ახალი ამბები

აშშ საუდის არაბეთს იემენში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

31 ოქტომბერი, 2018 • 2402
აშშ საუდის არაბეთს იემენში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ამერიკის შეერთებული შტატები საუდის არაბეთს იემენის სამოქალაქო ომში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

იემენში სამწლიანმა სამოქალაქო ომმა, რომელშიც საუდების კოალიცია აქტიურადაა ჩართული, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ჯეიმს მეტისმა 31 ოქტომბერს განაცხადა, რომ მომდევნო 30 დღის განმავლობაში ყველა მხარემ უნდა მიიღოს მონაწილეობა გაეროს მედიაციით ჩატარებულ სამშვიდობო მოლაპარაკებებში.

სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ მოუწოდა აჯანყებული ჰუსიტების წინააღმდეგ მოქმედ კოალიციას, რომელსაც საუდის არაბეთი უდგას სათავეში, შეწყვიტონ საჰაერო შეტევები დასახლებულ ადგილებში.

Guardian-ის ცნობით, მეტისმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთი და მოკავშირე ემირატები მზად არიან მოლაპარაკებებისთვის გაეროს შუამავლობით.

“დროა, შეწყდეს საომარი მოქმედებები, მათ შორის სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარეტების თავდასხმები ჰუსიტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან საუდის არაბეთის სამეფოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მიმართულებით. შესაბამისად, კოალიციის საჰაერო თავდასხმებიც უნდა შეწყდეს ყველა დასახლებული ადგილის მიმართულებით იემენში”,- განაცხადა პომპეომ.

იემენის სამოქალაქო ომი სამი წლის წინ დაიწყო, როდესაც აჯანყებულმა ჰუსიტებმა, რომლებსაც ირანი უმაგრებს ზურგს, დაიკავეს იემენის ტერიტორიის დიდი ნაწილი, მათ შორის, დედაქალაქი სანაა.

საუდის არაბეთი, რომელსაც თავის მხრივ აშშ, ბრიტანეთი და საფრანგეთი უმაგრებს ზურგს, საჰაერო თავდასხმებითა და ბლოკადით უჭერს მხარს იემენის საერთაშორისოდ აღიარებულ მთავრობას.

სულ ცოტა 10 000 ადამიანია მკვდარი კონფლიქტის შედეგად, მილიონობით ადამიანი კი, იძულებით გადაადგილებული.

იემენს “ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე უარესი” მასობრივი შიმშილი ემუქრება — გაერო

როგორც Guardian-ის ანალიტიკოსი წერს, მიზეზი, რის გამოც შესაძლოა საუდის არაბეთზე ზეწოლა შესაძლებელი გახდეს, ჟურნალისტ ჯამალ ხაშოკჯის მკვლელობაზე საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქციებია, რამაც კონფლიქტის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი, საუდების პრინცი, მუჰამედ ბინ სალმანის პოზიციები შეასუსტა.

მასალების გადაბეჭდვის წესი