ახალი ამბები

შეზღუდვები საბანკო სესხებზე პირველი ნოემბრიდან არ ამოქმედდება

30 ოქტომბერი, 2018 • 4113
შეზღუდვები საბანკო სესხებზე პირველი ნოემბრიდან არ ამოქმედდება

მას შემდეგ, რაც ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების პირველ ტურში ვერ გაიმარჯვა და მეორე ტურის დანიშვნა გახდა საჭირო, ცნობილი გახდა, რომ ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის შემზღუდავი რეგულაციები კომერციული ბანკებისთვის 1-ლი ნოემბრიდან არ ამოქმედდება.

რეგულაციების გადავადების შესახებ ნეტგაზეთს ეროვნულ ბანკში განუცხადეს. პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის დებულების გამარტივებაზე მუშაობა მიმდინარეობს. სებ-ში ჯერ არ ამბობენ, როდის ამოქმედდება რეგულაცია. ბანკში არც იმას ამბობენ, რა გახდა რეგულაციების გადავადების მიზეზი.

ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ დებულება ჯერ კიდევ პროექტის სახით არსებობს. ის კომერციული ბანკებისთვის პირველი ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, ხოლო იანვრიდან რეგულაციები მთლიანად საფინანსო სექტორს შეეხება.

ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორის რეგულაციებს ე.წ ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარებით ხსნის. სები კომერციულ ბანკებს ავალდებულებს, სესხის გაცემამდე მსესხებლის გადახდისუნარიანობა შეამოწმოს. ბანკის მიერ მსესხებლის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვან ანალიზად ჩაითვლება, თუ ის მოახდენს მსესხებელი/თანამსესხებელი პირის შემოსავლების, ხარჯებისა და ჯამური ვალდებულებების დეტალურ ანალიზს.

რაც შეეხება ფიზიკური პირების დაკრედიტების წესის ცვლილებას, რომელიც კომერციული ბანკებითვის 1-ლი ნოემბრიდან უნდა შესულიყო ძალაში, დგინდება, რამდენი უნდა იყოს ყოველთვიური სასესხო გადასახადი ხელფასთან მიმართებით.

ჯერ კედევ 28 ოქტომბრის არჩევნებამდე, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ სესხებზე შეზღუდვები ხალხის ბანკებზე დამოკიდებულების შესამცირებლად წესდებოდა. მას შემდეგ, რაც “ოცნების” მხარდაჭერილმა კანდიდატმა პირველივე ტურში ვერ გაიმარჯვა და მთავარ კონკურენტს მხოლოდ ხმების მინიმალური რაოდენობით გაუსწრო, ხელისუფლების წარმომადგენლები ალაპარაკდნენ შეცდომებზე და ამ შეცდომების დაუყონებლივ გამოსწორების აუცილებლობაზე, თუმცა კონკრეტულად პირველი ნოემბრიდან ასამოქმედებელი რეგულაციები არავის უხსენებია.


ნოემბრიდან ასამოქმედებელი წესით, რეგულაცია უნდა ყოფილიყო შემდეგნაირი:

სესხის მომსახურების კოეფიციენტის მაქსიმალური მაჩვენებელი 500 ლარის შემთხვევაში 15%-ს არ უნდა აჭარბებდეს. ანუ სამომხმარებლო სესხის შემთხვევაში, თუ პირს აქვს 500-ლარიანი ყოველთვიური შემოსავალი, მას არ შეეძლება ისეთი სესხის აღება, რომლის დასაფარადაც თვეში 75 ლარზე მეტის გადახდა მოუწევს. 500-1000 ლარამდე ხელფასის შემთხვევაში, სასესხო ტვირთი 20% იქნება. დებულების ამჟამინდელი რედაქციით იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადად 15 წელი განისაზღვრა.

შემოსავლების ზრდასთან ერთად, სასესხო ტვირთი შემდეგნაირად განაწილდება:

  • 1000-2000 ლარი – 25%;
  • 2000-4000 ლარი – 30%;
  • 4000-800 ლარი – 35%.
  • 5000-7000 ლარი – 40%

ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ახალი საბანკო რეგულაცია, რომელიც ფიზიკური პირების დაკრედიტების წესს განსაზღვრავს, სესხების აღებას შეამცირებს.

“ჩვენი გათვლებით იმ ადამიანების 40-50%, ვინც დღეს სესხს იღებს, 1 ნოემბრიდან სესხებს ვეღარ აიღებენ. მათთვის კი, ვინც სესხის აღებას მოახერხებს, ეს პროცედურა დროში გაიწელება. როგორც არ უნდა მოერგოს საბანკო სექტორი ამ რეგულაციებს, გარკვეული ადამიანები სესხის აღებას მაინც ვეღარ შეძლებენ”, – აცხადებდა ალექსანდრე ძნელაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი