ახალი ამბები

კარვების გაშლის საკითხზე სასამართლო პროცესი შსს-ს მოთხოვნით გადაიდო

31 ოქტომბერი, 2018 • 1405
კარვების გაშლის საკითხზე სასამართლო პროცესი შსს-ს მოთხოვნით გადაიდო

დღეს, 31 ოქტომბერს, სასამართლო პროცესი პარლამენტის წინ კარვების გაშლის საკითხთან დაკავშირებით კვლავ გადაიდო. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, მიხეილ ჯახუას თქმით, პროცესი შსს-ს მოთხოვნის საფუძველზე გადაიდო.

ჯახუა ამბობს, რომ სამინისტრომ  “ოპერატიული ინფორმაციის” დამუშავებისთვის დრო ითხოვა. მისივე თქმით, დაახლოებით, ერთი თვის წინ საქმის განხილვა სამინისტროს შუამდგომლობით იმავე მიზეზით  გადაიდო. საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვადა 15 ნოემბრამდე მისცა მტკიცებულებების წარსადგენად.

შსს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას ზაზა სარალიძესა და პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლამ მაჩალიკაშვილის მამას რუსთაველის გამზირზე კარვების გაშლის საშუალებას არ აძლევს.

ამის გამო სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს. სასამართლოში მათ უფლებებს საია და EMC იცავენ.

,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის მე-11 1 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ,,დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით ან/და საგნებით გადაკეტვა.“

საიას ინფორმაციით, ეს ნორმა კრძალავს კარვის სავალ ნაწილზე განთავსებას, რაც ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებას გამოიწვევს. და ამ კანონით კარვის ტროტუარზე გაშლა დასაშვებია.

“ტროტუარზე კარვის დადგმის მეშვეობით პროტესტის გამოხატვა არათუ კანონით აკრძალულ ქმედებას წარმოადგენს, არამედ, როგორც ,,პარტიზანი მებაღეების“ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 2016 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაადგინა, წარმოადგენს შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების შემადგენელ ნაწილს,”-აცხადებენ ორგანიზაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი