა და ახალი კულტურული სივრცეების გაჩენის მიზნით აქტიურად ვატარებთ ფორუმებს.

ქალაქში ახალი სივრცეების შექმნის იდეა დიდი ხანია გვქონდა, პირველი პროექტიც ორი წლის წინ გავაკეთეთ, როდესაც სოხუმში არქიტექტურული ვორკშოპი SKLAD გავმართეთ და დასახმარებლად მოვიწვიეთ ადგილობრივი არქიტექტორები და მოხალისეები. მაშინ სოხუმში მიტოვებული რკინიგზის სადგურის გადატვირთვის სატესტო პროექტი მივიღეთ.

ერთი წლის წინ კი ახალი პროექტის, “ურბანისტიკის” შემუშავება დავიწყეთ, – გავმართეთ სოხუმის ურბანისტული ფორუმი, სახელწოდებით “საცხოვრებელი გარემო” და მასში ჩავრთეთ სხვადასხვა სფეროს მაქსიმალურად ბევრი წარმომადგენელი და სახელმწიფო უწყება. მნიშვნელოვანი იყო, რომ სამუშაო ჯგუფებს, ვორქშოფებში მონაწილეობის გარდა, რეალურ პროექტებზეც ემუშავათ.

მთავარი მიზანი იყო – მიღებული ცოდნისა და სამოქალაქო საზოგადოების შეჯერებული იდეების ხარჯზე ქალაქის იერსახის შეცვლა.

SKLAD-ის სივრცეში პირველი ურბანისტული ფორუმი “საცხოვრებელი გარემო”, რომელიც 4 ნაწილისგან [ “ტაქტიკური ურბანიზმი” “პოსტსაბჭოთა ქალაქის გადატვირთვა”, “ეკოლოგია და ნაგავი თანამედროვე ქალაქში,” უსაფრთხოება გზებზე”] შედგება, 2018 წლის ოქტომბრიდან დავიწყეთ და 2019 წლის მარტამდე გავაგრძელებთ.

ვორქშოფი

პირველ ეტაპზე სამუშაო ჯგუფი, რომლის მონაწილეებიც ადგილობრივი არქიტექტორები, დიზაინერები და აქტივისტები, ასევე რუსეთიდან მოწვეული ურბანისტები იყვნენ, სოხუმის კვლევით იყო დაკავებული. ამ ჯგუფს ევალებოდა მოქალაქეების გამოკითხვის შედეგად მიღებული მონაცემების დამუშავება და მათი იდეების წარმოდგენა.

შესაბამისად, სწორედ სოხუმის მცხოვრებლები გახდნენ დაგეგმილი ცვლილებების მთავარი გმირები. აღმოჩნდა, რომ სოხუმის მცხოვრებლებს ქალაქისთვის ინტელექტუალური ფუნქციის მნიშვნელობის –  კულტურული იერსახის მინიჭება სურთ.

ყოველმა გამოკითხულმა ადამიანმა დახატა ქალაქის საკუთარი რუკა და ქალაქში საკუთარი საყვარელი და არასაყვარელი ადგილები მონიშნა.

საბოლოო ჯამში, სამუშაო ჯგუფმა წარმოადგინა კვლევა, ილუსტრაციებითა და შეთავაზებებით – რამდენიმე მარტივი საშუალება ქალაქის გასაუმჯობესებლად.

აღმოჩნდა, რომ მოქალაქეების მთავარი მოთხოვნაა გაჩნდეს მეტი არტ სივრცე. ასევე, პატარა სახელოვნებო სივრცეები ერთ მასშტაბურ სივრცედ გარდაიქმნას.

მსგავსი არტ კლასტერი უკვე არსებობს SKLAD-ის სივრცეში. ასეთი, ერთიანი სახელოვნებო სივრცეები გააერთიანებს და მხატვრების, კინოხელოვანების, ფოტოგრაფების, მწერლების, კულტუროლოგების და ა.შ. ჯგუფების კავშირების დამყარებას ხელს შეუწყობს.

ასეთ სივრცედ, მოვიაზრებთ ქალაქში რომელიმე მიტოვებულ შენობას, რომლის განახლებაც მოხდება. აქ იქნება სტუდიები ფოტოგრაფებისთვის, დიზაინერებისთვის, საგამოფენო დარბაზები, სახელოსნოები, მცირე ბიზნესების მაღაზიები, ყავახანები, პავლიონები გადაღებებისთვის, არტ მარკეტები და ა.შ.

ასევე განვიხილავთ მოძრავ შენობას, რომელსაც ჯერ ქალაქის ერთ წერტილში ავაწყობთ, შემდეგ სხვაში.

ტანია ერგუნოვა, SKLAD-ის კურატორი


“SKLAD” -ის თანამედროვე სივრცე სოხუმში 2015 წლის ოქტომბრის ბოლო გაიხსნა. პროექტი მთლიანად ჩვენი ინიციატივა იყო.  ჩვენ ვართ ამ პროექტის ორი იდეოლოგი – ასიდა ბუტბა და მე. ასევე, ძალიან ბევრი ახალგაზდაა ჩვენი მეგობარი, რომლებმაც მაშინ დახმარების სურვილი გამოთქვეს.

თავიდან რამდენიმე თვე ვეძებდით შენობას და აფხაზეთის დრამატული თეატრის საწყობს მივაგენით. თეატრის დირექტორმა, ადგურ ჯენიამ ნება დაგვრთო, ეს საწყობი გამოგვეყენებინა. სახელწოდებაც თავისით მოვიდა. ბევრი ადამიანის დახმარებით დარბაზი მოვაწესრიგეთ[მისი ნაწილი ახლაც თეატრის საწყობია], ვიპოვეთ ადგილობრივი სპონსორები, ძირითადად მათ მოგვცეს მომსახურების და მასალების ფული. გახსნაზე ბევრი ადამიანი მოვიდა და გასაგები გახდა, რომ მსგავს ღონისძიებებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა, ადამიანები საჭიროებენ ახალ სივრცეებს.

წლის განმავლობაში გვაქვს ვორქშოფები, ლექციები, მასტერკლასები, კინოჩვენებები.

ქალაქს და ქვეყანას სჭირდება სივრცეები და ისინი უფრო მეტი უნდა იყოს. ვიმედოვნებთ, ჩვენი პროექტების გეოგრაფია გაფართოვდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი