ახალი ამბები

გორში 9 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულ პირს ბრალი გარყვნილი ქმედების მუხლით დაუმძიმდა

30 ოქტომბერი, 2018 • 2815
გორში 9 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულ პირს ბრალი გარყვნილი ქმედების მუხლით დაუმძიმდა

გორში 9 წლის ნანა ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ პირს ბრალი 141-ე, გარყვნილი ქმედების მუხლით დაუმძიმდა. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, კახა საბანაძემ განაცხადა.

საბანაძე მოკლული გოგოს დაკრძალვაზე ჩავიდა, სადაც განაცხადა, რომ უწყებას ყველანაირი მტკიცება აქვს იმისთვის, რომ ბრალდებულის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს და კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს.

ნანა ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გორში მოკლული იპოვეს. მანამდე მას რამდენიმე საათი ეძებდნენ. როგორც მშობლები აცხადებენ, გოგო ცეკვის წრეზე მიდიოდა, საიდანაც არ დაბრუნებულა. შსს-მ ცხელ კვალზე 34 წლის კაცი დააკავა, რომელიც, როგორც გორის მცხოვრებლები აცხადებენ, ახლომდებარე სახლში სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა.

მინისტრის მოადგილის თქმით, სამართალდამცავებმა შეისწავლეს ბავშვის მოძრაობის მარშრუტი და ამ გზაზე შეამოწმეს ყველა ბინა,  ერთ-ერთ ბინაში კი იპოვეს სისხლის საეჭვო კვალი, რაზეც დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა. ამავე პირს უკავშირებენ 14 წლის გაუჩინარებული მოზარდის საქმესაც.

გორში მოკლული 9 წლის ბავშვის საქმეზე პოლიციამ გამოძიება თავდაპირველად სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო. ეს კი  წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ვრცლად :

რა ვიცით 9 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულზე

 

ქორიძე ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულზე: ამნისტიამ მას მსჯავრი 7.4 წლით შეუმცირა, პრეზიდენტმა – 1.1 წლით

მასალების გადაბეჭდვის წესი