ახალი ამბებისამართალი

ვაშაძის შტაბი: აგონიაში მყოფი “ოცნება” პირდაპირ ძალადობაზე გადადის [ვიდეო]

30 ოქტომბერი, 2018 • 2043
ვაშაძის შტაბი: აგონიაში მყოფი “ოცნება” პირდაპირ ძალადობაზე გადადის [ვიდეო]

ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიფინგი გაიმართა გრიგოლ ვაშაძის მთავარ შტაბში, სადაც გიორგი ვაშაძემ ახალქალაქში მათი შტაბის დარბევის შესახებ ისაუბრა და პოლიციას მოუწოდა, დროულად გამოიძიონ თავდასხმის ფაქტი და დასაჯონ დამნაშავეები. გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, ახალაქალაქში მათი საარჩევნო შტაბის უფროსი და საოლქო კომისიაში გაერთანებული ოპოზიციის სამი წარმომადგენელი სასტიკად სცემეს.

ვაშაძის შტაბის განცხადებით, ოთხივე მათგანს საკმაოდ მძიმე დაზიანებები აღენიშნება და ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ სავარაუდოდ თბილისში გადმოიყვანენ სამკურნალოდ.

გიორგი ვაშაძე ჯგუფურ თავდასხმაში მმართველ პარტიას ადანაშაულებს. გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსი აცხადებს, რომ აგონიაში მყოფი ქართული ოცნება პირდაპირ პროვოკაციებზე და ძალადობაზე გადადის. მისი თქმით, გრიგოლ ვაშაძის შტაბს ხელკეტებით შეიარაღებული 20-მდე პირი დაესხა თავს.

გაერთიანებული ოპოზიციის განცხადებით, დარბევას ხელმძღვანელობდა და უშუალოდ მონაწილეობდა მარტუნ მკოიანი, რომელიც ქართული ოცნების დეპუტატის, ენძელა მკოიანის ძმაა. გიორგი ვაშაძის თქმით, აღნიშნული პიროვნება უკვე იდენტიფიცირებულია მათ მიერ.

ვაშაძე მათი შტაბის წევრებსა და მხარდამჭერებს მოუწოდებს, რომ მშვიდობიანად უპასუხონ ძალადობას და პროვოკაციას. მისი თქმით, ამ ძალადობის შესახებ ოპერატიულად აცნობებენ ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომელთა ანგარიშშიც აუცილებლად აისახება აღნიშნული ფაქტი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით დაიწყო, რაც წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ ხულიგნობას გულისხმობს.

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებრივად სასარგებლო შრომით, ვადით ასოთხმოციდან ორას საათამდე ან გამასწორებული სამუშაოთი, ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

შს მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, ამ ეტაპზე ტარდება ინტენსიური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, ხოლო როგორც კი რაიმე შედეგი იქნება და მოტივი დადასტურდება, საზოგადოებას დაუყოვნებლივ მიეწოდება ინფორმაცია.

ახალქალაქში გრიგოლ ვაშაძის შტაბი დაარბიეს

მასალების გადაბეჭდვის წესი