ახალი ამბები

თავისუფალი დემოკრატები ამომრჩეველს II ტურში ვაშაძის მხარდაჭერისკენ ვერ მოუწოდებენ

29 ოქტომბერი, 2018 • 4072
თავისუფალი დემოკრატები ამომრჩეველს II ტურში ვაშაძის მხარდაჭერისკენ ვერ მოუწოდებენ

თავისუფალი დემოკრატები აცხადებენ, რომ მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძის არჩევისკენ ვერავის მოუწოდებენ, რადგან ამ პასუხისმგებლობას ვერ აიღებენ, ხოლო სალომე ზურაბიშვილს კატეგორიულად გამორიცხავენ. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, ლევან სამუშიამ ტვ პირველის ეთერში განაცხადა.

“უბრალოდ, გამორიცხულია, თავისუფალმა დემოკრატებმა მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს დაუჭირონ მხარი. ამაზე ფიქრიც არ შეიძლება. გამორიცხულია, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოვუწოდოთ ამომრჩეველს მისი წარსულიდან და გამონათქვამებიდან გამომდინარე.

რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძეს, თავისუფალი დემოკრატები არ ვმოქმედებთ იქიდან გამომდინარე, თუ საით გადაიხრება სიმძიმის ტვირთი. პირველ რიგში, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, გვაქვს პრინციპები და ამ პრინციპებს მივსდევთ. არ ვაპირებთ პოლემიკაში შესვლას.

კატეგორიული გამორიცხვა სალომე ზურაბიშვილის… [თუმცა] ვერ მოვუწოდებთ ვინმეს, მხარი დაუჭირონ ამ შემთხვევაში გრიგოლ ვაშაძეს. ვერ ავიღებთ ამ პასუხისმგებლობას. თქვენ როდესაც მიდიხართ არჩევნებზე, თქვენი პასუხისმგებლობას თავად იღებთ,” – განაცხადა ლევან სამუშიამ.


“ევროპული საქართველოს” ლიდერი დავით ბაქრაძე ოპოზიციურ პარტიებს მეორე ტურისთვის საერთო შტაბის შექმნას სთავაზობს:

“გუშინ ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, რომ მიუხედავად ჩვენ შორის არსებლი განსხვავებებისა, მეორე ტურში ჩვენ მხარს დავუჭერთ გრიგოლ ვაშაძეს და მოვუწოდეთ ჩვენს მხარდამჭერებს ანალოგიური მხარდაჭერისკენ.

დღეს გამოვდივარ კონკრეტული ინიციატივით, რომ მეორე ტურის უკეთ მოსამზადებლად შეიქმნას ოპოზიციური პარტიების მეორე ტურის საკოორდინაციო შტაბი, სადაც ყველა ერთად კოორდინირებულად ვიმუშვებთ მეორე ტურისთვის მომზადებისა და გამარჯვებისთვის” ,- ამბობს ბაქრაძე.

დავით ბაქრაძის განცხადებით, ძალების გაერთიანებას არა მხოლოდ პრეზიდენტობის კანდიდატებს, არამედ ყველა პროევროპულ პარტიას სთავაზობს. მისი თქმით, ამ ინიციატივას უკვე შეუერთდა “რესპუბლიკური პარტია”.


ბაქრაძის ინიციატივას უერთდება პოლიტიკური გაერთიანება “ძალა ერთობაშია”. როგორც გაერთიანების წევრი გიორგი ვაშაძე ამბობს, გრიგოლ ვაშაძის შტაბი ყველა ტიპის კოორდინაციისთვის, მზადაა მათ შორის თანახმაა, ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო შტაბი შეიქმნას:

“აუცილებლად ამაზე გვექნება კონსულტაციები მათთანაც, სხვა პოლიტიკურ პარტიებთანაც, ვისთანაც პირდაპირი კომუნიკაცია გვაქვს უკვე და ვფიქრობთ, რომ დროა ყველა გავერთიანდეთ, ერთად დავდგეთ და საერთო გამაჯვება მოვიპოვოთ მეორე ტურში”, – ამბობს გიორგი ვაშაძე.


დღეს, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ არ შეუერთდება დავით ბარქაძის ინიციატივას მეორე ტურისთვის ოპოზიციური პარტიების საერთო საკოორდინაციო შტაბის შექმნასთან დაკავშირებით. პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, მეორე ტურში ვერც ერთ კანდიდატს ვერ გამოუცხადებს პოლიტიკურ მხარდაჭერას


გირჩის საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მეორე ტურში ხმას გრიგოლ ვაშაძეს მისცემს, მიუხედავად იმისა, რომ ეს კანდიდატიც ისეთივე მიუღებელია მისთვის, როგორც სალომე ზურაბიშვილი. ამასთან, ჯაფარიძე ამბობს, რომ მის ამომრჩეველს რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერისაკენ არ მოუწოდებს.


ამ ეტაპზე, ამ საკითხის კომენტირებისგან თავს იკავებენ “ლეიბორისტულ პარტიაში”. გიორგი გუგავა “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ პარტიას ჯერ არჩევნების შედეგები არ შეუჯამებია და ამ ეტაპზე საერთო შტაბის შექმნაზე საუბარი ნაადრევია.

მასალების გადაბეჭდვის წესი