ახალი ამბებისამართალი

ბოკერია ვაშაძის შტაბის დარბევაზე: პროპაგანდა ზურაბიშვილის “ევროპულ კამპანიაზე” დასრულდა

30 ოქტომბერი, 2018 • 2635
ბოკერია ვაშაძის შტაბის დარბევაზე: პროპაგანდა ზურაბიშვილის “ევროპულ კამპანიაზე” დასრულდა

ევროპული საქართველოს ლიდერები საგანგებო ბრიფინგით ეხმაურებიან ახალქალაქში გრიგოლ ვაშაძის შტაბის დარბევის ფაქტს და აცხადებენ, რომ მმართველი პარტიის წევრებისა და აქტივისტების მხრიდან ძალადობით დასრულდა პროპაგანდა სალომე ზურაბიშვილის “ევროპულ კამპანიაზე”.

“დღეს ჩვენ ვიხილეთ დეპუტატ გედევან ფოფხაძის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ თუ ოპოზიციამ გაიმარჯვა, იქნება სამოქალაქო ომი. თავისთავად, ამ ძალიან სახიფათო და საგანგაშო განცხადებაზე არ გვექნებოდა რეაქცია გამომდინარე თვითონ გედევან ფოფხაძის პერსონიდან, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არის ხელისუფლების ნაწილის რეაქცია, ვინაიდან დღეს უკვე ვნახეთ კატასტროფული ფაქტი ახალქალაქში, კერძოდ – ქართული ოცნების დეპუტატი, ენძელა მკოიანი მანქანიდან ხელმძღვანელობდა მის ძმას, მატრიუს მკოიანს და ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდოამრეს ქართული ოცნებიდან ნაირი ირიციანს, რომლებმაც ხელკეტებით დაარბიეს ადგილობრივი ნაციონალური მოძროაბის ოფისი”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

როგორც უგულავა ამბობს, ეს ორი განცხადება და შემდეგ უკვე რეაქცია ცხადყოფს, რომ ხელისუფლება აპირებს არჩევნების მეორე ტური ჩაატაროს დაშინებისა და ძალადობის ფონზე. მისი თქმით, აღნიშნული ძალადობის ფაქტი გამოიწვევს კატასტროფულ შედეგებს

“თუ ხელისუფელბას არ სჯერა საკუთარი კანდიდატის გამარჯვების, იმუქრება სამოქალაქო ომითა და არეულობით, ეს იმას ნიშნავს, რომ ამის ინსპირატორი არის თვითნ ხელისუფლება. ერთადერთი სწორი გამოსავალი ამ შემთხვევაში არის ის, რომ დანებდეს სალომე ზურაბიშვილი და არა ის მუქარანარევი განცხადებები და ქმედებები, რომელიც კატასტროფამდე მიიყვანს ქვეყანას; განსაკუთრებით, ეს ეხება ეთნიკური უმცირესობების რაიონებს, სადაც ასეთი ქმედება დამატებით სახიფათოა და განსაკუთრებით თუ გავიხსენებთ სალომე ზურაბიშვილის ორი კვირის წინ გაკეთბულ განცხადებას, როდესაც ის ახალქალაქში იმყოფებოდა – აბსოლუტურად დაუბალანსებელი და ცეცხლზე ნავთის დამსხმელი განცხადება, რომელმაც გრძელვადიანად შესაძლოა კიდევ დამატებით პრობლემები შეუქმნას ქვეყანას”, – ამბობს უგულავა.

ევროპული საქართველო ახალქალაქის ინციდენტზე, ისევე როგორც გედევან ფოფხაძის მსგავს განცხადებებზე, უსწრაფეს და მკაფიო რეაგირებას მოითხოვს მმართველი პარტიის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან და “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, პასუხისმგებლობა აიღოს იმასთან დაკავშირებით, იზიარებს თუ არა პარტია ქართული ოცნება ამ განცხადებას და ემიჯნება თუ არა ახალქალაქში მომხდარ ძალადობის ფაქტს:

“სხვა შემთხვევაში, ყველანაირ გართულებაზე პასუხისმგებლობა ექნება და ეკისრება ქართულ ოცნებას და პირადად ბიძინა ივანიშვილს.”

ევროპული საქართველოს კიდვ ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ მთელი ამ კამპანიის განმავლობაში ისმოდა ცინიკური განცხადებები, თითქოს ევროპული ტიპის კამპანია შესთავაზა სალომე ზურაბიშვილმა და ქართულმა ოცნებამ ამომრჩეველს, ხოლო მეორე მხირდან [ოპოზიციიდან] იღებდა აგრესიას.

“ჩვენ აქამდეც ვხედავდით, თუმცა დღევანდელი ძალადობა ხარისხობრივად სულ სხვა დონის ფაქტია ამ კამპანიის პირობებში. გაირკვა, რომ ქართველი ხალხის ნებაა ივანიშვილისა და მის მიერ შემოთავაზებული კანდიდატის წინააღმდეგ. როცა გაირკვა, ხელისუფლების ლიდერების სიტყვებით, არჩევნები არის კონკურენტუნარიანი, ამ ვითარებაში, მთელი ეს ცრუ პროპაგანდა ევროპულ კამპანიაზე დასრულდა ხელკეტებით, ოპოზიციურ პარტიაში შევარდნით და ძალადობით ასლან აბაშიძის სტილში. შემთხვევით არ გამხსენებია ასლან აბაშიძე, რადგან ჩვენი და მოქალაქეების მთავარი გზავნილია, რომ ეს მეთოდები საფრთხეს უქმნის ქვეყანას, მაგრამ ვერ გადაარჩენს ვერც ივანიშვილს და ვერც მის გუნდს,” – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გრიგოლ ვაშაზის საარჩევნო შტაბის უფროსის, გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, ახალაქალაქში მათი საარჩევნო შტაბის უფროსი და საოლქო კომისიაში გაერთანებული ოპოზიციის სამი წარმომადგენელი სასტიკად სცემეს. მისი თქმით, ოთხივე მათგანს საკმაოდ მძიმე დაზიანებები აღენიშნება და ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, ხოლო ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ სავარაუდოდ თბილისში გადაიყვანენ სამკურნალოდ.

ვაშაძის შტაბი ჯგუფურ თავდასხმაში მმართველ პარტიას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ აგონიაში მყოფი ქართული ოცნება პირდაპირ პროვოკაციებზე და ძალადობაზე გადადის. გიორგი ვაშაძის თქმით, გრიგოლ ვაშაძის შტაბს ხელკეტებით შეიარაღებული 20-მდე პირი დაესხა თავს. გაერთიანებული ოპოზიციის განცხადებით, დარბევას ხელმძღვანელობდა და უშუალოდ მონაწილეობდა მარტუნ მკოიანი, რომელიც ქართული ოცნების დეპუტატის, ენძელა მკოიანის ძმაა. გიორგი ვაშაძის თქმით, აღნიშნული პიროვნება უკვე იდენტიფიცირებულია მათ მიერ.

ვაშაძე მათი შტაბის წევრებსა და მხარდამჭერებს მოუწოდებს, რომ მშვიდობიანად უპასუხონ ძალადობას და პროვოკაციას. მისი თქმით, ამ ძალადობის შესახებ ოპერატიულად აცნობებენ ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომელთა ანგარიშშიც აუცილებლად აისახება აღნიშნული ფაქტი.

ვაშაძის შტაბი: აგონიაში მყოფი “ოცნება” პირდაპირ ძალადობაზე გადადის [ვიდეო]

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით დაიწყო, რაც წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ ხულიგნობას გულისხმობს.

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებრივად სასარგებლო შრომით, ვადით ასოთხმოციდან ორას საათამდე ან გამასწორებული სამუშაოთი, ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

შს მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, ამ ეტაპზე ტარდება ინტენსიური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, ხოლო როგორც კი რაიმე შედეგი იქნება და მოტივი დადასტურდება, საზოგადოებას დაუყოვნებლივ მიეწოდება ინფორმაცია.

ახალქალაქში გრიგოლ ვაშაძის შტაბი დაარბიეს

მასალების გადაბეჭდვის წესი