ახალი ამბები

ჯაფარიძე II ტურში ხმას ვაშაძეს აძლევს, თუმცა მხარდამჭერებს არაფერს მოუწოდებს

29 ოქტომბერი, 2018 • 5506
ჯაფარიძე II ტურში ხმას ვაშაძეს აძლევს, თუმცა მხარდამჭერებს არაფერს მოუწოდებს

გირჩის საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მეორე ტურში ხმას გრიგოლ ვაშაძეს მისცემს, მიუხედავად იმისა, რომ ეს კანდიდატი მისთვის მიუღებელია.

ამასთან, ჯაფარიძე ამბობს, რომ მის ამომრჩეველს რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერისაკენ არ მოუწოდებს.

“რაც შეეხება პირადად ჩემს პოზიციას, ვთვლი, რომ ვალდებული ვარ ის გავხადო საჯარო და მეორე ტურამდე რომ არ ვათამაშო ერთი ადგილი, ახლავე დავაფიქსირებ: ჩემთვის ორივე დარჩენილი კანდიდატი არის პრინციპულად მიუღებელი. ნებისმიერი მცდელობა ხაზის გავლების, თითქოს ერთი უფრო ნაკლებად ცუდია ან ნაკლებად საშიშია, ვიდრე მეორე, ჩემთვის არის მასტურბაცია. მეტიც, ორივეს შემთხვევაში 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ არჩევიდან ძალიან სწრაფად გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომლის გამოც გინებას დაიმსახურებს ჩემგან. მიუხედავად ამისა, მე წავალ მეორე ტურზე და ხმას მივცემ ადამიანს, რომლის კარიერული პიკი, რომ არა პრეზიდენტი სააკაშვილი, იქნებოდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს საშუალო დონის ჩინოვნიკობა, რომელმაც პედოფილთან გამაიგივა პირადად მე და ასობით ათასი ამ ქვეყნის მოქალაქე.

რომელმაც მთელი წინასაარჩევნო კამპანია ააგო იმ მიზანთან ბრძოლაზე, რისთვისაც ჩემი ცხოვრების უკანასკნელი 12 წლის მნიშვნელოვანი ნაწილი მაქვს დათმობილი, და რომლის არჩევის შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს, რომ სულ ცოტა ხნის წინ ქვეყნის პირველ ლედის მოსკოვში აქვს ნაცეკვი, 25 თებერვალს, ამას არ გავაკეთებ იმიტომ, რომ ეს კანდიდატი მეორეს სჯობს, ამას გავაკეთებ იმიტომ, რომ…”, – აცხადებს ზურა ჯაფარიძე და 2 მიზეზს გამოყოფს, რისთვისაც, მისი თქმით, ვაშაძეს მისცემს ხმას:

“1. თუ არსებობს შანსი, ივანიშვილის ხელში არ იყოს ფორმალური ძალაუფლების თუნდაც ერთი, თუნდაც სუსტი ბერკეტი, ეს შანსი გამოსაყენებელია

2. ნებისმიერმა ცარიელმა ადამიანმა მომავალში იცოდეს, რომ მხოლოდ ივანიშვილთან დაახლოება არ არის საკმარისი მაღალი სახელმწიფო თანამდებობის დასაკავებლად. და რომ მარგველაშვილი იქნება, ნარმანია, ბახტაძე, კობახიძე თუ სხვა – ეს ანომალიაა და არა წესი. შეგიძლიათ მოხვიდეთ და ნახოთ, როგორ ერევა გული ადამიანს ხმის მიცემის შემდეგ”, – აცხადებს ჯაფარიძე.


“ევროპული საქართველოს” ლიდერი დავით ბაქრაძე ოპოზიციურ პარტიებს მეორე ტურისთვის საერთო შტაბის შექმნას სთავაზობს:

“გუშინ ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, რომ მიუხედავად ჩვენ შორის არსებლი განსხვავებებისა, მეორე ტურში ჩვენ მხარს დავუჭერთ გრიგოლ ვაშაძეს და მოვუწოდეთ ჩვენს მხარდამჭერებს ანალოგიური მხარდაჭერისკენ.

დღეს გამოვდივარ კონკრეტული ინიციატივით, რომ მეორე ტურის უკეთ მოსამზადებლად შეიქმნას ოპოზიციური პარტიების მეორე ტურის საკოორდინაციო შტაბი, სადაც ყველა ერთად კოორდინირებულად ვიმუშვებთ მეორე ტურისთვის მომზადებისა და გამარჯვებისთვის” ,- ამბობს ბაქრაძე.

დავით ბაქრაძის განცხადებით, ძალების გაერთიანებას არა მხოლოდ პრეზიდენტობის კანდიდატებს, არამედ ყველა პროევროპულ პარტიას სთავაზობს. მისი თქმით, ამ ინიციატივას უკვე შეუერთდა “რესპუბლიკური პარტია”.

ბაქრაძის ინიციატივას უერთდება პოლიტიკური გაერთიანება “ძალა ერთობაშია”. როგორც გაერთიანების წევრი გიორგი ვაშაძე ამბობს, გრიგოლ ვაშაძის შტაბი ყველა ტიპის კოორდინაციისთვის, მზადაა მათ შორის თანახმაა, ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო შტაბი შეიქმნას:

“აუცილებლად ამაზე გვექნება კონსულტაციები მათთანაც, სხვა პოლიტიკურ პარტიებთანაც, ვისთანაც პირდაპირი კომუნიკაცია გვაქვს უკვე და ვფიქრობთ, რომ დროა ყველა გავერთიანდეთ, ერთად დავდგეთ და საერთო გამაჯვება მოვიპოვოთ მეორე ტურში”, – ამბობს გიორგი ვაშაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი