ახალი ამბები

მაღაროში მუშაობისას 55 წლის კაცმა ხელის მტევანი დაკარგა

30 ოქტომბერი, 2018 • 1749
მაღაროში მუშაობისას 55 წლის კაცმა ხელის მტევანი დაკარგა

ჭიათურის  მაღაროში დასაქმებულმა სამუშაო პროცესის დროს მარცხენა ხელის მტევანი დაკარგა. ინფორმაცია ამის შესახებ მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირებმა გაავრცელა.

პროფკავშირების ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, დღის პირველ ნახევარში მოხდა.

“როგორც ადგილობრივი დასაქმებულები ყვებიან, ჯალამბრის ბაგირმა მარყუჟი გაიკეთა, დაშავებულმა კი მისი გასწორება სცადა. როგორც ჩანს, ჯალამბარზე ბაგირი იმაზე სწრაფად დაიჭიმა, ვიდრე იგი ვარაუდობდა და ბაგირის მარყუჟის დიამეტრის მომენტალური შემცირების შედეგად მარცხენა ხელის მტევანი მაჯის ქვემოთ მოწყვიტა”, – ამბობენ პროფკავშირებში.

პროფკავშირებში აცხადებენ, რომ დაშავებული 55 წლის კაცი წლებია ჭიათურის მაღაროში მუშაობს და მაღალი კვალიფიკაციით გამოირჩევა.

გაერთიანებაში აცხადებენ, რომ მომხდარი ფაქტის დეტალების და საწარმო შემთხვევის წარმოშობის მიზეზების კვლევის პროცესში უკვე ჩართული არიან საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის წარმომადგენლები, აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში კი პროცესში ჩაერთვებიან საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების შრომის დაცვის და იურიდიული დეპარტამენტებიც.

“ნეტგაზეთი” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა. უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც  სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას,უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი