ახალი ამბები

ბრაზილიაში ულტრამემარჯვენე, რასისტი პრეზიდენტი აირჩიეს

30 ოქტომბერი, 2018 • 2693
ბრაზილიაში ულტრამემარჯვენე, რასისტი პრეზიდენტი აირჩიეს

საქართველოს მსგავსად, საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს ბრაზილიაშიც გაიმართა, სადაც ჟაირ ბოლსონარომ გაიმარჯვა. ულტრამემარჯვენე ლიდერს უცხოურ მედიაში წინააღმდეგობრივ, პოპულისტ პოლიტიკოსად აფასებენ, რომელსაც ხშირად რასისტული, სექსისტური და ჰომოფობიური მესიჯები აქვს. პოპულისტური განცხადებების გამო ბოლსონაროს ტრამპსაც ადარებენ.

არჩევნების დასრულების შემდეგ პირველ ინტერვიუში ბრაზილიის ახალმა პრეზიდენტმა ცეცხლსასროლი იარაღის ტარების შესახებ კანონის შემსუბუქებაზე ისაუბრა. როოგრც The Guardian წერს, ბრაზილიაში მკვლელობის შემთხვევების 71% სწორედ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხდება. ახალარჩეული პრეზიდენტი კი გამოსავალს იარაღის ტარებაზე რეგულაციების შემსუბუქებაში ხედავს.

“განცხადებები იმის თაობაზე, რომ ბრაზილია უფრო უსაფრთხო გახდება, თუ ყველა შეუიარაღებელი იქნება, პოლიტკორექტული სიცრუეა”, – თქვა ბოლსონარომ ინტერვიუში. მისი აზრით, ამ გზით ქვეყანაში კრიმინალის დონე შემცირდება.

როგორც BBC წერს, ბოლსონარო ბრაზილიურ მედიასაც დაემუქრა. მისი თქმით, სამთავრობო რეკლამის განთავსებას აკრძალავს იმ მედიასაშუალებებში, რომლებიც, მისი აზრით, სიცრუეს ტირაჟირებენ.

ბრიტანულმა მედიამ ბრაზილიის ახალ პრეზიდენტს 2015 წელს მომხდარი ინციდენტიც გაუხსენა, როდესაც ბოლსონარომ დეპუტატ ქალს უთხრა, რომ ზედმეტად შეუხედავი იყო საიმისოდ, ვინმემ რომ გააუპატიუროს. თუმცა ეს პოლიტიკოსის ერთადერთი სკანდალური განცხადება არ ყოფილა.

The most provocative things Brazil’s new president has said

Brazil’s new president, Jair Bolsonaro, has become known for making offensive and controversial declarations. The far-right, pro-gun, pro-torture populist built his campaign around pledges to crush corruption, crime and a supposed communist threat. He secured 55.1% of the vote and was elected on Sunday.

Posted by The Guardian on Monday, 29 October 2018

ერთ-ერთ ინრერვიუში ბოლსონარომ თანამოქალაქეებს მოუწოდა, რომ თუ შენიშნავენ, მათი შვილები ჰომოსექსუალები არიან, შემოულაწუნონ, რათა “გამოსწორდნენ”.

კიდევ ერთ ინტერვიუში კი ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რას იზამდა პოლიტიკოსი, მის ვაჟს შავკანიანი ქალი რომ შეჰყვარებოდა, ბოლსონარომ უპასუხა, რომ ეს გამორიცხულია, რადგან მისი ვაჟები “კარგად არიან აღზრდილნი”.

წარსულში ბოლსონარო ქვეყანაში წლების წინ არსებული მილიტარისტული რეჟიმის წარმომადგენლების მკვლელობას ამართლებდა და არც დიქტატურის წინააღმდეგი ყოფილა, თუმცა მას შემდეგ, რაც არჩევნების შედეგები გახდა ცნობილი, ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ “დემოკრატიის მცველი” იქნება.

ბოლსონარო ბრაზილიის გაყვანასაც გეგმავს პარიზის კლიმატური ცვლილების შეთანხმებიდან.

უფლებამოსილების შესრულებას ბრაზილიის ახალარჩეული პრეზიდენტი 2019 წლის პირველი იანვრიდან შეუდგება. როგორც BBC წერს, ჯერჯერობით უცნობია, მოახერხებს თუ არა საკუთარ ხედვებში კონგრესის დარწმუნებას. კონგრესში ამჟამად 30 პარტიაა წარმოდგენილი, რაც უცხოური მედიის განცხადებით, რეკორდული მაჩვენებელია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი