ახალი ამბები

საქართველო Doing Business-ის რეიტინგში დაწინაურდა და აშშ-ბრიტანეთს გადაუსწრო

31 ოქტომბერი, 2018 • 1449
საქართველო Doing Business-ის რეიტინგში დაწინაურდა და აშშ-ბრიტანეთს გადაუსწრო

საქართველო სამი ადგილით დაწინაურდა მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის (Doing Business) ყოველწლიურ რეიტინგში.

საქართველომ მე-9-დან მე-6 ადგილზე გადაინაცვლა.

ქვეყანას თითქმის ყველა კომპონენტში წინსვლა აქვს.

ყველაზე უარესი მაჩვენებელები საქართველოს საგარეო ვაჭრობაში აქვს, ყველაზე კარგი — ინვესტორების დაცვისა და ბიზნესის დაწყებაში.

კრედიტის აღების, ინვესტორების დაცვისა და საგარეო ვაჭრობის კუთხით ქვეყანა იმავე ნიშნულზე დარჩა.

პოზიციები გაუმჯობესდა გადასახადების გადახდის კომპონენტშიც.

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, ბიზნესის დაწყება, რაც ისედაც მარტივი იყო, საქართველომ კიდევ უფრო გაამარტივა და მეწარმეებს საშუალება მისცა, ერთი პროცედურით დაარეგისტრირონ კომპანია.

საქართველოს მსგავსად, ერთი პროცედურის მეშვეობით ბიზნესის დაწყება შესაძლებელია ახალ ზელანდიაშიც. Doing Business-ის რეიტინგში ზელანდია პირველ ადგილზეა.

კიდევ ერთი კომპონენტი, რომელშიც საქართველომ პოზიცია გაიუმჯობესა, ელექტოენერგიის მიღებას ეხება. მსოფლიო ბანკი ამ კრიტერიუმით ელექტოენერგიაზე მუდმივ წვდომას, ღირებულებასა და ელექტოენერგიის გაყვანის პროცედურებს აფასებს. ბანკის ინფორმაციით, ქვეყანაში ელექტოენერგიაზე წვდომა, მომარაგება და ელექტოენერგიის ღირებულების დადგენა გამჭვირვალეა.


Doing Business 10 კომპონენტისგან შედგება:

  • ბიზნესის დაწყება – მე-2 ადგილი
  • სამშენებლო ნებართვის აღება – 27-ე ადგილი
  • ელექტროენერგიის მიღება – 39-ე ადგილი
  • საკუთრების რეგისტრაცია – მე-4 ადგილი
  • კრედიტის აღება – მე-12 ადგილი
  • ინვესტორების დაცვა – მე-2 ადგილი
  • გადასახადების გადახდა – მე-16 ადგილი
  • საგარეო ვაჭრობა – 43-ე ადგილი
  • ხელშეკრულების აღსრულება – მე-8 ადგილი
  • გადახდისუუნარობის საქმისწარმოება – მე-60 ადგილი

Doing Business ამ უკანასკნელ ანგარიშში, რომელიც 2019 წელს ეხება, ბიზნესის დაწყების კომპონენტში საქართველოს პოზიცია გაუმჯობესებულია — წინა ანგარიშში მე-9 ადილზე ვიყავით.

წლევანდელ ანგარიშში გაუარესებულია  საგარეო ვაჭრობისა და კრედიტის აღების მაჩვენებელი.

“Doing Business” მსოფლიო ბანკის პროექტია. ის ბიზნესრეგულაციებსა და ბიზნესგარემოს მსოფლიოს 190 ქვეყანაში 2002 წლიდან იკვლევს.

ქვეყნების რეიტინგი პირველად 2003 წელს გამოქვეყნდა. რეიტინგში დაბალი ქულა მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანაში ბიზნესის კეთება გამარტივებულია და დაცულია საკუთრების უფლება.

კვლევის პერიოდში Doing Business ინფორმაციისთვის ოთხ ძირითად რესურსს იყენებს. ესენია: კანონმდებლობა და რეგულაციები, რესპონდენტები, ქვეყნების მთავრობები და მსოფლიო ბანკის ჯგუფში შემავალი ორგანიზაციების თანამშრომლები.

Doing Business რეიტინგში პირველი ათეული წელს ასე გამოიყურება:

  1. ახალი ზელანდია
  2. სინგაპური
  3. დანია
  4. ჰონგკონგი
  5. სამხრეთ კორეა
  6. საქართველო
  7. ნორვეგია
  8. აშშ
  9. გაერთიანებული სამეფო
  10. მაკედონია

საქართველომ ბოლო რეიტინგში გადაუსწრო ნორვეგიას, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს.

მასალების გადაბეჭდვის წესი