ახალი ამბები

ომბუდსმენის დაზიანებულ ვებსაიტს ახალი ვებსაიტით ჩაანაცვლებენ

31 ოქტომბერი, 2018 • 1219
ომბუდსმენის დაზიანებულ ვებსაიტს ახალი ვებსაიტით ჩაანაცვლებენ

სახალხო დამცველის ვებსაიტი 2018 წლის სექტემბრიდან გათიშულია. როგორც ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, საიტიდან მონაცემები, მათ შორის, ამჟამინდელი თუ ყოფილი ომბუდსმენების განცხადებები, ანგარიშები წაშლილი არ არის, მაგრამ ახალი საიტის შექმნას გარკვეული დრო დასჭირდება.

ომბუდსმენის ოფისის ცნობით, ვებსაიტის სისტემა Ransomware ტიპის ვირუსმა დააზიანა, ინფორმაცია კიბერშეტევის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

“ამ ეტაპისათვის ვებსაიტი ombudsman.ge ჩართულია და მის სარეზერვო გვერდზე ხელმისაწვდომია სახალხო დამცველის ანგარიშები, მათ შორის, ინგლისურ ენაზე. ნიუსები ასევე ხელმისაწვდომია სარეზერვო გვერდის ქვედა ნაწილში და სახალხო დამცველის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე,” – გვითხრეს სახალხო დამცველის აპარატში.

მათივე თქმით, ვინაიდან დაზიანებული ვებსაიტის აღდგენა შეუძლებელია, ახალი ვებსაიტის შესაქმნელად  ტენდერი 26 ოქტომბერს გამოაცხადა, 5 ნოემბერს კი წინადადებების მიღება მთავრდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 19 200 ლარია, რომელიც, შესაძლოა, შემცირდეს. ამ დროისათვის სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს ვებსაიტზე აღნიშნულ განცხადებას არავინ გამოხმაურებია შეთავაზებით. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ახალი ვებსაიტის შექმნა ხელშეკრულების გაფორმებიდან 95 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა დაასრულოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი