ახალი ამბები

“კანდიდატი იმიტომ არ დავაყენეთ, რომ ხმები არ გაყოფილიყო” – “პატრიოტების” აღიარება?

29 ოქტომბერი, 2018 • 2438
“კანდიდატი იმიტომ არ დავაყენეთ, რომ ხმები არ გაყოფილიყო” – “პატრიოტების” აღიარება?

პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის ფრაქციის თავმჯდომარემ აღიარა, რომ პარტიის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის არმიღების ერთ-ერთი მიზეზი მმართველი გუნდის კანდიდატთან ხმების გაყოფის საშიშროება იყო.

ამის თაობაზე გიორგი ლომიამ პარლამენტის დღევანდელ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებზე კამათობდნენ. გიორგი ლომია ბიუროს სხდომაზე “ქართულ ოცნებას”აკრტიკებდა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის არაერთი მოწინააღმდეგე დღეს “ოცნების” საწინააღმდეგოდ მუშაობს იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა ენმ-ის მომხრე კადრები დააწინაურა და ა.შ.

ლომიას თქმით, პატრიოტთა ალიანსს აქვს თავისი შიდა კვლევები, რომლის მიხედვითაც “ქართულ ოცნებას” სალომე ზურაბიშვილზე მაღალი რეიტინგი აქვს. პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი “ოცნებას” ამ კუთხითაც აკრიტიკებდა და ურჩევდა, რომ კანდიდატის დასახელებამდე ჯერ შიდა კვლევები ან პრაიმერი ჩაეტარებინათ.

ამ დროს ლომიას კითხვა დაუსვა დეპუტატმა ენმ-დან რომან გოცირიძემ: რატომ არ დააყენა არჩევნებზე კანდიდატი პატრიოტთა ალიანსმა? რაზეც ამ უკანასკნელმა ასე უპასუხა:

“ჩვენ ზუსტად იმიტომ არ დავაყენეთ, რომ ხმების გაყოფა არ მომხდარიყო და თქვენ არ გაგემარჯვათ”, – უპასუხა ლომიამ გოცირიძეს.

“ამათ [ხელისუფლების] სასარგებლოდ?” – ჩაეკითხა მას გოცირიძე.

“არა, ქვეყნის სასარგებლოდ. მეორე – ვიცოდით, რომ მაქსიმალურად გაყალბდებოდა თქვენს მიერ არჩევნები, რომ ჩვენი კანდიდატი ბოლო ადგილას გასულიყო”, – თქვა ლომიამ გოცირიძის საპასუხოდ.

მისივე განმარტებით, პატრიოტთა ალიანსი და ხელისუფლება “ბუნებრივი პარტნიორები” არიან. ამოცანა კი ენმ-ის ხელისუფლებაში არდაბრუნებაა.

პატრიოტთა ალიანსი უახლოეს პერიოდში პოლიტსაბჭოს სხდომის ჩატარებასა და მეორე ტურთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებას გეგმავს.

როგორც ცნობილია, მიმდინარე არჩევნებზე პატრიოტთა ალიანსმა კანდიდატი არ დააყენა. მიზეზად კი ხარვეზიანი საარჩევნო სისტემა და პრეზიდენტის შეკვეცილი უფლებამოსილება დაასახელა.

ბრეგაძე, ბურჯანაძე და ინაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი