ვინ ვის (არ) დაუჭერს მხარს II ტურში

ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე თუ არცერთი? – ნეტგაზეთი გთავაზობთ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიებისა და მოძრაობების პოზიციებს 2018 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით.

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე ოპოზიციურ პარტიებს მეორე ტურისთვის გრიგოლ ვაშაძის მხარდასაჭერად საერთო შტაბის შექმნას სთავაზობს. დავით ბაქრაძის განცხადებით, ძალების გაერთიანებას არა მხოლოდ პრეზიდენტობის კანდიდატებს, არამედ ყველა პროევროპულ პარტიას სთავაზობს.

  • დავით ბაქრაძე საპრეზიდენტო კანდიდატად ევროპულმა საქართველომ წარადგინა. მან 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში 174 842 ხმა მიიღო (10.97%) და მესამე ადგილზე გავიდა.

რესპუბლიკური პარტია

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში რესპუბლიკური პარტია მხარს გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს. სამნიძის თქმით, პირველ ტურში რესპუბლიკელებმა ხმა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მისცეს, ხოლო მეორე ტურშიც ხელისუფლების წინააღდეგ წავლენ და გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერენ მხარს.

  • რესპუბლიკელებს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ. 2017 წლის ადგილობბრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კი ისინი თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს, ალექსანდრე ელისაშვილს უჭერდნენ მხარს, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა.
  • რესპუბლიკელებმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 1.55% აიღეს, რაც 27.274 ხმაა. თუმცა არჩევნების შემდეგ რესპუბლიკური პარტია რამდენიმე ლიდერმა, მათ შორის, დავით უსუფაშვილმა დატოვა, რომელმაც მალევე შენების მოძროაბა დააფუძნა.

გირჩი – ზურაბ ჯაფარიძე

გირჩის საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მეორე ტურში ხმას გრიგოლ ვაშაძეს მისცემს, მიუხედავად იმისა, რომ ეს კანდიდატი მისთვის პრინციპულად მიუღებელია. ამასთან, ჯაფარიძე ამბობს, რომ მის ამომრჩეველს რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერისაკენ არ მოუწოდებს. ორი მიზეზი, რის გამოც ჯაფარიძე ხმას ვაშაძეს მისცემს, იხილეთ ამ ბმულზე.

  • გირჩმა წელს პირველად მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და მეხუთე ადგილი დაიკავა. ზურაბ ჯაფარიძეს 36 023 (2.26 %) ამომრჩეველმა მისცა ხმა. გირჩის საპრეზიდენტო კანდიდატმა მეხუთე ადგილი დაიკავა.

შენების მოძრაობა

დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ არ შეუერთდება დავით ბაქრაძის ინიციატივას მეორე ტურისთვის ოპოზიციური პარტიების საერთო საკოორდინაციო შტაბის შექმნასთან დაკავშირებით. პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, მეორე ტურში ვერც ერთ კანდიდატს ვერ გამოუცხადებს პოლიტიკურ მხარდაჭერას: “არც ვაშაძე-სააკაშვილი და არც ზურაბიშვილი-ივანიშვილ-ფარცხალაძე არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ რომელიმე მათგანს მე პოლიტიკური მხარდაჭერა გამოვუცხადო მეორე ტურში.”

  • დავით უსუფაშვილმა 2018 საპრეზიდენტო არჩევნებზე 2.26% (36 026 ხმა) აიღო.

თავისუფალი დემოკრატები

თავისუფალი დემოკრატების ლიდერის, ლევან სამუშიას განცხადებით, მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძის არჩევისკენ ვერავის მოუწოდებენ, რადგან ამ პასუხისმგებლობას ვერ აიღებენ, ხოლო სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას კატეგორიულად გამორიცხავენ.

  • თავისუფალი დემოკრატები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მხარს დავით უსუფაშვილს უჭერდნენ, რომელმაც 2.26% აიღო (36 026 ხმა).

ლეიბორისტები – შალვა ნათელაშვილი

ლეიბორისტულ პარტიაში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ შალვა ნათელაშვილი II ტურთან დაკავშირებით თავის პოზიციას ხვალ დააფიქსირებს.

  • შალვა ნათელაშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 3.74% მიიღო (59 649 ხმა).

თავისუფალი საქართველო – კახა კუკავა

კახა კუკავა ამბობს, რომ პირადად მას არც სალომე ზურაბიშვილის და არც ვაშაძის მხარდაჭერის სურვილი არ აქვს II ტურში, თუმცა პარტიაში (თავისუფალი საქართველო) მსჯელობა გაიმართება.

  • კუკავამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში 1.33% (21 182 ხმა) მიიღო.

“ქართული მარში”

“ქართულმა მარშმა” 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა, თუმცა, პირველი ტურის შედეგების შემდეგ, ნაციონალისტური მოძრაობის სათათბიროში საგანგებო შეხვედრა დაიგეგმა იმის შესახებ, გააგრძელებენ თუ არა ბოიკოტირების რეჟიმს, თუ დაუჭერენ მხარს სალომე ზურაბიშვილს კონკრეტული პირობებით.

სანდრო ბრეგაძის თქმით, ნაციონალისტური მოძრაობების წევრებს 3 განსხვავებული პოზიცია აქვთ მეორე ტურთან დაკავშირებით, ხოლო საერთო პოზიციის შესახებ გადაწყვეტილებას 31 ოქტომბერს  “ქართული მარშის” სათათბიროზე მიიღებენ.

სანდრო ბრეგაძემ პირადად თავისი პოზიციაც დააფიქსირა ნეტგაზეთთან საუბრისას და კატეგორიულად გამორიცხა გრიგოლ ვაშაძის ან სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა. თუმცა, მისი თქმით, ნაციონალისტურ მოძრაობებში ერთ ნაწილს აქვს შიში ენმ-ის დაბრუნების და ამის გამო სურს ზურაბიშვილის მხარდაჭერა, ზოგი კი მის პოზიციას იზიარებს და გამორიცხავენ ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატისთვის ხმის მიცემას.

  • “ქართული მარში” ორ არჩევნებში აპირებდა მონაწილეობის მიღებას და სანდრო ბრეგაძის წარდგენას კანდიდატად, თუმცა შემდგომში ორივე არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს. 

პატრიოტთა ალიანსი

პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის ფრაქციის თავმჯდომარემ აღიარა, რომ პარტიის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის არმიღების ერთ-ერთი მიზეზი მმართველი გუნდის კანდიდატთან ხმების გაყოფის საშიშროება იყო. გიორგი ლომიას განმარტებით, პატრიოტთა ალიანსი და ხელისუფლება “ბუნებრივი პარტნიორები” არიან, ხოლო მათ ამოცანა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში არდაბრუნებაა. სპა პოლიტსაბჭოს მოწვევას და მსჯელობას აპირებს მეორე ტურთან დაკავშირებით.

  • პატრიოტთა ალიანსმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში 88 109 ხმა აიღო, რაც 5.01%-ია. საკანონმდებლო ორგანოში სპა-მ 6 მანდატი მოიპოვა.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.