ახალი ამბებირეკლამა

წინანდლის ახალი სიცოცხლე – „რადისონ ქოლექშენი“ და მუსიკალური ფესტივალი ერთ სივრცეში

31 ოქტომბერი, 2018 • 4068
წინანდლის ახალი სიცოცხლე – „რადისონ ქოლექშენი“ და მუსიკალური ფესტივალი ერთ სივრცეში

ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ბაღის მიმდებარედ, განსაკუთრებულ ეკოლოგიურ გარემოში წინანდლის ”რადისონი“ განთავსდა. „რადისონ ქოლექშენის“ პრეზენტაცია ახლახანს შედგა, რომელსაც საქართველოს მთავრობის და ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სასტუმრო ოფიციალურად 1 დეკემბერს გაიხსნება. 2019 წლის 8 სექტემბერს კი წინანდლის კომპლექსი კლასიკური მუსიკის პირველ ფესტივალს უმასპინძლებს.

„სასტუმრო რადისონ ქოლექშენი სულ მალე შევა მწყობრში. მოეწყო ინფრასტრუქტურა, დასრულდა სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა. მზად არის ღვინის სადეგუსტაციო დარბაზები და ახალი საკონცერტო ამფითეატრი. ამ ნაწილით წინანდლის მამულებში ჩვენ უმთავრესი სამუშაო დავასრულეთ. ეს პროექტი იქნება წარმატებული და ეკონომიკურად მომგებიანი“ – ამბობს „სილქროუდ ჯგუფის დამფუძნებელი“ გიორგი რამიშვილი.

წინანდლის რადისონი პირველია სასტუმროებს შორის, რომელიც „ქოლექშენის“ ელიტარული ბრენდის სახელწოდებით აშენდა. საგულისხმოა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში უკვე არსებულ სასტუმროებს რებრენდინგის შედეგად მიენიჭათ ქოლექშენის ელიტარული სასტუმრო ქსელის ბრენდი.

განახლებულ წინანდლის კომპლექსში ძველი და თანამედროვე არქიტექტურული სტილის შერწყმა გერმანელი ინდუსტრიული დიზაინერის ინგო მაურერის დამსახურებაა. ამ პროექტზე მუშაობდა ცნობილი ქართველი მოქანდაკე და მხატვარი თამარ კვესიტაძე. ახალი სასტუმროს არქიტექტურული კონცეფცია ეკუთვნის ამერიკელ არქიტექტორს ჯონ ფოტიადისს, ხოლო ინტერიერის დიზაინზე იმუშავეს ესპანელმა დიზაინერებმა ქრისტინა გაბასმა და დამიან ფიგუერასმა.

„გულით ვიმუშავეთ. ფაქიზი პროექტია. მგონია ყველა ქართველისთვის საყვარელი ადგილია. დიდი პატივი იყო ჩემთვის, რომ ამ პროექტში მოვხვდი და ძალიან ფრთხილად ვაკეთებდი. მალე ვიხილავთ დასრულებულ ფორმას“ – ამბობს თამარ კვესიტაძე.

5-ვარსკვლავიან სასტუმროში არის 142 ნომერი, საკონფერენციო და საზეიმო ღონისძიებათა დარბაზები, ბიბლიოთეკა, ღია და დახურული რესტორნები, სპა-ცენტრი, აუზი, ფიტნეს კლუბი.

„წინანდლის მამულის“ დირექტორია გიორგი ხარაბაძე, რომელიც ამ პროექტს 12 წელის წინ ჩაუდგა სათავეში:

„რადისონ ქოლექშენის“ კომპლექსი ახალი მიმართულებაა ტურიზმში. ეს არის კლასიკური ღვინის წარმოება და ლიტერატურული ტრადიციები. ასევე კლასიკური მუსიკის ფესტივალი, რომელიც ახლა დაფუძნდა იქნება სავიზიტო ბარათი რეგიონისთვის. ეს პროექტი უდავოდ წარმატებულია და კიდევ უფრო მასშტაბური გახდება. როცა სტარტი ავიღეთ 2008 წელს გვყავდა 4 ათასი ვიზიტორი. 2017 წელს – 120 ათასი“

“რადისონ ქოლექშენის” სასტუმროს პროექტი საპარტნიორო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. სასტუმროს პროექტის ჯამური ღირებულებაა 35 მლნ აშშ დოლარია. საპარტნიორო ფონდის დაფინანსება 10 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. პროექტის დამფინანსებელია ასევე თიბისი ბანკი, ხოლო მუსიკალური ფესტივალის მხარდამჭერია „თიბისი სტატუსი“.

„მოხარულები ვართ, რომ ამ პროქტის ნაწილი ვართ და დამფინანსებლები. წინანდალში არაჩვეულებრივი კულტურული გარემოა. საერთაშორისო დონის ცენტრი უმასპინძლებს მუსიკალურ ფესტივალს სადაც ბევრი ცნობილი მუსიკოსი ჩამოვა. ჩვენი კულტურა, ხელოვნება, ღვინო არის ყველაზე დიდი საექსპორტო და სავიზიტო ბარათი. წინანდალი არის სინთეზი არაჩვეულებრივი ისტორიული მემკვიდრეობის, არქიტექტურის და იმ განწობის რაც აქ შეიქმნა“ – ამბობს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე.

წინანდლის კლასიკური მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, ახალგაზრდა მუსიკოსებს მუსიკალური აკადემია მიიღებს. ჩამოუალობდება ახალგაზრდული ორკესტრი. ფესტივალის მუსიკალური ხელმძღვანელია მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა, რომელიც წინანდალში სასტუმრო კომპლექსის და მუსიკალური ფესტივალის პრეზენტაციას ესწრებოდა საპატიო სტუმრის სტატუსით:

„წინანადალი არის საქართველოს კულტურა, ხელოვნება, მუსიკა და ღვინო. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ მათი მიქსი, კიდევ უფრო მეტად მიიზაიდავს საზოგადოებას და გახდის მას საერთაშორისოს. რაც შეეხება მუსიკალურ ფესტივალს და მის განვითარებას, ჩვენ გვყავს უამრავი მუსიკოსი, რომლებიც ხელოვნების, სილამაზისა და კომუნიკაციის იდეას იზიარებს. ბევრი ცნობილი სახე ჩამოვა ამ ფესტივალზე. წინანდალში ღვინოც კარგია, ადგილიც ლამაზია და სასტუმროცა და საკონცერტო დარბაზიც მიიზიდავს არა მარტო ქართველებს არამედ უცხოელებსაც.“

წინანდლის მამული 1690 წლიდან ჭავჭავაძეების ოჯახის საკუთრება იყო. წინანდლის ისტორიული კომპლექსის რეაბილიტაცია, რომელიც „სილქ როუდ ჯგუფმა“ 2007 წლიდან დაიწყო, მიმდინარეობდა მისი ისტორიული მნიშვნელობის შენარჩუნების გათვალისწინებით.

წინანდლის პროექტის მიზანია კომპლექსის საერთაშორისო მნიშვნელობის საგანმანათლებლო, კულტურულ და ტურისტულ ცენტრად ჩამოყალიბება.

1200 ადგილიანი ამფითეატრი, 600 ადგილიანი დახურული საკონცერტო დარბაზი, უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ღვინის ქარხანა, აღდგენილი ვენახები და განახლებული ისტორიული კომპლექსი როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის, უნიკალურ გარემოს ქმნის.

მასალების გადაბეჭდვის წესი