ახალი ამბები

სააკაშვილის ბოდიში “ყველა ნორმალურ ადამიანს” ჩუგოშვილისადმი მიმართვის გამო

31 ოქტომბერი, 2018 • 3774
სააკაშვილის ბოდიში “ყველა ნორმალურ ადამიანს” ჩუგოშვილისადმი მიმართვის გამო

მიხეილ სააკაშვილი “ყველა ნორმალურ ადამიანს” ბოდიშს უხდის თამარ ჩუგოშვილისადმი არაკორექტული მიმართვის გამო.

“უკაცრავად, გოგო, აბა, ცოტა მოდი ჭკუაზე”, – ასე მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, თამარ ჩუგოშვილს 30 ოქტომბერს, ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” პირდაპირ ეთერში ჩართვისას.

31 ოქტომბერს სააკაშვილმა რუსთავი2-ს უთხრა, რომ ხანდახან ემოციურად საუბრობს და არასწორ ტერმინოლოგიას იყენებს და ბოდიშიც მოიხადა, თუმცა არ დაუზუსტებია, რომ ბოდიშს პირადად ჩუგოშვილს უხდის.

სააკაშვილმა ჯერ თქვა, წინა დღეს “ეს ქალბატონი და ივანიშვილის სხვა წარმომადგენლები” სამოქალაქო ომით ემუქრებოდნენ საქართველოს, ახალქალაქში “ოცნების” მიერ მოწყობილ დარბევას სხვებს აბრალებენ და “ათასგვარ სიცრუეს” ამბობენ ჩვენზეო. შემდეგ კი დასძინა:

“რა თქმა უნდა, მე თვითონაც ვყვები ადამიანურ ემოციებს, რკინის არც მე არა ვარ. ძნელია ყურება ამ სიცრუის, ძალადობის და მუქარის ნაკადის. მაგრამ, ამავე დროს, რა თქმა უნდა, ნუ, ერთმა ნორმალურმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ მე არ უნდა ვეცემოდე მათ დონეზე და არ უნდა ვხმარობდე რამე სახის, ოდნავ მაინც, თუნდაც ასეთი დონის ტერმინებს, იმიტომ, რომ ნორმალურ ადამიანებს ეს ხვდება ცუდად. და მე ყველა, ყველა ნორმალურ ადამიანს მინდა ჩემის მხრივ მოვუხადო ბოდიში იმისათვის, რომ ხანდახან …  შეიძლება ისეთ ტერმინოლოგიას არ ვხმარობ, როგორსაც უნდა ვხმარობდე, მაგრამ, ნუ, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვმართებს მეტი თავშეკავება”.

სააკაშვილის მიმართვას 31 ოქტომბერს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც, რომელმაც მისი განცხადება სექსიზმად შეაფასა.

“გოგო, აბა ცოტა მოდი ჭკუაზე” – სააკაშვილის ამ მიმართვას ჩუგოშვილი მუქარად აფასებს

მასალების გადაბეჭდვის წესი