ახალი ამბები

სექტემბრის ეკონომიკური ზრდა 5.6%-ია – საქსტატი

30 ოქტომბერი, 2018 • 991
სექტემბრის ეკონომიკური ზრდა 5.6%-ია – საქსტატი

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2018 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის ტემპმა 5,6 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2018 წლის III კვარტლის რეალური ზრდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4,0 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2018 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო რეალური ზრდა 4,9 პროცენტს შეადგენს.

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2018 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა დამამუშავებელი მრეწველობის, საფინანსო საქმიანობის, ვაჭრობის, უძრავი ქონებით ოპერაციების, ტრანსპორტის, სასტუმროებისა და რესტორნების დარგებში.


საქსტატი აცხადებს, რომ ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ტემპის  წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე.

“აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. გარდა ამისა, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი