ახალი ამბები

ოპოზიცია უბანზე ხმის გაყალბებაზე საუბრობს, ცესკო ამბობს, რომ ეს პროცედურული ხარვეზი იყო

30 ოქტომბერი, 2018 • 1204
ოპოზიცია უბანზე ხმის გაყალბებაზე საუბრობს, ცესკო ამბობს, რომ ეს პროცედურული ხარვეზი იყო

ფეისბუკში ვრცელდება ვიდეო, რომელიც თბილისის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე 28 ოქტომბერს არის გადაღებული. ვიდეოში ჩანს, რომ რამდენიმე პირი, მათ შორის, საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი და დამკვირვებელი, საარჩევნო ყუთთან ჩხუბობენ. ოპოზიცია ვიდეოზე ასახულ სიტუაციას ხმის გაყალბების პროცესს უწოდებს, ცესკოში კი ამბობენ, რომ ეს პროცედურული ხარვეზია.

 

სამარცხვინო არჩევნები. გააზიარეთ ყველამ.

Posted by ალტერ ეგო on Monday, October 29, 2018

ვიდეოში ჩანს, რომ საარჩევნო ყუთთან შეხლა-შემოხლის შემდეგ საარჩევნო კომისიის წევრი ყუთში, სავარაუდოდ, ბიულეტენს აგდებს, რაც გარშემომყოფთა ნაწილის უკმაყოფილბას იწვევს.

“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ვიდეოს შესახებ დღეს, 30 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. როგორც ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი, ლევან ბეჟაშვილი განმარტავს, უბანზე მისულ მოქალაქეს საარჩევნო ყუთთან კონვერტი დახვდა, რომელშიც უკვე იყო მოთავსებული სხვა ბიულეტენი. ამ ბიულეტენზე კი სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ნომერი იყო შემოხაზული.

როგორც ბეჟაშვილი ვარაუდობს, ეს იყო გაყალბების პროცესის ნაწილი და კომისიის წევრს შეეშალა ის ამომრჩეველი, რომლისთვისაც წინასწარ გამზადებული კონვერტი უნდა მიეცა.

ცესკოში ამ ინფორმაციას უარყოფენ და ამბობენ, რომ ვიდეოში ასახული ინციდენტი პროცედურული დარღვევაა.

“ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ისნის №2 უბანთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია გადაამოწმა და ვაცხადებთ, რომ უბანზე მისულ ამომრჩეველს, რომელიც შეამოწმა ნაკადის მომწესრიგებელმა და მას არ ჰქონდა მარკირება, სიაში მისი სახელის გასწვრივ დახვდა ხელმოწერა, რაც წარმოადგენს პროცედურულ ხარვეზს და ასეთ შემთხვევაში რეგისტრატორი კომისიის წევრი წერს ფაქტობრივი გარემოების აღმწერ ახსნა-განმარტებას.

საკანონმდებლო პროცედურა განსაზღვრავს, რომ თუ რომელიმე ამომრჩეველმა საარჩევნო სიაში შეცდომით ხელი მოაწერა სხვა ამომრჩევლის გვარის გასწვრივ, შესაბამისი ამომრჩეველი, რომლის გვარის გასწვრივაც ფიქსირდება ხელმოწერა, იმავე გრაფაში აწერს ხელს”, – აცხადებს ცესკო.

საარჩევნო ადმინისტრაციის თქმით, აღნიშნულ უბანზე მყოფმა არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებელმაც მოითხოვა, რომ ამომრჩეველს მისცემოდა ხმის მიცემის შესაძლებლობა, რათა არ დარღვეულიყო მისი კონსტიტუციური უფლება, რაზეც უბნის თავმჯდომარემაც მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება. როგორც ცესკო ამბობს, პარტიების წარმომადგენლებს ჰქონდათ უხეში მცდელობა, ხელი შეეშალათ ამომრჩევლისთვის, რაც ცალსახად ჩანს გავრცელებულ კადრებშიც.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი