ახალი ამბები

გარკვეული სეგმენტისთვის “ოცნების” წიაღიდან გამოსული კანდიდატი უფრო მისაღები იქნებოდა – კილაძე

30 ოქტომბერი, 2018 • 1243
გარკვეული სეგმენტისთვის “ოცნების” წიაღიდან გამოსული კანდიდატი უფრო მისაღები იქნებოდა – კილაძე

“მე მგონია, რომ [ამომრჩეველთა] გარკვეული სეგმენტისთვის “ქართული ოცნების” წიაღიდან გამოსული კანდიდატი უფრო მისაღები იქნებოდა და, შესაბამისად, უფრო მეტი ხმაც გვექნებოდა. მე ამას გესაუბრებით იმ კონკრეტული ადამიანებიდან გამომდინარე, ვისაც უნდოდა, “ქართულ ოცნებას” საკუთარი კანდიდატი ჰყოლოდა”, – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ.

კილაძის თქმით, მას, როგორც მაჟორიტარ დეპუტატს, კომუნიკაცია ჰქონდა ადამიანებთან, რომლებიც ზემოაღნიშნულ პოზიციას აფიქსირებდნენ.

“ჩემთან პირადად, როგორც მაჟორიტართან, კომუნიკაცია ჰქონდა სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებს და პირდაპირ გეტყვით, მათთვის სასურველი იყო, რომ “ქართულ ოცნებას” თავისი წიაღიდან წარმოედგინა კანდიდატი. გარკვეული ნაწილისთვის, ალბათ, ქალბატონი სალომეს პიროვნებამაც იმოქმედა”,- განაცხადა კილაძემ არჩევნების შედეგების კომენტირებისას.

კითხვაზე, რამდენად სწორად იყო “ოცნების” მიერ შერჩეული საპრეზიდენტო კანდიდატი, კილაძე პასუხობს:

“ჩვენ შევარჩიეთ ის კანდიდატი, რომელიც შევარჩიეთ. ჩვენ ამაზე ბევრი არგუმენტიც მოვიყვანეთ, პირველ რიგში, არა უშუალოდ “ქართული ოცნების” ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რომ ეს ყოფილიყო ზეპარტიული ადამიანი, თანაც ქალი. ქალთა გაძლიერებას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ და ესეც ერთ-ერთი ძალიან ძლიერი არგუმენტია – მნიშვნელოვანია, პირველი ქალი პრეზიდენტი იყოს”,- განაცხადა კილაძემ.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში “ქართული ოცნების” მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 50%-ზე მეტი ვერ მიიღო და მეორე ტურში გავიდა გრიგოლ ვაშაძესთან ერთად.

ამავე თემაზე

კალაძე: დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერამ შეასუსტა ჩვენი ამომრჩევლის მობილიზაცია

ვისურვებდი, ზურაბიშვილს მეტი პატივისცემა ჰქონდეს ჟურნალისტების მიმართ – ოხანაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი